მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა ევთიმი (მჭედელაშვილი)
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა ევთიმი (მჭედელაშვილი) წარმოშობით კახეთიდან იყო, იგი 1725 წლის ახლო ხანებში დაიბადა სოფელ წინანდალში.

როგორც ჩანს წმიდა ევთიმი ადრეულ ასაკშივე აღკვეცილა მონაზვნად გარეჯის მრავალმთის უდაბნოს წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში. ამ დროს მონასტრის ხელმძღვანელი იყო სიწმიდითა და სასწაულქმედებით ცნობილი სერაპიონი (ხს. 24 აგვისტო), რომლის ირგვლივ შემოკრებილი ღირსი და ღმერთშემოსილი მამები დაუცხრომლად მოღვაწეობდნენ ღმრთის სადიდებლად და ქვეყნის სასარგებლოდ. ლავრაში ფართოდ იყო გაშლილი სამწერლობო და მწიგნობრული მოღვაწეობა, აქ განისწავლა ევთიმი მარხვისა და ლოცვის სათნოებებში და საფუძვლიანად დაეუფლა ღმრთისმეტყველებასა და ფილოსოფიას.

დიდი მოღვაწე მეუდაბნოე და სიწმიდით სავსე ევთიმი გარეგნულად ტანდაბალი და სუსტი იყო. საოცრად თავმდაბალი მოღვაწე გამორჩეულად უყვარდა ერეკლე მეფეს (1798). სწორედ მას მიანდო მეფემ შვილის, საქართველოს ბოლო მეფის გიორგი XII (1800) სულიერი აღზრდა.

1774 წელს მონასტრის წინამძღვრის წმიდა სერაპიონის გარდაცვალების შემდეგ ძმებმა იღუმენად წმიდა ევთიმი აირჩიეს. წმიდანი საოცრად უთავსებდა ერთმანეთს მონასტრის ძმების სულიერ დამოძღვრასა და სამეფო კარის დაძაბულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ქრისტიანული მსოფლმხედველობის დამკვიდრებას. როგორც ცნობილია მისი მოძღვრობის ქვეშ მყოფი მეფე გიორგი უაღრესად ღვთისმოშიში და განათლებული ღვთისმეტყველი იყო. წმიდა ევთიმის მსგავსად მეფე გიორგი საუბარში და ოფიციალურ მიწერ-მოწერაში ხშირად ხმარობდა სიტყვებს: „ქრისტე ღვთის მადლითა“, იგი ქრისტიანულ ღმრთისმეტყველთა და „მოღვაწეთა  მოძღურებასა წარმოსთქვამდა ესრეთი ძალითა და ესრეთ მადლიანად, რომელ სმენელთა აღატირებდა... წინამძღუარი ნათლისმცემლის უდაბნოსა ევთიმი, უწოდებდა სულიერსა თვისსა მოწაფესა მეფის ძეს გიორგის, მოძღურად თვისსა“. ღირსი ევთიმი ურჩევდა მეფე გიორგის ერთმორწმუნე რუსეთთან მეგობრობას - „რათა მისცეს სამეფო რუსეთსა ხელმწიფეთა მფარველობასა“.

ერთხელ ევთიმი ხაშმში წასულა მონასტრის ერთ-ერთი ბერის ამფილოქეს თანხლებით. მამები გზაში ლეკებს დაუტყვევებიათ და თან წაუყვანიათ გამოსასყიდის გადახდის მიზნით. მაღალი, გრძელი წვერებითა და წარმოსადეგი გარეგნობის ბერი ამფილოქე ლეკებს მონასტრის წინამძღვარი გონებიათ, ცხენზე შეუსვამთ და პატივით ეპყრობოდნენ. სუსტი და საოცრად თავმდაბალი ევთიმი კი „მიჰყავდათ ქვეითად  და იტყოდნენ მისთვის უპატიოდ: მაგისთვის რასა მოგვცემენო“. მეფე გიორგის გამოუსყიდია ტყვეები და საკმაოდ დიდი თანხა გადაუხდია ევთიმის სანაცვლოდ.

1797 წელს თბილისში შავი ჭირის ეპიდემიამ იფეთქა და მთელ ქართლ-კახეთში გავრცელდა. „დიდი იყო დროთა ამათ ტყება და ვაება დიდთა და მცირედთა, ობოლთა და ქვრივთა. მონასტერნი და უდაბნონი რომელთაცა წინა უძღოდა ევთიმი მოძღვარი მეფისა მიეშველენ გაბნეულთა პურითა და ღვინითა, საჭმელითა და საქონლითა. მეუდაბნოეთა ხელნი გარდაიქცენ ხელად ღვთისა და განგებულებისა მისისა... ლოცვა და ვედრება მათი, განწმედდა ქრისტიანეთა გონებასა და განამხნევებდა მას, რათა უძლოს განსაცდელსა“.

პლატონ იოსელიანის ცნობით, ერეკლე მეფის გარდაცვალების შემდეგ 1798 წლის ივლისში მეფედ ახალნაკურთხი გიორგი XII-ის დროს „ნიქოზისა ეპისკოპოსმან ათანასი უბრძანა დაუსვენოს ეკლესიაში ძველი ჭეშმარიტი, - სიდიდით განთქმული ყოველგან, რათა დააფიცონ ამირეჯიბნი თავადნი და მოდავენი მათნი იმერეთისა მესაზღვრენი. აღიღეს ტრაპეზიდან ძელი ჭეშმარიტი ესე ოქროსა ბუდეში ჩადებული მკლავისა სიგრძე და ალავერდისა ძელისა ჭეშმარიტისა მიხედვითა ორგზის დიდი და დაასვენეს გარე ეკლესიისა საწიგნესა ზედა. შემდგომ ფიცისა და შფოთის შორის გლეხთა და თავადთა დაივიწყეს ეკლესიისა მცველთა აღებად ძელისა ჭეშმარიტისა საწიგნოდან და დაკრძალვა ტრაპეზსა ზედა“. ამ დროს დაიკარგა, იმპერატორ კონსტანტინე დიდის მიერ მეფე მირიანისადმი მიძღვნილი, „საუკუნობითა დაცულ“ ძელი ჭეშმარიტი. ამ ამბავმა ყველა ძალიან დაამწუხრა. კათალიკოსისა და მეფის ბრძანებით დიდხანს ამაოდ ეძებდნენ სიწმიდეს.

ევთიმის კურთხევით მეფე გიორგი XII ძელი ჭეშმარიტის მოძიების პარალელურად აქტიურად ცდილობდა საქართველოში დაებრუნებინა „ჯვარი წმიდისა ნინასი - საუნჯე ქართველთა, ქართველთათვე“.

გარეულ და შინაურ მტერთაგან მუდამ შეჭირვებული მეფე გიორგი სასიკვდილოდ დასნეულდა. მეფის მოძღვარი ევთიმი ამხნევებდა მეფეს და ამზადებდა საუკუნო მეუფესთან-ქრისტესთან შესახვედრად. 1800 წელს „შობისა დღესა, 25-სა დეკემბერსა დასდგეს კარავი ნაკურთხი პირისპირ ოთახისა მისისა (მეფე გიორგისა), და იწყეს წირვა; თვით მეფე მწოლარე ცხედარსა, დიდისა მხურვალებით ისმენდა ლიტურღიასა და თვით წარიკითხა დღისა ამის საოციქულო. ლიტურგია აღასრულა მოძღვარმა მისმან არქიმანდრიტმან ევთიმი; იოანე ნათლისმცემლისა უდაბნოისა მოძღვარმან“.

27 დეკემბერს მეფემ კვლავ მოუწოდა „მოძღვარსა თვისსა წინამძღვარსა ევთიმის; სთხოვა უკითხოს ლოცვანი ანგელოზისა მფარველისა. ავედრებდა სულსა მოძღვარსა თვისსა, რომელსაცა ესავდა დიდად, ვითარცა კაცსა წმიდასა და ქვეყნიერად ანგელოზად ხმობილსა მეფისაგან და ესრეთვე ცნობილსა ყოველთაგან... დილით დასდეს კარავი და სწირა თვით ევთიმემან და კვალად ეზიარა მეფე დიდითა ცრემლითა დენითა და ვედრებითა“. 28 დეკემბერს დილის 11 საათზე წირვის გამოლოცვის შემდეგ მეფემ სული განიტევა. მეფეს ადრევე დაეტევებინა ანდერძი მოძღვრისათვის, რომელიც ნათლისმცემლის მონასტერში, იოანე ნათლისმცემლის ხატის წინ დაკიდებულ ვერცხლის კანდელში იყო დაცული. მეფე გიორგი მონასტერში, ამ ხატის წინ ითხოვდა დასაფლავებას, მაგრამ დედოფალმა, რუსეთის გენერალმა და სამეფო კარისკაცებმა „არღა ინებეს აღსრულება ანდერძისა სურვილისაებრ თვით მეფისა და დასდვეს, რათა მეფეთა საძვალესა შინა იქნას გვამი მისი დასაფლავებული.

მეფის გარდაცვალების შემდეგ ქვეყანაში შიდა არეულობებიც დაიწყო, რომლებიც მეტ-ნაკლებად მონასტრებზეც აისახა. დევნა დაუწყეს ევთიმისაც და ცილისმწამებლურ საჩივრებსაც უგზავნიდნენ მის შესახებ რუს ჩინოვნიკებს. ერთ-ერთი ასეთი საჩივრის გამო რუსმა ჩინოვნიკმა წმიდა ევთიმი „მრავლად საგინებელ და უპატიო ჰყო სტუქსა უშვერად, მოიხსენა მწარედ და განაჩინა განშორება მისი წინამძღვრობისაგან უდაბნოისა. ევთიმი არა იგლოვდა ესრეთსა განჩინებასა... და იტყოდა: „ჭეშმარიტად ღირსი არს მუშაკი სასყიდლისა; მომეგო მე ჯერისაებრ სოფელსა შინა მყოფსა მომხვდა მე სოფლისა მათრახი, ღმერთო ჩემო! ნუ მიმცემ მე უმეტესსა სასჯელსა; მოქმედება ჩემი და მეცადინობა რუსთა მოყვანისა არა იყო ორგულებაი ქვეყნისა“.

1804 წლის 8 აგვისტოს წმიდა ევთიმიმ მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. დაასაფლავეს მეფე გიორგისთვის დასამარხად განკუთვნილ ადგილას, იოანე ნათლისმცემლის ხატის წინ. მონასტრის სიგელ-გუჯრები მას „მრავალღვაწლმშრომელად“ მოიხსენიებს.