მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

შვიდი ეფესელი ყმა: მაქსიმილიანე, იამბლიქო, მარტინიანე, იოანე, დიონისე, ექსაკუსტოდიანე (კონსტანტინე) და ანტონინე
#წმინდათა ცხოვრება

შვიდი ეფესელი ყმა: მაქსიმილიანე, იამბლიქო, მარტინიანე, იოანე, დიონისე, ექსაკუსტოდიანე (კონსტანტინე) და ანტონინე, ცხოვრობდნენ უსჯულო დეკიუსის (249-251 წწ.) ზეობისას. წმიდა მაქსიმილიანე ქალაქის თავის ძე იყო, დანარჩენი სხვა ექვსი ჭაბუკი კი - სხვა ეფესელ დიდებულთა ვაჟიშვილები. ისინი სიყრმიდანვე მეგობრობდნენ და ერთად მსახურობდნენ.

როცა მრისხანე იმპერატორი ეფესოში ჩავიდა, ბრძანა, ყველა კერპებისათვის მსხვერპლის შესაწირად გამოცხადებულიყვნენ. ბრძანების პასუხად უამრავი ხალხი შეიკრიბა წარმართულ ტაძრებთან: „კუამლსა ბოროტსა შეეცვა ქალაქი იგი, და ბნელსა და არმულსა გებისა მის მათისასა დაეპყრა ქუეყანაი, რომელსა - იგი უგებდეს ცუდთა ღმერთთა“.

ქრისტიანები, რომლებიც მეფის ბრძანებას არ დაემორჩილნენ, შეიპყრეს და სასტიკ სატანჯველებს მისცეს. მხედრები სამალავებშიც აგნებდნენ მათ, წამებით ხდიდნენ სულს, შემდეგ კი ცხედრებს ქალაქის ქუჩებში ათრევდნენ, ციხე-გალავნებზე ჰკიდებდნენ ფრინველთა საჯიჯგნად, მოკვეთილ თავებს ძელებზე აცვამდნენ სხვათა დასაშინებლად.

უსჯულოების ზეობის გამო მწუხარებას მოეცვა მართლმორწმუნეები. წუხდნენ ეფესელი ყრმებიც, რომელნიც „ღამის-თევასა და ლოცვაში დადგრომილ იყვნეს“. ბოლოს, ჭეშმარიტების მტრებმა ისინიც დაასმინეს- დეკიუსს მოახსენეს:რომელნი-იგი შორს არიან, მოაახლებ გებად ღმერთთა, და აჰა მახლობელნი შენნი შეურაცხ-ყოფენ მეფობასა შენსა და მცნებათა შენთა“.

განრისხებულმა თვითმყრობელმა თავისთან მოიხმო მხედრები და უბრძანა, დაუყოვნებლივ შეეწირათ მსხვერპლი კერპებისათვის. მაქსიმილიანემ მეგობრების ნაცვლად უპასუხა: „გუაქუს ჩუენ ღმერთი ფარული, რომლისა დიდებითა ცაი და ქუეყანაი სავსე არიან, და მოვართუამთ მას ფარულად მსხუერპლსა აღსარებისა ჩუენისასა და საკმეველსა სუნელსა... ჩუენ ყროლასა მას კუამლისასა შესუარულსა წინაშე კერპთა არ შევწირავთ და გინებათა ეშმაკისათა არა შევავლინოთ სიწმიდე სულთა და ხორცთა ჩუენთა“.

დეკიუსმა ბრძანა, პატივის აყრის ნიშნად აღმსარებლებისათვის მხედრული სარტყლები შეეხსნათ, მაგრამ არ დაუტუსაღებია ისინი - სალაშქროდ გამზადებულს, იმედი ჰქონდა, რომ სანამ ეფესოში მობრუნდებოდა, ჭაბუკები გონს მოეგებოდნენ და საქციელს შეინანებდნენ.

როგორც კი დრო მიეცათ, მაქსიმილიანემ და მისმა მეგობრებმა ქონება გლახაკებს დაურიგეს, დატოვეს ქალაქი და ოქლონის მთის გამოქვაბულს შეეხიზნენ, - სურდათ დეკიუსის დაბრუნებამდე განკრძალული ლოცვითა და მარხვით მომზადებულიყვნენ მოწამეობრივი ღვაწლისათვის. ყველაზე უმცროსი მათ შორის-იამბლიქო გლახაკის სამოსში გადაცმული მიდიოდა ხოლმე ეფესოში და პურს ყიდულობდა. ერთ-ერთი ასეთი გამოსვლის დროს მან შეიტყო, რომ იმპერატორი უკვე დაბრუნებულიყო და მათ ეძებდნენ. მაქსიმილიანემ მოუწოდა მეგობრებს, ნებსით გამოცხადებულიყვნენ სამსჯავროზე, მაგრამ ღვთის ნებით შვიდივეს მიეძინა „ტკბილითა სიკუდილითა; „არა აგრძნეს დაწოლაი იგი ძილისა მათისაი და გამოსულაი სულთა მათთაი. და ესრეთ დაიძინეს ქუეყანასა ზედა და შეჰვედრნეს სულნი თვისნი ღმერთსა“.

როცა უსჯულო ხელისუფალმა ნეტართა ადგილსამყოფელი გაიგო, ბრძანა, მღვიმის შესასვლელი ქვებით ამოექოლათ, რომ ყმაწვილები შიგ შიმშილითა და წყურვილით ამომწყდარიყვნენ, „რამეთუ ჰგონებდა მეფე და ყოველი ქალაქი, ვითარმედ ცოცხალ არიან წმიდანი იგი“. ორმა ფარულმა ქრისტიანმა, საჭურისებმა თევდორემ და ვარგოსმა ლოდებს შორის დაბეჭდილი ლუსკუმა ჩადეს, რომელშიც ორი კალის ფირფიტა იდო წმიდა ყრმათა სახელებითა და მათი ღვაწლისა და სიკვდილის გარემოებათა აღწერით.

განვლო თითქმის ორმა ასწლეულმა. ქრისტიანთა დევნა შეწყდა, მაგრამ კეთილმსახური მეფის, თეოდოსი უმცროსის მმართველობის (408-450 წწ.) დროს გამოჩნდნენ მწვალებლები, რომლებიც უარყოფდნენ იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის ჟამს მიცვალებულთა მკვდრეთით აღდგომას. აი, სწორედ ამ დროს გზააბნეულთა მოსაქცევად და მართლმორწმუნეთა განსამტკიცებლად უფალმა სასწაულის აღსრულება ინება.

იმ მიწის პატრონმა, სადაც ოქლონის მთა მდებარეობდა, მღვიმის პირთან დახვავებული ქვები და ლოდები გადააგორა და შესასვლელი გათავისუფლდა. ეფესელმა ყრმებმა ხანგრძლივი ძილისგან გამოიღვიძეს. მათი სხეულები სრულიად უხრწნელი იყო. წმიდანებმა არ იცოდნენ, თუ რა დრომ განვლო მათი დაძინების შემდეგ და იამბლიქო კიდევ ერთხელ გაგზავნეს ქალაქში პურის საყიდლად.

როცა ყრმა ეფესოს მიუახლოვდა, გაოცებამ შეიპყრო: ბჭეებზე ჯვრის ნიშანი იყო აღმართული; ქალაქში ქრისტეს სახელსაც თავისუფლად წარმოთქვამდნენ... ყოველივე ამან იგი დააეჭვა, გზა ხომ არ ამბნევია, სხვაგან ხომ არ მოვხვდიო, სურდა ჩქარა მიბრუნებულიყო უკან, მაგრამ როცა პურის გამყიდველებს ვერცხლის დიდი მონეტა გაუწოდა, დეკიუსის გამოსახულებით, იგი დააკავეს „ძუელთა მეფეთა საუნჯის“ პოვნისა და გადამალვისათვის.

ნეტარი მიჰგვარეს ქალაქის თავს, რომელთანაც იმ დროს ეფესოს ეპისკოპოსი იმყოფებოდა. უსმენდა რა ყრმის დაბნეულ პასუხებს, მან გაიფიქრა: „გამოცხადებაი რაიმე უნებს ღმერთსა ჩუენდა დღეს ხელითა ამის ჭაბუკისაითა, და ქალაქის ხელისუფლებასა და ხალხთან ერთად იამბლიქოს გამოქვაბულისკენ გაჰყვა.

მღვიმის შესასვლელთან, ქვების გროვებში მღვდელმთავარმა დაბეჭდილი ლუსკუმა იპოვა, გახსნა და კალის დაფებზე გაკეთებული წარწერა წაიკითხა. ყველამ ერთობლივად ადიდა ღმერთი „და ესრეთ შემართეს ქუაბად და პოვნეს წმიდანი იგი მსხდომარენი სიხარულითა დიდითა ფრიად და პირნი მათნი ბრწყინვიდეს, ვითარცა მზე“.

ეპისკოპოსმა, ქალაქის თავმა და ერის სიმრავლემ თაყვანი სცა წმიდანებს, „და ჰმადლობდეს ღმერთსა, რომელმან ღირს-ყვნა იგინი ხილვად დიდებულსა ამას ხილვისა“. ყველა ხვდებოდა, რომ ყოვლადმოწყალე უფალმა ნეტარი მარტვილების საუკუნო ძილისგან გამოფხიზლებით ეკლესიას მიცვალებულთა მკვდრეთით აღდგენის საიდუმლო გაუცხადა.

თავად იმპერატორი თეოდოსიც ჩავიდა ეფესოში და ესაუბრა ყრმებს. „შეხედვითა მათ მეფე და ადიდებდა ღმერთსა და გული მისი იხარებდა აღსარებითა“. საუბრის დროს ყველას თვალწინ უფლის სათნომყოფელებმა „კუალად მიიდრიკეს თავნი მათნი ქუეყანად და დაიძინეს“, ამჟამად საყოველთაო მკვდრეთით აღდგომამდე. იმპერატორს სურდა, წმიდა ცხედრებისათვის ოქროს ლუსკუმები შეემზადებინა, მაგრამ იმავე ღამეს ყრმები ძილში ეჩვენნენ მას და უთხრეს: „მიწისაგან აღდგეს გუამნი ჩუენნი და არა ოქროსისაგან და არცა ვერცხლისაგან. ამისთვის ადგილსა ჩუენსა, სადაცა ვართ, ქუაბსა მას, მიწასა მას ზედა გვიტევენ ჩუენ, რამეთუ ღმერთმან მიერ მიწით კუალად მერმე აღმადგინნეს ჩუენ“.

ეფესელი ყრმების ხსენება მეორედ 22 ოქტომბერს აღინიშნება. გადმოცემით, წმიდანებმა ამ დღეს მეორედ მიიძინეს, სხვა ცნობით კი მათ პირველად 4 აგვისტოს მიეძინათ, 22 ოქტომბერს კი გამოიღვიძეს.