| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
მოციქული მატათი
#წმინდათა ცხოვრება მოციქული მატათი, იუდას ტომის ჩამომავალი, ბეთლემში დაიბადა. იგი ადრეული სიყმაწვილიდანვე წმიდა სვიმეონ ღვთისმიმრქმელმა (ხს. 3 თებერვალს) აღზარდა და ღრმად განასჭავლა საღვთო წერილში. როდესაც უფალმა იესო ქრისტემ ქვეყანას განუცხადა საკუთარი თავი, მატათამ ირწმუნა იგი, როგორც აღთქმული მესიისა და ძე ღვთისა, ერთ-ერთ ერთგულ მოწაფედ იქცა. მაცხოვარმა ნეტარი იმ 70 მოწაფეს შორის გამოარჩია, რომლებიც „წარავლინნა... ორ-ორი წინაშე მისსა ყოველსა ქალაქებსა და დაბნებსა, ვიდრეცა ეგულებოდა მას მისლვად“ (ლკ. 10,1); იესო ქრისტეს ამაღლების შემდეგ კი მოციქულებმა მატათა კენჭისყრით ათორმეტთა შორის აღრაცხეს იუდა ისკარიოტელის ნაცვლად (საქმე; 1,15-26). სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ წმიდანი უფლის სხვა მოწაფეებთან ერთად იუდეასა და იერუსალიმში ქადაგებდა სახარებას (საქმე; 6,2-8;12); იერუსალიმიდან მატათემ პეტრე და ანდრია მოციქულებთან ერთად სირიის ანტიოქიას მიაშურა, იყო კაბადოკიის ქალაქ ტიაში და სინოპშიც. აქ იგი საპყრობილეში ჩააგდეს, საიდანაც ანდრია პირველწოდებულმა სასწაულებრივად გაათავისუფლა. ამის შემდეგ წმიდანმა პონტოს ნაპირას მდებარე ქალაქ ამასიაში იქადაგა. წმიდა ანდრიას მესამე მოგზაურობის დროს მატათა მოციქული მას ახლდა ედესასა და სებასტიაში. ანდრია პირველწოდებულთან და სვიმეონ კანანელთან ერთად ყოფილა იგი საქართველოშიც. „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით „დიდებული ანდრია სხუათა მათ თანა მოციქულთა, მოვიდოდეს ქალაქითი-ქალაქად და სოფლითი-სოფლად, ასწავებდეს ერთა და იქმოდეს სასწაულთა და ესრეთ მიიწივნეს ქუეყანასა ქართლისასა“. შემდეგ მათ ქადაგებით მოუვლიათ „ტაოს კერძო ქუეყანა... მდინარედ ჭოროხამდე, ყოველი იგი სოფლები მის კერძისა“ და სვანეთში ჩასულან. სვანეთში უფლის რჩეულებს ქრისტიანობაზე მოუქცევიათ „დედაკაცი ვინმე მთავარი“, ამის შემდეგ კი მატათა „სხუათა მათ თანა მოწაფეთა“ ამ ადგილებში დარჩენილა, წმიდა ანდრია კი სვიმეონ კანანელთან ერთად ოსეთში გადასულა. წმიდა მატათას მიცვალების შესახებ რამდენიმე გადმოცემა არსებობს: ერთის მიხედვით იგი დასავლეთ საქართველოში, აჭარაში აღესრულა მოწამეობრივად (მის საფლავს უჩვენებენ გონიოში); მეორე გადმოცემით კი იუდეველი მღვდელმთავრის, ანანის ბრძანებით იგი იერუსალიმის მახლობლად, „ვეფლასკალად“ (რაც ჩაქვავებულთა სახლს ნიშნავს) წოდებულ ადგილას ჯერ ქვებით ჩაქოლეს, შემდეგ კი - თავი მოჰკვეთეს (სხვა ცნობით - ჯვარს აცვეს). წმიდა მატათა მოციქულმა 63 წელს შეჰვედრა სული უფალს. |