| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
ღირსი ანტონი რომაელი
#წმინდათა ცხოვრება ღირსი ანტონი რომაელი 1067 წელს დაიბადა რომში. მდიდარმა და ღვთისმოშიშმა მშობლებმა იგი კეთილმსახურებით აღზარდეს. ჭაბუკი 17 წლისა იყო, როცა დედ-მამა გარდაეცვალა. დაობლებული ანტონი მამათა ნაშრომების შესწავლას შეუდგა ბერძნულ ენაზე; შემდეგ ქონების ნაწილი გლახაკებს დაურიგა, ნაწილი კასრში ჩადო და ზღვას გაატანა, თავად კი ბერად აღიკვეცა ერთ-ერთ უდაბნოს სკიტში, სადაც ოცი წელი მოღვაწეობდა. ლათინთა მიერ მართლმადიდებელთა დევნამ საძმო აიძულა დაფანტულიყო. ღირსი ანტონი ადგილიდან ადგილზე გადადიოდა. ბოლოს ზღვის უკაცრიელ სანაპიროზე ერთი დიდი ლოდი ჰპოვა და წელიწადზე მეტხანს მასზედ მოსაგრეობდა. 1105 წლის 5 სექტემბერს უეცრად მოვარდნილმა საშინელმა ქარიშხალმა და ღელვამ ლოდი ზღვაში გაიტანა. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე სასწაულებრივად გადარჩენილი წმიდა ანტონი ნოვგოროდიდან სამი ვერსით დაშორებით, მდინარე ვოლხოვის სანაპიროზე, სოფელ ვოლხოვსკთან აღმოჩნდა. ამ ადგილას წმიდა მღვდელმთავარ ნიკიტა დაყუდებულის (1109 წ.) კურთხევით ღირსმა ანტონიმ ღვთისმშობლის შობის სავანე დააარსა. ერთხელ მეთევზეთა ბადეს ზღვიდან ამოჰყვა კასრი წმიდა მამის მემკვიდრეობით. ნეტარმა ანტონიმ დაასახელა, რაც ჩადო მასში მრავალი წლის წინ, განძი წაიღო და სავანისათვის მიწები შეისყიდა. 1131 წელს მღვდელმთავარმა ნიფონტმა ღირსი ანტონი მონასტრის იღუმენად დაადგინა. ღვაწლმოსილი მოსაგრე 1147 წლის 3 აგვისტოს გარდაიცვალა. |