მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

მოციქული ტიტე სამოცდაათაგანი
#წმინდათა ცხოვრება

მოციქული ტიტე სამოცდაათაგანი კუნძულ კრეტაზე დაიბადა, დიდგვაროვან წარმართთა ოჯახში. სიჭაბუკეში იგი გულმოდგინედ ეუფლებოდა ელინურ ფილოსოფიასა და პოეზიას. მეცნიერებებში ჩაღრმავებული ტიტე სათნო ცხოვრებით ცხოვრობდა და შორს იდგა წარმართული ბიწოვნებისაგან და ვნებათაღელვისაგან; როგორც მღვდელმოწამე ეგნატე ღმერთშემოსილი (ხს. 20 დეკემბერს) გვამცნობს, მას ქალწულობა დაუმარხავს.

ოცი წლის ასაკში ნეტარს ძილში ჩაესმა ხმა, რომელმაც მოუწოდა, დაეტევებინა ელინური ამაობრძნობა და საცხოვნებელი სწავლება მოეძია. ამის შემდეგ მას ზეგარდმო მიენიშნა, ღვთის წმიდა წინასწარმეტყველთა წიგნებს გასცნობოდა. უფლის რჩეულს პირველად ესაიას წინასწარმეტყველების წაკითხვა მოუხდა.

როცა კრეტამდე მიაღწია ხმამ პალესტინაში გამოჩენილი დიდი წინასწარმეტყველისა და მის მიერ აღსრულებული სასწაულების შესახებ, კუნძულის მმართველმა, ტიტეს ღვიძლმა ბიძამ წმიდანი იერუსალიმში გაგზავნა - სურდა შეეტყო, რამდენად შეესაბამებოდა გაგონილი ამბები ჭეშმარიტებას. ეს წინასწარმეტყველი იყო თავად უფალი იესო ქრისტე, რომელმაც ხორცი შეისხა ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამისაგან და ამქვეყნად გარდამოხდა, რათა ადამიანთა მოდგმა პირველქმნილი ცოდვის ტყვეობისაგან გამოესყიდა.

იერუსალიმში ტიტემ საკუთარი თვალებით იხილა განკაცებული ღმერთი, მოისმინა მისი ქადაგება და ირწმუნა, რომ მის წინ აღთქმული მესია იდგა. ნეტარი მოწმე გახდა მაცხოვრის ჯვარზე ვნებისა და აღსრულებისა, მისი ბრწყინვალე აღდგომისა და ზეცად ამაღლებისა. სულთმოფენობის დღეს შემოკრებილ ხალხში მდგარ წმიდანს ესმოდა, თუ როგორ ალაპარაკდა სულიწმიდის მადლით თორმეტი მოციქული სხვადასხვა ენაზე (საქმე. 2,11).

წმიდა ტიტემ პავლე მოციქულის ხელით იღო ნათელი და მისი უახლოესი მოწაფე შეიქმნა. ტიტე სამოცდაათ მოციქულს შორის შეირაცხა და წმიდა პავლეს მიერ კრეტის ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული. დაახლოებით 65 წელს მოციქულთა თავმა სამოძღვრო ეპისტოლე გაუგზავნა თავის რჩეულს.

როცა პყრობილი პავლე რომში ჩაიყვანეს კეისრის სამსჯავროზე, წმიდა ტიტემ დროებით დატოვა ეპარქია და რომში ჩავიდა, რომ სულიერი მამისთვის სამსახური გაეწია; მისი მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ კი ნეტარი კრეტის მთავარ ქალაქ გორტინას დაუბრუნდა.

ერთხელ, ქალღმერთ დიანას დღესასწაულზე ტიტე წარმართებს შორის ქადაგებდა, როცა ნახა, რომ მას არავინ უსმენდა, მხურვალედ შესთხოვა უფალს, თვითონ დაერწმუნებინა გზაშეცდომილი ხალხი ცრუღმერთების უსუსურობაში. შემუსვრილი გულით აღვლენილი ლოცვა შესმენილ იქნა: დიანას კერპი ჩამოვარდა და ყველას თვალწინ ნამსხვრევებად იქცა. სხვა დროს მოციქულმა უფალს შესთხოვა, არ დაეშვა ზევსის მშენებარე წარმართული ტაძრის განსრულება და იგი მართლაც დაინგრა.

ნეტარმა ტიტემ სარწმუნოების ნათელი მოჰფინა გარემო ქვეყნებს და მიიცვალა ღრმა მოხუცებულობაში, 94 წლის ასაკში.