მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მინა, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა მინა, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (536-552 წწ.) თავდაპირველად ხუცესად მსახურობდა კონსტანტინოპოლში და ღირსი სამსონ უცხოთშემწყნარებლის დავრდომილთა თავშესაფრის ზედამხედველი იყო იუსტინიანე I-ის (527-565 წწ.) ზეობისას. სათნოებებით უხვად შემკული, მართლმადიდებლობის მხნე აღმსარებელი მამა ერეტიკოს ანთიმოზის (535-536 წწ.) ჩამოგდების შემდეგ აღასაყდრეს კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტახტზე. ხელდასხმა აღასრულა იმ დროს კონსტანტინოპოლში მყოფმა რომის პაპმა აღაპიტემ (535-536 წწ.).

მღვდელმთავარ მინას პატრიარქობის დროს კონსტანტინოპოლში მოხდა სასწაული, რომელიც მთელ ქალაქში გახდა ცნობილი. ერთი ებრაელის ბავშვი ტაძარში შევიდა და ქრისტეს წმიდა ხორცსა და სისხლს ეზიარა. როცა ამის შესახებ მან სახლში მამას მოუთხრო, ეს უკანასკნელი საშინლად განრისხდა, ყრმა შეიპყრო და გავარვარებულ ღუმელში შეაგდო, მეუღლისათვის კი არაფერი უთქვამს.

სასოწარკვეთილი დედა სამი დღე ტირილით დაეძებდა ყრმას და ხმამაღლა უხმობდა, სანამ ბოლოს იგი გახურებული ქურიდან არ შეეხმიანა. დედამ იქიდან გაჭირვებით გამოიყვანა ბავშვი, რომელიც სრულიად უვნებელი აღმოჩნდა. ბიჭი ყვებოდა, ბრწყინვალე ქალბატონი მოდიოდა ჩემთან, ცეცხლის სიმხურვალეს განაქარვებდა და წყალსა და საზრდელს მიზიდავდაო.

ამის შესახებ მღვდელმთავარმა მინამ და წმიდა იუსტინიანე I-მა შეიტყვეს. დედა-შვილი მალევე მოინათლნენ, გულგაქვავებულმა მამამ კი, ამ დიდი სასწაულის მიუხედავად, რომლის მოწმეც თავად შეიქმნა, არ ისურვა ცოდვის მონანიება. მაშინ იმპერატორმა სამსჯავროს გადასცა იგი, როგორც საკუთარი შვილის მკვლელი და სიკვდილით დასაჯა მიუსაჯა.

პატრიარქი მინა 16 წელი ბრძნულად განაგებდა კონსტანტინოპოლის ეკლესიას. ყოვლადცნობილი წმიდა სოფიას ტაძარი სწორედ მისი პატრიარქობის დროს იკურთხა. წმიდა მღვდელმთავარი მშვიდობით მიიცვალა 552 წელს.