მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

მოწამე პატროკლე
#წმინდათა ცხოვრება

მოწამე პატროკლე ცხოვრობდა იმპერატორ ავრელიანეს მმართველობის (270-275 წწ.) დროს. ცნობილია, რომ იგი წარმოშობით ქალაქ ტრიკასინიდან (დღევანდელი ტრუა-საფრანგეთში) იყო. უფალმა იგი სასწაულქმედების ნიჭით დააჯილდოვა.

იმპერატორმა ავრელიანემ თავისთან მოუხმო წმიდანს და კერპების თაყვანისცემა მოსთხოვა, სანაცვლოდ კი დიდი პატივი და ჯილდოები აღუთქვა. ზეციური დიდების მოსურნე წმიდანმა იმპერატორს მიმართა: „მე ქრისტიანი ვარ და კერპებს მსხვერპლს არ შევწირავ, არც შენ შეგიძლია, გლახაკს, მე რამე შემომთავაზო“.

„როგორ მიწოდებ ქვეყნის გამგებელ იმპერატორს გლახაკს?“ - განრისხდა ავრელიანე.

ნეტარმა მიუგო: „შენ დიდი მიწიერი საგანძურის მფლობელი ხარ, მაგრამ არ გაგაჩნია ზეციური საუნჯე, რადგან არა გწამს ქრისტე და საუკუნო ცხოვრებაში საუკუნო ნეტარებას ვერ დაიმკვიდრებ, - ამიტომ ხარ გლახაკი“.

ურჩობისა და კადნიერებისათვის თვითმპყრობელმა თავის მოკვეთა მიუსაჯა მარტვილს. მხედრებმა მდინარე სეკვანის (დღევანდელი სენა) ნაპირზე გაიყვანეს იგი, მაგრამ უეცრად თვალთ დაუბნელდათ. პატროკლე ამასობაში წყალზე გადავიდა და მეორე ნაპირზე ლოცვა დაიწყო. წმიდანის გაქრობით გაოცებულმა ზოგიერთმა მეომარმა ადიდა ღმერთი, სხვებმა კი სასწაული ჯადოქრობას მიაწერეს.

ერთმა წარმართმა ქალმა აუწყა მხედრებს, რომ პატროკლე მეორე ნაპირზე იმყოფებოდა. უღმრთოებმა გადალახეს მდინარე და უფლის რჩეული სიცოცხლეს გამოასალმეს (დაახლოებით 275 წელს). მისი სხეული მღვდელმთავარმა ევსებიმ და დიაკონმა ლიბერიუსმა  ღამით პატივით მიაბარეს მიწას.