მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი ქრისტეფორე რომაელი
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი ქრისტეფორე რომაელი VI საუკუნეში ცხოვრობდა. იგი პალესტინაში, ღირსი თეოდოსის (ხსენება 11 იანვარს) მონასტერში შედგა ბერად. ამბა თეოდუეს მონათხრობები ღირსი ქრისტეფორეს შესახებ ჩართული კრებულში „ლიმონარი“.

ერთხელ ღირსი ქრისტეფორე იერუსალიმში ჩავიდა უფლის წმიდა საფლავისა და ცხოველმყოფელი ჯვრის თაყვანსაცემად. მისი ყურადღება მიიპყრო ტაძრის ბჭეებთან გაჩერებულმა ბერმა, რომლის პირისახის წინაც ორი ყვავი დაფრინავდა. ქრისტეფორემ გულისხმაჰყო, რომ ესენი ეშმაკები იყვნენ, რომლებიც ძმას საყდარში არ უშვებდნენ და ჰკითხა მას:

-„ბჭეებში რად დგეხარ, შიგ რატომ არ შედიხარ?“

- „მომიტევე, მამაო, - უპასუხა ბერმა, - ჩემში ორი აზრი ებრძვის ერთმანეთს; ერთი მეუბნება: მოდი, თაყვანი ეცი წმიდა ჯვარს; მეორე კი ამბობს, ნუ შეხვალ, ჯერ შენი საქმე აღასრულე, ჯვარს კი შემდეგაც შეგიძლია სცე თაყვანი“.

მაშინ ქრისტეფორემ ხელი ჩასჭიდა ბერს და საყდარში შეიყვანა. ყვავები უმალ გაქრნენ, ბერი კი სიწმიდეებს მიემთხვია და თაყვანი სცა.

ღირსი ქრისტეფორე ამას იმათ დასამოძღვრად ჰყვებოდა ხოლმე, ვინც არ იჩენს გულმოდგინებას ლოცვაში და ავიწყდება, რომ ჯერ სულიერი მსახურება უნდა აღასრულო, შემდეგ კი -  აუცილებელი საქმეები.

დღისით ღირსი ქრისტეფორე მორჩილების საქმეებს ასრულებდა მონასტერში, საღამოს კი მიდიოდა გამოქვაბულში, სადაც ადრე ღირსი თეოდოსი და სხვა მამები ლოცულობდნენ. მღვიმისაკენ მიმავალ ყოველ მეთვრამეტე საფეხურზე იგი ას მეტანიას აკეთებდა და ღამის უმეტეს ნაწილს ლოცვაში ატარებდა. ასეთ ღვაწლში გალია მან 18 წელი.

ერთხელ მღვიმეში წმიდანმა უამრავი კანდელი დაინახა, რომლებსაც ორი ნათელმოსილი ჭაბუკი ანთებდა.

- „რატომ დააწყვეთ აქ კანდელები ისე, რომ შიგ სალოცავად შესვლა არ შემიძლია?“ - ჰკითხა ქრისტეფორემ.

- „ეს იმ მამათა კანდელებია, რომლებიც ღმერთს ემსახურებიან“, - უპასუხეს ჭაბუკებმა.

- „მითხარით, ჩემი კანდელი ანთია თუ არა?“

- „ჩვენ დავანთებთ“, - იყო პასუხი.

მაშინ ნეტარმა მამამ გაიფიქრა: „ჰოი ქრისტეფორე, შენ კიდევ უფრო დიდი ღვაწლი უნდა იტვირთო, შენი კანდელი რომ აანთო!“

იგი დაუყოვნებლივ სინას მთის მონასტრისკენ გაეშურა ისე, რომ თან არაფერი წაუღია და იქ 50 წელი დაჰყო მძიმე და დაუცხრომელ ღვაწლში.

ბოლოს უფლის სათნომყოფელს ჩაესმა ხმა: „ქრისტეფორე! დაბრუნდი შენს მონასტერში, სადაც ადრე მოსაგრეობდი, რომ იქ შენს მამებთან განისვენო“.