| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
ღირსმოწამე დომენტი და ორნი მოწაფენი მისნი
#წმინდათა ცხოვრება ღირსმოწამე დომენტი სპარსი იყო და წინაპართა ცრუსარწმუნოებას ერთგულებდა მანამ, სანამ სიყმაწვილეში ქრისტიანულმა სწავლებამ სახარების ნათლით არ გაუნათა გონება. ამის შემდეგ ნეტარმა არ ისურვა სამშობლოში დარჩენა, სასაზღვრო ქალაქ ნიზიბიას მიაშურა (მესოპოტამიაში), ნათელიღო და ერთ-ერთ მონასტერში მონაზვნად შედგა. ნეტარის მადლმოსილებამ შური აღუძრა სავანის მკვიდრთ, რის გამოც დომენტი განერიდა მათ და წმიდა სერგისა და ბაქოსის სახელობის მონასტერს მიაშურა თეოდოსიოპოლში. აქ წმიდანი მოღვაწეობდა მკაცრი ასკეტის, არქიმანდრიტ ურველის ხელმძღვანელობით. დომენტის საკვირველი ღვაწლი რომ იხილა, ურველმა იგი დიაკვნად აკურთხა, შემდეგ მოისურვა ხუცესადაც დაედგინა, მაგრამ წმიდანმა თავი უღირსად ჩათვალა და სირიაში, ერთ-ერთ უდაბნოში განმარტოვდა. აქ ნეტარი მამა ღია ცის ქვეშ ცხოვრობდა, შემდგომ კი გამოქვაბულში დამკვიდრდა ორ მოწაფესთან ერთად. დომენტიმ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. ერთხელ, იმ მხარეში, სადაც ნეტარი და მისი მოწაფეები მოღვაწეობდნენ, გაიარა სპარსელებთან საბრძოლველად მიმავალმა იმპერატორმა იულიანე განდგომილმა (361-363 წწ.). მისი ბრძანებით მხედრებმა მოძებნეს უფლის სათნომყოფელნი, შემდეგ კი, ერთი გადმოცემით, ქვებით ჩაქოლეს, სხვა ცნობით - მღვიმის შესასვლელი ამოქოლეს და შიგ ცოცხლად დაასამარეს (363 წ.). |