მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

მოწამე პონტი
#წმინდათა ცხოვრება

მოწამე პონტი III საუკუნეში ცხოვრობდა. იგი რომაელი წარმართი სენატორის, მარკოზისა და მისი მეუღლის, იულიას ვაჟი იყო. ერთხელ, როდესაც ორსული იულია ქმართან ერთად იუპიტერის ტაძარში შევიდა, აქ დაბუდებულმა ეშმაკმა ქურუმის პირით დაიღრიალა: „ჩვილი, რომელსაც ეს დედაკაცი საშოთი ატარებს, იუპიტერსა და მის სამსხვეპრლოს შემუსრავს!“ როცა ჩვილი ამ ქვეყანას მოევლინა, წინასწარმეტყველებით შეშინებულ დედას მისი მოკვლა უნდოდა, მაგრამ მეუღლე წინ აღუდგა და ბავშვი გადარჩა. ყმაწვილს პონტი დაარქვეს.

როცა წამოიზარდა, წმიდა პონტი დაინტერესდა ქრისტიანთა სწავლებით და რომის პაპ პონტიანეს მიმართა რჩევა-დარიგებისათვის და ქრისტიანული სარწმუნოებით გონებაგანათებულმა აღიარა ქრისტიანობა. პონტიმ თავისი მამაც მოაქცია ქრისტიანობაზე და პონტიანემ მონათლა იგი მთელ სახლეულებასთან ერთად. მამის გარდაცვალების შემდეგ პონტი, რომელიც იმ დროისათვის ოცი წლისა იყო, იმპერატორმა ალექსანდრე სევერუსმა (222-235 წწ.) მამის ადგილზე-სენატორად დანიშნა. სენატში და გარემოცვაში პონტიოსი საყოველთაო პატივისცემით სარგებლობდა. იმპერატორ ალექსანდრეს მემკვიდრის მაქსიმიანეს მმართველობის (235-238 წწ.) დროს პაპმა პონტიანემ მოწამეობრივად დაასრულა სიცოცხლე.