| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
მართალი ნონა
#წმინდათა ცხოვრება მართალი ნონა, გრიგოლ ღვთისმეტყველის დედა, ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა და აღიზარდა. მშობლები, ფილტატიოსი და გორგონია, მას ქრისტიანული სულისკვეთებით ზრდიდნენ. როცა დრომ მოაწია, დედ-მამამ ქალწული მდიდარ მიწათმფლობელ, გრიგოლს მიათხოვეს, რომელსაც არიანზსა და ნაზიანზში ჰქონდა მამულები. სულიერი თვალსაზრისით ქორწინება მძიმე გამოდგა ღვთისმოსავი ქალისათვის, რადგანაც ქმარი წარმართი იყო. კეთილმსახური ნონა მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს, რომ გრიგოლი ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექცია. მისი ვაჟი, გრიგოლ ღვთისმეტყველი წერს: „მას არ შეეძლო მშვიდად ატანა იმისა, რომ ღმერთთან ერთი ნახევრით შეერთებული ყოფილიყო, ხოლო მეორე ნახევრით განდგომილი. მას სურდა, რომ ხორციელ კავშირს სულიერი კავშირიც დართვოდა. ამიტომ დღე და ღამ მარხვითა და ცრემლით ევედრებოდა ღმერთს, ეხსნა მისი ქმარი“. წმიდა ნონას ლოცვით გრიგოლს ღმერთმა ძილში ჩვენება მოუვლინა, რომლის შემდეგაც იგი ნიკეაში გამართულ პირველ მსოფლიო კრებაზე მივიდა და აღიარა თავისი მოქცევა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. საცხოვნებელ გზას შემდგარი გრიგოლი ჯერ მღვდლად აკურთხეს, ხოლო შემდეგ ნაზიანზიოსის საეპისკოპოსო კათედრაც ჩააბარეს. მისი ეპისკოპოსად ხელდასმის დროს დიაკონისად აკურთხეს წმიდა ნონაც. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში წმიდა ნონას მრავალი განსაცდელი დაატყდა თავს. 368 წელს გარდაიცვალა მისი უმცროსი ვაჟი კესარიოსი, ახალგაზრდა კაცი, რომელიც ბრწინვალე იმედებს იძლეოდა. მომდევნ წელს ქალიშვილიც მიიცვალა. გრიგოლ ღვთისმეტყველი წერს: „დედაჩემი ყოველთვის იყო მხნე და მტკიცე, მთელი სიცოცხლის განმავლობაში არ უგრძვნია უძლურება, მაგრამ ბოლოს სნეულება შეეყარა. საუბარი რომ არ გამიგრძელდეს, მრავალ სატანჯველთაგან დავასახელებ ყველაზე მძიმეს, რომელიც მრავალი დღის მანძილზე უგრძელდებოდა და არავითარი წამლით არ ინკურნებოდა. როგორღა ასაზრდოებდა მას ღმერთი? არც მანანას უგზავნიდა, როგორც ერთ დროს ისრაელს; არც ქვა განუპია, რათა წყალი გადმოედინა მწყურვალე ადამიანებისათვის, არც ყორნების მეშვეობით კვებავდა, როგორც ილიას და არც წმიდა წინასწარმეტყველის ხელით, როგორც ოდესღაც ორმოში ჩაგდებულ, შიმშილისგან გამწარებულ დანიელს; მაშ, მაინც როგორ? მას წარმოუდგა, თითქოს მე, ვინც განსაკუთრებით ვუყვარდი (იგი ძილშიც კი არავის მამჯობინებდა), მოულოდნელად გამოვეცხადე ღამით. ხელში მეჭირა კალათა სავსე თეთრი პურებით. შემდეგ წარმოვთქვი ლოცვა, პურს ჯვარი გადავსახე ჩვენში მიღებული ჩვეულების თანახმად და გემოს გასასინჯად მივაწოდე, რითაც განვამტკიცე და ძალები აღვუდგინე. ეს ღამეული ჩვენება მისთვის რაღაც ნამდვილი არსებული იყო, რადგან ამ დროიდან გონზე მოვიდა და საიმედო პირი დაეტყო. ის რაც მას შეემთხვა, ნათლად, გარკვევით გაცხადდა. როცა დილით ადრე მასთან შევედი, მაშინვე შევამჩნიე მდგომარეობის გაუმჯობესება. შემდეგ ჩვეულებისამებრ ვკითხე, თუ როგორ გაატარა ღამე და რამე ხომ არ ჭირდებოდას. მან სხარტად და ტკბილად მიპასუხა: „საყვარელო შვილო, შენ თვითონ დამაპურე და ახლა კითხუოლობ ჩემს ჯანმრთელობას?! რა კეთილი და ლმობიერი ხარ!“ მოახლეებმა მანიშნეს, რომ არ შევპასუხებოდი, მისი სიტყვები გულგრილად არ მიმეღო და ჭეშმარიტების გამჟღავნებით სასოწარკვეთილებაში არ ჩამეგდო“. წმიდა ნონამ 374 წლის 5 აგვისტოს შეჰვედრა სული უფალს. |