მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

მოწამე სოსანა ქალწული
#წმინდათა ცხოვრება

მოწამე სოსანა ქალწული, იმპერატორ დიოკლიტიანეს (284-305 წწ.) ნათესავის, რომაელ ხუცესის, გაბიანეს ერთადერთი ასული იყო. მშობლებმა ნეტარი კეთილმსახურებით აღზარდეს და სხვადასხვა საერო მეცნიერებებშიც ღრმად განასწავლეს. როცა მრავალი სათნოებით შემკული, ბრძენი და მშვენიერი ქალწულის ქებამ იმპერატორის ყურამდე მიაღწია, მან გადაწყვიტა, მაქსიმიანე გალერიუსისთვის (სხვა ცნობით - თავისი თანამმართველის - მაქსიმიანე ჰერკულესისთვის) მიეთხოვებინა წმიდანი, რაზეც ქალწულმა უარი განაცხადა, რადგან სიყმაწვილიდანვე უფლისთვის ჰქონდა თავი განკუთვნილი.

დიოკლიტიანემ ურჩია მაქსიმიანეს ძალა ეხმარა ქალწულზე. ბილწი ვნებებით აღძრული მაქსიმიანე ღამით მივიდა ნეტართან, არ დაერიდა ლოცვად შემდგარს, და ეცადა მიახლებოდა, მაგრამ წმიდა სოსანას თავზე ბრწყინვალე უფლის ანგელოზის გამოცხადებამ ისე დააფრთხო, რომ მყისვე გამოვარდა ოთახიდან, სასახლეში მიირბინა და დიოკლიტიანეს ამცნო ნანახი. უღმრთომ კერპების თაყვანისცემა მოსთხოვა ნეტარს და როცა პასუხად მტკიცე უარი მიიღო, ჯერ არგანებით დაუნდობლად გვემა, შემდეგ კი მახვილით განგმირა.

სოსანას მოწამეობრივი აღსასრულიდან მცირე ხნის შემდეგ ქრისტესთვის მოწამეობრივად აღესრულნენ წმიდანის მამა გაბიანე და ბიძა, რომის პაპი გაიოზი (283-296).

წმიდა კლავდიოსი და მისი ძმა, მაქსიმე დიოკლეტიანეს ახლო ნათესავები იყვნენ. ძმებმა გაბიანეს კეთილმსახურ ოჯახთან ურთიერთობისას შეიცნეს ჭეშმარიტი ღმერთი და კლავდიოსის მეუღლესთან, პრეპედიგნასთან და ძეებთან, ალექსანდრესა და კუფესთან ერთად ნათელიღეს. ღვთისმოძულე თვითმპყრობელმა შეიპყრო ისინი და რომის მახლობლად, ოსტიაში გადაასახლა. აქ მტარვალებმა ცეცხლში დაწვეს ნეტარები და ფერფლი ზღვას გაატანეს.

 

ნეტარი სოსანასა და მისი მამის უხრწნელი ნაწილები რომში, წმიდა ქალწულმოწამის სახელობის ტაძარშია დაცული; წმიდა პაპის, გაიოზის ნაწილებიც რომში, მისივე სახელობის ტაძარში განისვენებს.