| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა ნიფონტი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი
#წმინდათა ცხოვრება წმიდა ნიფონტი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი წარმოშობით საბერძნეთიდან იყო. იგი ეპიდავრიონში აღიკვეცა. მოძღვრის გარდაცვალების შემდეგ ნეტარი ათონის მთაზე მოსაგრეობდა და წიგნების გადაწერით იყო დაკავებული. სხვადასხვა დროს მას ეპყრა: თესალონიკის მიტროპოლიტის, კონსტანტინოპოლის პატრიარქის, ვლახეთის მღვდელმთავრის საყდრები. უსჯულოების მხილებისთვის ეპარქიიდან განდევნილმა წმიდა მამამ კვლავ ათონს მიაშურა: ჯერ ვათოპედის მონასტერში იღწვოდა, შემდეგ კი - იოანე ნათლისმცემლის შობის სავანეში (დიონისეს მონასტერში). მან დამალა თავისი ხარისხი და ყოველთვის უმდაბლეს მორჩილების საქმეებს ასრულებდა. უფალმა გამოცხადებით ამცნო ბერებს მისი ვინაობა. ერთხელ, როდესაც შეშის შესაგროვებლად ტყეში წასული წმიდანი მონასტერში ბრუნდებოდა, ძმები წინ გამოეგებნენ მას და ზეიმით შეხვდნენ, როგორც პატრიარქს. მღვდელმთავარი ნიფონტი შემდგომშიც არაფრით გამოირჩეოდა სხვა ბერებისგან: თანასწორად იზიარებდა მათი შრომის სიმძიმეს. წმიდა მამა 1460 წლის 11 აგვისტოს გარდაიცვალა, 90 წლის ასაკში. |