მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

მღვდელმოწამენი: ემილიანე ეპისკოპოსი და მასთან ერთად ილარიონი და ერმიპე
#წმინდათა ცხოვრება

მღვდელმოწამენი: ემილიანე ეპისკოპოსი და მასთან ერთად ილარიონი და ერმიპე დაიბადნენ და ცხოვრობდნენ სომხეთში. მშობლების სიკვდილის შემდეგ ძმებმა ემილიანემ, დიონისემ და ერმიპემ მოძღვართან - ილარიონთან ერთად დატოვეს სამშობლო და იტალიაში წავიდნენ.

აქ ემილიანე დაუცხრომლად ქადაგებდა სახარებას წარმართთა შორის. მან თავისი მკაცრი, კეთილმსახური ცხოვრებით ქრისტიანული თემის ღრმა პატივისცემა დაიმსახურა და ქალაქ ტრებიის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. ქიროტონია აღასრულა რომის პაპმა მარცელინემ.

ტრებიაში გადასახლებული მღვდელმთავარი მრავალ უღმრთოს აყენებდა ცხონების გზაზე, რისთვისაც შეიპყრეს და იმპერატორ მაქსიმიანეს (284-305; 307-310 წწ.) სამსჯავროზე წარადგინეს. ემილიანემ ხელისუფალს შესთავაზა, თვითონ დარწმუნებულიყო ქრისტესადმი აღვლენილი ლოცვის ძალაში. მოიყვანეს დავრდომილი, რომელიც დიდი ხნის წინ მიჯაჭვოდა სარეცელს. ქურუმები ბევრს ეცადნენ მის განკურნებას, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. მაშინ ემილიანემ ილოცა და ქრისტეს სახელით წამოდგომა უბრძანა სნეულს. ისიც, სრულიად გამოჯანმრთელებული, წამოდგა და სიხარულით გაიქცა სახლისაკენ.

ეს სასწაული იმდენად დამაჯერებელი იყო, რომ იმპერატორმა ქრისტიანული სარწმუნოებისკენ იწყო გადადრეკა, მაგრამ მოგვებმა დაარწმუნეს, მღვდელმთავარი ჯადოსნობით მოქმედებსო.

მოწამე ბორბალზე დააკრეს, ადუღებულ კალაში ჩააგდეს, მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ იგი უვნებელი დარჩა. საკვირველი სახილველებით შეძრული ხალხი ყვიროდა: „დიდია ღმერთი ქრისტიანეთა! განთავისუფლდეს მისი მონა!“ ამ დღეს ათასმა კაცმა ირწმუნა ქრისტე და მოწამის გვირგვინით შემკული შეერთო სასუფეველს.

გონდაკარგულმა მტარვალმა ბრძანა, ის მხეცებიც დაეხოცათ, რომლებმაც მღვდელმთავარს პირი არ დააკარეს, ემილიანე კი მადლობდა უფალს იმის გამო, რომ გარეული ცხოველებიც ქრისტეს სადიდებლად იღუპებოდნენ. წმიდა ემილიანე ძმებთან და მოძღვართან ერთად საპყრობილეში ჩაყარეს. ილარიონს, დიონისეს და ერმიპეს წამების შემდეგ თავი მოჰკვეთეს. ემილიანე ქალაქგარეთ დასაჯეს სიკვდილით.

როცა ჯალათმა ნეტარს ქედზე მახვილი დაჰკრა, იგი ცვილივით გაიღუნა და უფლის რჩეულს ზიანი ვერ მიაყენა. მხედრები ფეხებში ჩაუვარდნენ წმიდა მამას, შენდობა სთხოვეს და ქრისტე აღიარეს ჭეშმარიტ ღმერთად. მღვდელმთავარმა ემილიანემ მუხლმოყრილმა ილოცა მათთვის და უფალს შესთხოვა, მოწამეობრივი აღსასრულის ღირსი გაეხადა. წმიდანის ვედრება შესმენილ იქნა: მეორე ჯალათმა მას თავი მოჰკვეთა. ჭრილობიდან გადმომსკდარი რძის დანახვაზე მრავალმა წარმართმა ირწმუნა ქრისტე მაცხოვარი. ნეტარი მარტვილის პატიოსანი ცხედარი მათ კრძალვით მიაბარეს მიწას დაახლოებით 300 წელს.