| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა კალინიკე
#წმინდათა ცხოვრება წმიდა კალინიკე, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (693-705 წწ.) თავდაპირველად ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრის ხუცესი იყო. 693 წელს კი, პატრიარქ პავლეს (686-693 წწ.) მიცვალების შემდეგ, კონსტანტინოპოლის ეკლესიის მესაჭეობა მიანდეს. ამ დროს ბიზანტიაში მეფობდა სისასტიკით ცნობილი იუსტინიანე II (685-695 წწ.). მან ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მახლობლად სასახლის აშენება გადაწყვიტა და კალინიკეს უბრძანა, ამ ტაძრის დანგრევაზე მიეცა კურთხევა. წმიდა მამამ უპასუხა, მე მხოლოდ ტაძრების აშენებისთვის ვლოცულობ და არა მათი შემუსვრისთვისო. საყდარი მაინც დაარღვიეს. მალე იუსტინიანეს ღვთის რისხვა დაატყდა თავს: იგი ტახტიდან ჩამოაგდეს და გადაასახლეს ხერსონში. ამის შემდეგ ტახტზე ავიდა იმპერატორი ლეონ II. ათი წლის შემდეგ იუსტინიანე საპყრობილედან გაიქცა, ლაშქარი შეჰყარა და კონსტანტინოპოლს მიადგა. მან პატრიარქსა და იმპერატორს აღუთქვა, რომ ქალაქში შესვლისას არავის ავნებდა და ჯვარზე, სახარებაზე და წმიდა საიდუმლოებებზე დაიფიცა, მაგრამ, როცა კონსტანტინოპოლში შეაღწია, წარჩინებულ მოქალაქეთა და ხალხის ხოცვა-ჟლეტა დაიწყო, იმპერატორს კი თავი მოჰკვეთა. მღვდელმთავარი კალინიკე მისი ბრძანებით შეიყრეს, თვალები დასთხარეს, ენა მოაჭრეს და რომში ქვითკირის კედელში ცოცხლად ჩააშენეს. 40 დღის შემდეგ კედელი ჩამოირღვა და წმიდა მამა ჯერ ისევ ცოცხალი, მაგრამ უკვე სულთმობრძავი იპოვეს. იგი ოთხი დღის შემდეგ მიიცვალა (705 წელს). რომის პაპს, იოანე VI-ს (701-705 წწ.) ძილში წმიდა პეტრე და პავლე მოციქულები გამოეცხადნენ და უბრძანეს, მოწამეობრივად აღსრულებული პატრიარქი კალინიკე რომში, მოციქულთა დიდებულ ტაძარში დაეკრძალათ. |