მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა ალექსანდრე, იოანე და პავლე კონსტანტინოპოლელი პატრიარქები
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა ალექსანდრე, იოანე და პავლე კონსტანტინოპოლელი პატრიარქები, სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ, მაგრამ ყველა მათგანს მოუხდა ბრძოლა ერეტიკოსებთან, რომლებიც ამახინჯებდნენ ეკლესიის სწავლებას.

წმიდა ალექსანდრე (325-340 წწ.) ქორეპისკოპოსი იყო პირველი კონსტანტინოპოლელი პატრიარქის, მიტროფანეს (316-325 წწ.) დროს და პატრიარქის მხცოვანების გამო ცვლიდა მას არიანელთა წინააღმდეგ გამართულ I მსოფლიო კრებაზე ნიკეაში 325 წელს. სიკვდილის წინ მღვდელმთავარმა მიტროფანემ დაიბარა, კონსტანტინოპოლის კათედრაზე მისი ქორეპისკოპოსი აერჩიათ.

ამ ხანებში უწმიდეს პატრიარქ ალექსანდრეს უხდებოდა ბრძოლა არიანელებთან და კერპთაყვანისმცემლებთან. ერთხელ, ერთ წარმართ ფილოსოფოსთან კამათში, მღვდელმთავარმა მას მიმართა: „ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, დადუმდე!“ და უღმრთოს ენა წაერთვა. შემდეგ მან მიანიშნა, რომ აღიარებდა თავის ცდომას, მეტყველების უნარი დაუბრუნდა და სხვა წარმართ ფილოსოფოსებთან ერთად მოინათლა.

მღვდელმთავარ ალექსანდრეს ლოცვით ღვთის სასჯელი დაატყდა თავს ერეტიკოს არიოზს. მან მოჩვენებითი თანხმობა განაცხადა მართლმადიდებლებთან ურთიერთობაზე და კონსტანტინე დიდმა მისი მიღების დღეც დანიშნა. ნეტარი ალექსანდრე მთელი ღამე ლოცვად იდგა და უფალს შესთხოვდა, არ დაეშვა ერეტიკოსის თანაზიარება ეკლესიასთან.

დილით, როცა მეფის მრჩევლებითა და საჭურველთმტვირთველებით გარშემოტყმული არიოზი საზეიმოდ მიემართებოდა ეკლესიისკენ, უეცრად კონსტანტინეს მოედანზე სნეულებამ დარია ხელი, მუცელი გაუსკდა და შიგნეულობა გადმოუცვივდა.

უწმიდესი პატრიარქი ალექსანდრე 340 წელს მიიცვალა, 98 წლის ასაკში.

მღვდელმთავარი იოანე ამ დღის მსახურებაში განდიდებულია თავისი მმარხველობით, გლახაკთმოყვარეობით და სასწაულებით, ამიტომ ზოგიერთი მას აიგივებს იოანე მმარხველთან (582-595 წწ. ხს. 2 სექტემბერს). სხვა ვარაუდით ის არის იოანე კაბადოკიელი (518-520 წწ.). ან კიდევ პატრიარქი იოანე სქოლასტიკოსი (565-577 წწ.).

მღვდელმთავარი პავლე წარმოშობით კვიპროსიდან იყო. იგი ხატმბრძოლი იმპერატორის ლეონ IV ხაზარის მმართველობის (775-780 წწ.) დროს აღსაყრდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტახტზე 780-784 წლებში.

პავლე სათნოებებით უხვად შემკული, კეთილმსახური, მაგრამ გაუბედავი ადამიანი იყო. ხედავდა რა იმ ტანჯვა-წამებას, რასაც მართლმადიდებლები განიცდიდნენ ხატთაყვანისცემის წესის ერთგულებისათვის, ნეტარი მამა მალავდა თავის მართლმადიდებლურ სარწმუნოებას და ხატმბრძოლებთან ურთიერთობაში იმყოფებოდა.

იმპერატორ ლეონის სიკვდილის შემდეგ მას სურდა აღედგინა ხატთაყვანისცემა, მაგრამ ვერ შესძლო განზრახვის განხორციელება. მღვდელმთავარი მიხვდა, რომ ვერ შეეძლო სამწყსოს წინამძღვრობა, ნებით დატოვა კათედრა და ფლოროსის მონასტერს მიაშურა. მან შეინანა ხატმბრძოლებთან თავისი კავშირი და წამოაყენა წინადადება ამ ერესის დასაგმობად მსოფლიო VII კრების მოწვევის აუცილებლობის შესახებ.

საპატრიარქო ტახტზე წმიდა პავლეს შემდეგ, მისივე რჩევით, აღასაყდრეს მღვდელმთავარი ტარასი (784-806 წწ.), რომელიც იმჟამად მეფის მრჩეველი იყო.

 

პატრიარქ - სქიმოსანი 784 წელს მიიცვალა. მას ახალს უწოდებენ წმიდა პატრიარქ პავლე აღმსარებლისგან განსასხვავებლად ( რომელიც მოღვაწეობდა 350 წელს; ხსენება 6 ნოემბერს).