| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
მოწამენი: იულიანე, მარკიანე, იოანე, იაკობი, ალექსი, დიმიტრი, ფოტიოსი, პეტრე, ლეონტი, მარიამ პატრიცია, პროტოსპატარი გრიგოლი
#წმინდათა ცხოვრება მოწამენი: იულიანე, მარკიანე, იოანე, იაკობი, ალექსი, დიმიტრი, ფოტიოსი, პეტრე, ლეონტი, მარიამ პატრიცია, პროტოსპატარი გრიგოლი და სხვები ხატთა თაყვანისცემისათვის ეწამნენ 730 წელს, იმპერატორ ლევონ ისავრიელის მმართველობის (717-741 წწ.) დროს. უღმრთო თვითმყრობელმა კათედრიდან გააძევა პატრიარქი გერმანე (715-730 წწ.), მის ნაცვლად კი ხატმბრძოლი ანასტასი (730-753 წწ.) აღასაყდრა. კონსტანტინოპოლში კონსტანტინე დიდის (306-337 წწ.) დროიდან აღმართული იყო სპილენძისაგან გაკეთებული მაცხოვრის სასწაულმოქმედი ხატი. იმპერატორმა ლეონმა და ხატმებრძოლმა პატრიარქმა ანასტასიმ მისი მოხსნისა და დამხობის განკარგულებაც გასცეს. ერთმა მხედარმა კიბე მიადგა კედელს ბრძანების შესასრულებლად. დიდებული ქალბატონი მარიამ პატრიცია გამოეყო შეკრებილთ, მას სხვებიც მიჰყვნენ, მიეჭრნენ კიბეს და ზღუდეს მოაცილეს, რომ მკრეხელისათვის სიწმიდესთან შეხების ნება არ მიეცათ. მეომარი ჩამოვარდა და სასიკვდილოდ დაშავდა. ეს მოხდა 730 წლის 19 იანვარს. ხატის დაცვაში მონაწილეობდნენ პროტოსპათარი (მხედართმთავარი) გრიგოლი, ქალწული თეოდოსია (ხს. 29 მაისს) და სხვები. როცა იმპერატორმა შეიტყო მომხდარი, იქვე ამოჟლიტა მართლმორწმუნეები. მოწამეობრივად აღესრულა პროტოსპათარი გრიგოლიც. ზოგიერთი მართლმადიდებელი დიდგვაროვანთა წრიდან - იულიანე, მარკიანე, იოანე, იაკობი, ალექსი, დიმიტრი, ლეონტი, ფოტიოსი და პეტრე - საპყრობილეში გამოამწყვდიეს. აქ მარტვილებს რვა თვის მანძილზე ყოველდღიურად მათრახის ხუთასი დარტყმით სჯიდნენ. ბოლოს, იმპერატორის ბრძანებით, მათ თავები მოჰკვეთეს. წმიდა მარიამ პატრიცია არ იყო პყრობილთა შორის. მაგრამ, როცა შეიტყო, რომ უფლის რჩეულებს სიკვდილით დასჯა გადაუწყვიტეს, ნებით გამოცხადდა სამსჯავროზე. წმიდათა ცხედრები კონსტანტინოპოლში დაკრძალეს. 139 წლის შემდეგ მოხდა მათი უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება. მოწამე ანტონი ქალაქ ალექსანდრიაში დაიბადა. ჭეშმარიტი სარწმუნების აღსარებისათვის ნეტარი ხეზე დაკიდეს, საშინლად აწამეს, შემდეგ კი ცეცხლში დაწვა მიუსაჯეს. როცა ცეცხლი ჩაიფერფლა, გამოჩნდა მარტვილის სრულიად უვნებელი ცხედარი. ნეტარის მოღვაწეობისა და აღსასრულის ჟამი უცნობია. |