მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი სერაპიონ სასწაულთმოქმედი
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი სერაპიონ სასწაულთმოქმედი წარმოშობით იმერეთიდან იყო. „28 წლისამ დაუტევა სოფელი და ისწავა მორჩილმან უდაბნოისა ნათლისმცემლისა წერა და კითხვა... მოღვაწებასა მისსა ამსგავსებენ ძველთა თებაიდისა და პალესტინის მეუდაბნოეთა“.

მეფე თეიმურაზის დროს წმიდა სერაპიონი „ღირსი და ყოვლადსანატრელი მამა ჩვენი, კაცი ძლიერი საქმითა და სიტყვითა და უძლიერესი მოღვაწებითა, დიდად მმარხველი და მრავლად მლოცველი“. გარეჯის უდაბნოს წმიდა იოვანე ნათლისმცემელის მონასტრის წინამძღვრად დაუდგენიათ.

დიდ მმარხველსა და მლოცველ მამას ღვთისაგან სასწაულთქმედების ნიჭი ჰქონდა მიმადლებული. ერთხელ ღირსი სერაპიონი მონასტრის ძმებთან ერთად ქალაქში წავიდა საქმეზე. წინ მიმავალ მსახურებს, რომელთაც საღვთო მსახურებისათვის საჭირო ნივთები მიჰქონდათ, ავაზაკები შემოხვდნენ და ტვირთი მოსტაცეს. ისინი უკან გამოიქცნენ, და შეწუხებულებმა წინამძღვარს აუწყეს ყველაფერი. „დიდი არს ღმერთი, არ დავანებებ არაწმიდა წარმართებს სიწმიდეების მიტაცებას“, - თქვა სერაპიონმა, მოიმარჯვა კვერთხი და მარტო გამოედევნა მძარცველებს. ავაზაკებმა როგორც კი დაინახეს სერაპიონი, სახედარი ტვირთით იქვე დატოვეს და თვითონ კლდე-ღრეში მიიმალნენ. შემდგომ ავაზაკებს უთქვამთ: „ვინ იყო ის მონაზონი,  რომელიც ჩვენ გამოგვიდგა, რადგან ვნახეთ ცეცხლი, რომელიც მისი კვერთხიდან გამოდიოდა“. სხვა დროს ნეტარი სერაპიონი თავის სენაკში ლოცულობდა. მოულოდნელად გარეთ გამოვიდა, შეწუხებული და ძმებს უთხრა: „ვაი, ვაი, მონასტრის მსახურები ავაზაკებს გადაეყარნენ“. ეს თქვა და სენაკში შევიდა, დაახშო კარები და მხურვალე ლოცვა დაიწყო. ორიოდე საათის შემდეგ მონასტრის მსახურები შეწუხებულები მოვიდნენ და თქვეს, გზაზე ავაზაკები შეგვხვდნენ, ჩვენ ტვირთი სახედრებითურთ მივატოვეთ და გაქცევით ვუშველეთ თავსო. ცოტა ხნის შემდეგ დატვირთული სახედრებიც დაბრუნდნენ მონასტერში ადამიანთა თანხლების გარეშე. ღვთის მადლითა და სერაპიონის ლოცვით უვნებლად დაბრუნებული მსახურები ადიდებდნენ ღმერთს, რომელმაც მამა სერაპიონს დაფარული გამოუცხადა თავისი სიმდაბლისა და სიკეთისათვის.

„რამეთუ ესე ვითარი სიმდაბლე აქუნდა გულისა მაღალსა მას სათნოებითა მამასა სერაპიონს, რომელ იტყვის რა სოფელსა შინა თვისითა ხელითა მუშაკობდა ვენახსა მონასტრისასა და თვით ტვირთითა ჰკრებდა სკორესა ვენახისათვის. და დღესა ერთსა ეტვირთა რა გოდრითა სკორე სერაპიონს და მოუქუნდა ვენახად შეემთხვა კაცი ღმრთისა, წმიდა მღვდელმთავარი ნინი წმიდელი იოსებ, ჰუნესა ზედა მჯდომარე. ამან ღირსმან დადგა გოდორი იგი და იგი წმიდა გარდამოხდა ცხენისაგან, მეტყველი: „ნუ შრომასა შეიმთხვევ, მამაო წმიდაო“. ხოლო იგი იტყოდა: „რად არა  მოჰკუდები ფერხთა ქვეშე შენთა ყოვლად ნეტართა მახარებელთა მშვიდობისათა წმიდაო მეუფეო“. ურთიერთარს შეემთხვივნეს და მოწყლედ ამბორს - უყვეს საღმრთოითა სურვილითა და სიყვარულთა. და შემდგომად ამან წარიღო სკორე იგი ვენახად და წარემართა გზასა თვისსა.

და მიერითგან წმიდა იგი ეპისკოპოსი ილოცვიდა... მეტყველი... „წმიდა იგი სანატრელი მამა სკორესა ტვირთველი მუშაკობდა ძმათათვის, რომლისათვის იგი სიმდაბლით ამაღლდების ღრუბლითა სასუფეველად... ხოლო ოდეს მოხუცდა ნეტარი იგი მამა სერაპიონ დაუტევა სიმდაბლით წინამძღრობაი და აღირჩია დაყუდებაი... უმეტესად განამრავლა მარხვა და ლოცვა, რომელ ყოვლადვე საქმე მისი ლოცვა იყო მაღალხედვათა შინა შექცეულ“.

ერთხელ ღამის სამ საათზე სერაპიონი ეკლესიაში „ილოცვიდა ამაღლებულითა გონებითა... მივიდა ბერი ერთი მის ნეტარისა და აუწყა, ვითარმედ: „მამაო ყოვლადპატიოსანო, ძმა იგი უძლურ წარვალს უფლისად. და მამანი ყოველნი მუნ არიან და ხილვაი შენი ჰნებავს.“ ხოლო იგი ნეტარი ამაღლებულისა გონებითა იყო და სიტყუა არა მიუგო. და შემდგომად მცირედისა სხუა ბერი მივიდა და ჰრქუა: „მამაო წმიდაო, სარწმუნოდ უწყოდენ ღირსებამან შენმან, რომელ ძმა იგი მოკუდების.“ მაშინ ჰრქუა მან: „წარვედ შვილო, და მეცა მოვიდე“. და კუალად დაეყოვნა მას ლოცვასა შინა ერთი ჟამი ოდენ. და მოკვდა ძმა იგი უძლური თვინიერ ხილვისა მისისა. და ოდეს სრულ-ჰყო მან ლოცვაი, წარვიდა კვერთხითა თვისითა ნელიად მოხუცებული იგი მამა. და შეემთხვია ძმათაგანი და ჰრქუა: „ნუღარა მოშურები, მამაო, რამეთუ მოკუდა ძმა იგი. ესმა რა ესე სერაპიონსა, დიდად შეელმა გულსა მისსა. და უკუნ იქცა მოსწრაფედ ეკლესიასვე და შევიდა წმიდად საკურთხეველად. და დააგდო თავი თვისი წმიდისა ტრაპეზისა წინაშე და შუბლსა ქვეყანად სცემდას და მრავლითა გოდებითა იტყოდა, ვითარცა თვით ყოფილიყო მიზეზი სიკუდილისა მისისა. და ილოცა რა მყოვარ ჟამ და მოიღო ღმრთისა მიერ მადლი გულსავსების, წარვიდა სენაკად მიცვალებულუსა მისსა. და იგინი განამზადებდეს წესისაებრ დამარხვად. შევიდა იგი ნეტარი აღდუღებულის გულითა და ხმა-უყო სახელდებით მკუდარსა მას“. მოხდა სასწაული - გარდაცვლილი მონაზონი გაცოცხლდა და კიდევ ერთი წელი იცოცხლა წმიდა სერაპიონის ლოცვით.

„და ოდეს მიიწია ნეტარი ესე მამა სიღრმედ სიბერისა  მრავალთაგან მოღვაწებათა ფერხნი მისნი მოუძლურდეს და არღარა ძალ-ედევა ზე დგომაი, არამედ ჯდომითა და წოლვით ილოცვიდა მარადის ღმრთისა მიმართ... წინასწარმცნობელობისა მადლითა განათლებული სერაპიონი მივიდა მონასტრის წინამძღვარ სვიმეონთან და თვალცრემლიანმა უთხრა: „ჰოი სასურველო მამაო, მიომცენ ხელნი ეგე წმიდანი, რათა ამბორს-უყო, რამეთუ მსუროდა რათამცა ამათ ხელთა მიერ წმიდათა მიცემულ ვიყავ დაძველებული ესე მიწაი მიწისა და აწ უწინარე ჩემსა შენ წახვალა ნეტარ საუკუნიდ ცხოვრებად? წარხვალ შენ, მამაო გარნა არცა მე დავარგრე აქა თვინიერ შენსა, არამედ მოსწრაფედ შეგიდგეს და მიგდევდეს შემდგომად შენისა ღირსებისა სული ჩემი“. ესრეთ ლმობიერითა ცრემლითა ამბორს-უყვეს ურთიერთას სანატრელთა მათ ამბორისყოფითა უკანასკნელითა“. წინამძღვრის გარდაცვალების ერთი კვირის შემდეგ გარდაიცვალა სერაპიონიც „და დამარხედ მრავალმოღუაწე გუამი მისი საფლავსა მას შინა, რომელიცა თვით განემზადა სიმდაბლით ეკლესიისა კარიბჭეთა შორის, რომელ ყოველსავე ეკლესიად შესვლად მნებებელსა ვერვის ძალედვას საფლავი მისი სრულსა სიმდაბლისათვის მისისა“. ნეტარ სერაპიონს კელიაში ორი მტრედი ჰყავდა, რომლებიც წმიდანის ხელიდან იკვებებოდნენ. სერაპიონის გარდაცვალების შემდეგ მტრედებიც გაფრინდნენ და უკან არ დაბრუნებულან.

სერაპიონი „რომელმანცა მაღალითა სიწმიდითა განატარა ქვეყნიერი ესე ცხოვრებისა სარბიელი“ მშვიდობით მიიცვალა 1757 წლის 25 აგვისტოს.