მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

მღვდელმოწამე ირინეოს ლიონელი
#წმინდათა ცხოვრება

მღვდელმოწამე ირინეოს ლიონელი 130 წელს დაიბადა ქალაქ სმირნაში. აქვე მიიღო მან ბრწყინვალე განათლება: დაეუფლა პოეზიას, ფილოსოფიას, რიტორიკასა და სხვა მეცნიერებებს. ქრისტიანული მოძღვრების ჭეშმარიტებებში იგი მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის მოწაფემ, მღვდელმთავარმა პოლიკარპე სმირნელმა (ხს. 23 თებერვალს) განსწავლა. მანვე მონათლა ჭაბუკი, ხუცესად აკურთხა და გალიის ქალაქ ლუგდუნში (დღევანდელი ლიონი - საფრანგეთი) გაგზავნა მღვდელმთავარ პოთინესთან.

მალე ირინეოსს საპასუხისმგებლო დავალება მიეცა - აღმსარებლებმა რომის პაპ ელეფთერს (177-190 წწ.) მისი ხელით ეპისტოლე გაუგზავნეს. წმიდანის არყოფნაში ყველა გამორჩეული ქრისტიანი საპყრობილეში ჩაყარეს.

178 წელს, ეპისკოპოს პოთინეს მოწამეობრივი აღსასრულიდან ერთი წლის შემდეგ ნეტარ ირინეოსს ქალაქ ლუგდუნის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. „მოკლე ხანში, - წერდა წმიდანის შესახებ მღვდელმთავარი გრიგოლ ტურელი, - თავისი ქადაგებით მან მთელი ლუგდუნი ქრისტიანულ ქალაქად აქცია!“

იმპერატორ სეპტიმიუს სევერუსის (193-211 წწ.) ზეობის დროს, 202 წელს ჭეშმარიტი სარწმუნოების აღსარებისათვის მღვდელმთავარ ირინეოსს თავი მოჰკვეთეს.