მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამენი ადრიანე და ნატალია
#წმინდათა ცხოვრება

მოწამენი ადრიანე და ნატალია ახალგაზრდობაში შეუღლდნენ, წამებამდე სულ ერთი წლით ადრე. ისინი ბითვინიის ნიკომედიაში ცხოვრობდნენ იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის მმართველობის (305-311 წწ.) დროს.

ღვთისმოძულე ხელისუფალმა დაიწყო რა ქრისტიანთა დევნა, ჯილდოები აღუთქვა ყველას, ვინც მათ გასცემდა და სამსჯავროზე წარადგენდა. დაიწყო დასმენები. ერთი მოენის ცნობით, ნიკომედიის მახლობელ მღვიმეს შეხიზნული ოცდასამი ქრისტიანი შეიპყრეს. კერპთაყვანისცემაზე უარის თქმისათვის ისინი საშინლად აწამეს, შემდეგ კი სამსჯავრო პალატაში მიიყვანეს, რომ მათი ვინაობა დაედგინათ.

აღმსარებელთა საოცარი სიმტკიცით გაკვირვებულმა სამსჯავრო პალატის უფროსმა ადრიანემ მწერლებს მიმართა: „მეც ჩამწერეთ, რადგან ქრისტიანი ვარ და სიხარულით მოვკვდები ქრისტე ღმერთისათვის“. როცა მწერლებმა იმპერატორს მოახსენეს ამის შესახებ, მან თავისთან მოუხმო ერთგულ მოხელეს და უთხრა: „ნუთუ შენც შეიშალე და თავის დაღუპვა გსურს? წადი, ამოშალე სიიდან შენი სახელი, პატიება სთხოვე ღმერთებს და მსხვერპლი შესწირე!“ წმიდა ადრიანემ კი უპასუხა: „მე კი არ შევშლილვარ, გონს მოვედი“. მაშინ მაქსიმიანემ ბრძანა საპყრობილეში ჩაეგდოთ აღმსარებელი.

როცა მარტვილის მეუღლემ, ნატალიამ შეიტყო, რომ მისმა ქმარმა ქრისტე აღიარა, სიხარულით აღივსო, რადგან თავადაც ფარული ქრისტიანი იყო. მან საპყრობილეში მოინახულა და გაამხნევა ადრიანე: „ნეტარ ხარ შენ, უფალო ჩემო, რამეთუ ირწმუნე ქრისტე. დიდი საუნჯე მოგიგია. ნუ დაგენანება ნურაფერი მიწიერი: სილამაზე, სიყმაწვილე და სიმდიდრე - ყველაფერი მტვერი და ნაცარია, უფალს კი მხოლოდ სარწმუნება და კეთილი საქმეები სათნოეყოფა“.

სხვა პყრობილეთა თავდებით ადრიანე საპყრობილედან გაუშვეს, რომ მეუღლისათვის თავისი სიკვდილის დღე ეცნობებინა. ნატალიამ იფიქრა, რომ ის მაცხოვრის უარყოფის ფასად გაათავისუფლეს, მაგრამ ადრიანემ აუხსნა მეუღლეს ყველაფერი და აღსასრულის დღე აუწყა.

ადრიანე სასტიკად აწამეს. ნატალია განამტკიცებდა ქმარს, ევედრებოდა, ღვთის წინაშე პირველი ლოცვა მისთვის აღევლინა. მტარვალმა ბრძანა, ადრიანესა და სხვა მსჯავრდებულებისათვის გრდემლზე ხელ-ფეხი გადაემტვრიათ. უღმრთოებს სურდათ დაეწვათ მათი ცხედრები, მაგრამ საშინელი ჭექა-ქუხილი ატყდა და ღუმელში ცეცხლი ჩაქრა. ბევრი ჯალათი ემსხვერპლა მეხისტეხას.

მალე ლაშქრის ერთ-ერთმა ათასისთავმა იმპერატორისგან მომხიბლავ და მდიდარ ნატალიაზე დაქორწინების ნებართვა გამოითხოვა, მაგრამ ქვრივი ბიზანტიონში გაიხიზნა და მეუღლის წმიდა ცხედარიც თან წაასვენა. აქ მას ძილში წმიდა ადრიანე გამოეცხადა და აუწყა, რომ მალე მიიცვლებოდა. გადატანილი სატანჯველებით მოუძლურებული ქრისტეს ტარიგის სული, მართლაც მალე შეივედრა უფალმა - იგი მეუღლის ცხედარს დააკვდა.