მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

თავისკვეთა წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემლისა იოანესი
#წმინდათა ცხოვრება

გალილეის მმართველმა, ჰეროდე ანტიპამ იოანე ნათლისმცემელი საპყრობილეში ჩააგდო. წმიდა წინასწარმეტყველი ჰეროდეს დაუფარავად ამხელდა კანონიერი ცოლის, არაბეთის მეფის, არეთას ასულის დაგდებასა და თავისი ძმის, ფილიპეს მეუღლესთან, ჰეროდიადასთან უკანონო თანაცხოვრების გამო (ლკ. 3,19-20).

ჰეროდემ თავის დაბადების დღეს დიდებულებს, ხუცესებსა და ათასისთავებს ვახშამი განუმზადა. ჰეროდიადას ასული სალომეა როკავდა სტუმრების წინაშე, რითაც ჰეროდეს დიდად ასიამოვნა. მოხიბლულმა მმართველმა ქალს ფიცით აღუთვა, რომ უბოძებდა ყველაფერს, რასაც ისურვებდა, თუნდაც ნახევარი სამეფო ყოფილიყო. ბილწმა მოცეკვავემ თავისი ბოროტი დედის, ჰეროდიადას შეგონებით, ლანგარზე დადებული იოანე ნათლისმცემლის თავი მოითხოვა.

ჰეროდე დამწუხრდა, ეშინოდა ღვთის რისხვისა იმ წინასწარმეტყველის მოკვლისათვის, რომელსაც ადრე თავადვე უსმენდა. ეშინოდა ხალხისაც, რომელსაც უყვარდა წინამორბედი უფლისა, მაგრამ არ ისურვა დაერღვია სტუმრების წინაშე დაუფიქრებლად მიცემული ფიცი და ბრძანა, წმიდანისათვის თავი მოეკვეთათ და სალომეასთვის მიერთმიათ.

გადმოცემით, სინანულის ქადაგის მოკვეთილი თავის ბაგეები კიდევ ერთხელ განიხვნა და წარმოთქვა: „ჰეროდე, შენ არ უნდა გესვას შენი ძმის, ფილიპეს ცოლი“. სალომეამ ლანგარი თავის დედასთან მიიტანა. გახელებულმა ჰეროდიადამ ნემსით დაჩხვლიტა წინასწარმეტყველის ენა და წმიდა თავი უწმინდურ ადგილას დაფლა. მაგრამ კეთილმსახურმა იოანამ, ჰეროდეს ეზოსმოძღვრის, ქოზას ცოლმა სიწმიდე ამოთხარა, თიხის ჭურჭელში ჩაასვენა და ელეონის მთაზე - ჰეროდეს ერთ-ერთ მამულში დაკრძალა. იოანე ნათლისმცემლის წმიდა გვამი კი მისმა მოწაფეებმა იმავე ღამეს მიაბარეს მიწას სებასტიაში.

წმიდა იოანეს მკვლელობის შემდეგ ჰეროდე რამდენიმე ხანს კიდევ აგრძელებდა მმართველობას. სახარებიდან ჩანს, რომ იუდეის მმართველმა, პონტოელმა პილატემ მასთან ბორკილდადებული იესო ქრისტე გაგზავნა, რომელიც შეურაცხჰყო თავად ჰეროდემაც და მისმა ხალხმაც.

ღვთის სამსჯავრო ჰეროდეს,  ჰეროდიადისა და სალომეასთვის მათი მიწიერი ცხოვრების დროსვე აღესრულა:

სალომეას აღსასრული: ზამთარში, მდინარე რიკორისზე გადასვლისას მას ყინული ჩაუტყდა და ქვეშ მოექცა. ყინულმა იგი ისე ჩაიჭირა, რომ ტანით წყალში იყო ჩაკიდული, თავი კი ყინულის ზემოთ ჰქონდა დარჩენილი. ასე ეკიდა მანამ, სანამ ბასრმა ყინულმა კისერი არ გადაჭრა. მისი გვამი ვერავინ იპოვა, ხოლო თავი კი, როგორც ოდესღაც წმიდა იოანე ნალისმცემლისა, ჰეროდესა და ჰეროდიადას მიუტანეს.

ჰეროდესა და ჰეროდიდას სასჯელი: არაბეთის მეფე არეთამ, თავისი ქალიშვილის შერცხვენისავის შური რომ ეძია, ჰეროდეს წინააღმდეგ გაილაშრა და დაამარცხა იგი. განრისხებულმა რომის იმპერატორმა გაიუს კალიგულამ (37-44 წწ.) ჰეროდე შეიპყრო და ჰეროდიადასთან ერთად ჯერ გალიაში, შემდეგ კი ესპანეთში გადაასახლა, სადაც ისინი უეცრად გაპობილ მიწაში დაინთქნენ.