მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

მოწამენი ფლოროსი და ლავროსი
#წმინდათა ცხოვრება

მოწამენი ფლოროსი და ლავროსი ღვიძლი ძმები იყვნენ. ისინი ჯერ II საუკუნეში ცხოვრობდნენ ჯერ ბიზანტიაში, შემდეგ კი - ილირიაში (დღევანდელი ხორვატია). ძმები ქვისმთლელობას მისდევდნენ, ეს ხელობა მათ ქრისტიანების, პროკლესა და მაქსიმესგან შეითვისეს, მათგანვე ისწავლეს ღვთივსათნო ცხოვრებაც.

ილირიის მმართველმა ლიკაონმა ფლოროსი და ლავროსი მეზობელ ოლქში გაგზავნა წარმართული ტაძრის მშენებლობაზე. წმიდანები შრომაში აღებული საზღაურის უმეტეს ნაწილს გლახაკებს ურიგებდნენ, თვითონ კი მხოლოდ აუცილებლით კმაყოფილდებოდნენ, მკაცრად მარხულობდნენ და ლოცულობდნენ.

ერთხელ მშენებლობაზე ადგილობრივი ქურუმის, მამერტის ვაჟი მოვიდა. მას გაუფრთხილებლობის გამო თვალში ქვის ნამცეცი მოხვდა და ძლიერ დაუზიანდა. ფლოროსმა და ლავროსმა განრისხებული მამა დაამშვიდეს და დააიმედეს, ჭაბუკი კი თავისთან წაიყვანეს და ქრისტიანული მოძღვრების ჭეშმარიტებებში დამოძღვრეს. როცა სნეულმა ირწმუნა ქრისტე,  წმიდა ძმებმა ილოცეს და ყმაწვილს დაზიანებული თვალი გაუმრთელდა. ამ სასწაულის მხილელმა ქურუმმაც მთელ სახლეულთან ერთად ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი, მათ სხვებმაც მიბაძეს... მორწმუნეთა რიცხვი ყოველდღე იზრდებოდა, და როცა ტაძრის მშენებლობა დასრულდა, მასში უკვე 300-მდე ქრისტიანმა მოიყარა თავი.

მაცხოვრის მსასოებლებმა შემუსრეს კერპები, საყდრის აღმოსავლეთ ნაწილში კი ჯვარი აღმართეს. შემდეგ ისინი, ზეციური ძალით გაბრწინებულები, მთელი ღამე ლოცულობდნენ. როცა მომხდარის შესახებ შეიტყო, ოლქის მმართველმა სიკვდილი მიუსაჯა ქურუმყოფილ მამერტის ძეს და სხვა სამასი ქრისტიანითურთ. ფლოროსი და ლავროსი თავად ლიკაონთან გაგზავნეს, მან კი ამომშრალ ჭაში ჩაყარა მარტვილები და ცოცხლად დამარხა. მრავალი წლის შემდეგ მოწამეთა ცხედრები უხრწნელად იქნა აღმოყვანებული. ისინი კონსტანტინოპოლში გადააბრძანეს.