| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
სიონობა
#წმინდათა ცხოვრება სახელი სიონი იერუსალიმში არსებული მთის სახელიდან მომდინარეობს. იგი ებრაელთა სიტყვაა და მზიანს ნიშნავს. სიონის მთაზე არიან დასაფლავებულნი მეფე დავითი და ძე მისი სოლომონი, მაცხოვარმა ამ მთაზე შეასრულა საიდუმლო სერობა, ხოლო ჯვარცმის შემდეგ, მკვდრეთით აღდგომილი, აქ ორჯერ გამოეცხადა თავს მოწაფეებს. აქვე იდგა იოანე ღვთისმეტყველის სახლი, სადაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა გაატარა სიცოცხლის ბოლო წლები. საქართველოში სიონის სახელწოდების მრავალი ტაძარი არსებობს და ყველა ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა, მათგან განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარი. თბილისის სიონის მშენებლობა VI საუკუნეში დაიწყო და VII საუკუნის ოციან წლებში დასრულდა ადარნასეს ერისმავრობისას. ამ დროისთვის იერუსალიმის სიონის მთაზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი უკვე აგებლი იყო. სიონის საკათედრო ტაძრი საქართველოს მტრებს მრავალგზის დაურბევიათ და დანგრევიათ, მაგრამ ყოველ ნგრევას აღდგენა-განახლება მოჰყვებოდა. 1226 წელს ხვარაზმის მბრძანებელმა ალალ-ელ-დინმა თბილისი აიღო, სიონის გუმბათი მოახსნევინა, ზედ ტახტი დაადგმევინა და აქედან ადევნებდა თვალს იმ ქარველებს, რომლებიც მეტეხის ხიდზე დასვენებული ღვთისმშობლისა და მაცხოვრის ხატების შეურაცხყოფაზე უარს აცხადებდნენ. XIV საუკნის ბოლოს ტაძარი თემურ-ლენგმა შემუსრა, მაგრამ XV საუკუნეში კვლავ განაახლეს. XVIII საუკუნეში თურქებს სიონის მეჩეთად გადაკეთება უცდიათ, მაგრამ, ღვთის შეწევნით, უსჯულო განზრახვა ვერ აღასრულეს. ასეთი ავბედითი გზებით მოაღწია ტაძარმა დღემდე. თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში დიდი სიწმიდეები ინახება: მაცხოვრის სამსჭვალი, წმიდა ნინოს ჯვარი, თომა მოციქულის თავის ქალა, წმიდა დავით გარეჯელის მიერ იერუსალიმიდან ჩამოტნილი მადლის ქვა... აქ განისვენებენ საქართველოს პატრიარქები, მათ შორის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი ხელაია. აქვეა დაფლული დიდი მღვდელმთავარი იოანე მანგლელი. |