მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ცხრა ძმა ხერხეულიძე დედით, დითა და მათთან ერთად ცხრა ათასი ქართველი, მარაბდას მოწყვეტილნი
#წმინდათა ცხოვრება

1624 წლის ხარების დღესასწაულის წინა დღეს მარტყოფის ველზე ქართველებმა სასტიკად გაანადგურეს შაჰ-აბასის არმია. 30000 სპარსელიდან მხოლოდ 3000 გადაურჩა სიკვდილს. მარტყოფის ბრძოლაში დაეცა შაჰ-აბასის ბევრი სახელგანთქმული სარდალი.

ამ გამარჯვებამ გააერთიანა ქართლ-კახეთი. ქართველთა ძლევამ შაჰის მიერ დაპყრობილი სხვა ხალხებიც გაამხნევა და „ყველგან შფოთი გაჩნდა“. გააფთრებულმა შაჰ-აბასმა საქართველოსკენ უზარმაზარი სპარსული ურდო დაძრა, რომელსაც ისა-ხან ყორჩიბაში სარდლობდა.

ქართველები კოჯორსა და ტაბახმელას მიდამოში დაბანაკდნენ 20000-იანი ლაშქრით. მარაბდის ველზე დაბანაკებულ ირანელთა რიცხვი კი 50000-ს აჭარბებდა. ბრძოლის წინ თეიმურაზ მეფემ, გიორგი სააკაძემ, ზურაბ და დავით ერისთავებმა, ბარათაშვილმა, იასე ქსნის ერისთავმა, თეიმურაზ მუხრანბატონმა, აღათანგ ხერხეულიძემ, ბაადურ ციციშვილმა, დავით ჯანდიერმა, მანუჩარ ათაბაგმა ითათბირეს. მათთან იყვნენ სამღვდელონიც: მროველი, ალავერდელი, რუსთველი, ხარჭაშნელი მღვედლმთავარი.

გიორგი სააკაძე და ბაადურ ციციშვილი ამბობდნენ, ვიწროებში შემოვიტყუოთ მტერი და მერე შევუტიოთო, სხვებმა კი გადაწყვიტეს, მარაბდის ველზე დასხმოდნენ თავს სპარსელებს.

გათენდა 1625 წლის 1 ივლისი. საზიარებლად განემზადა ქართველთა ლაშქარი: წესისამებრ, მეომრები ომის დაწყების წინ ქრისტეს წმიდა სისხლსა და ხორცს ეზიარებოდნენ ცოდვათა მისატევებლად.

მეომართა გვერდით იარაღით შეჭურვილი სამღვდელოებაც დამდგარიყო, რადგან ესეც წესად იყო დადებული: ყოფნა-არყოფნის ზღვართან მყოფ საქართველოს ჯვარითა და მახვილით იცავდა ერი და ბერი. მროველი ეპისკოპოსი დომენტი ავალიშვილი წარდგა ლაშქრის წინაშე წმიდა ბარძიმით ხელში. ლაშქარმა ერთხმად შესძახა: „უკუეთუ დღეს აღიღებ მახვილსა ბრძოლად, უბრძანე, რათა გვაზიაროს სხუამან, და უკეთუ არა, უმჯობეს არს შენს მიერ“. მროველი ჩაფიქრდა და თქვა: „დღეს ბრძოლა არს სარწმუნოებისა და ქრისტეს მცნებისა და არა ჩემ ზედა, ამისათვის არა ვყო, უკუეთუ უწინარეს თქუენსა არა დავსთხიო სისხლი ჩემი მახვილის ამღებმან“. რუისელმა ეპისკოპოსმა დალოცა ქართველი მხედრობა, თვითონაც, აბჯრით აღჭურვილი, მეწინავე რაზმში ჩადგა. გორგასლიან-დავითიან- თამარიან დროშას ცხრა ძმა ხერხეულიძე დაუყენეს დარაჯად. შეტევა გარიჟრაჟზე დაიწყო. წინ რჩეული ცხენოსანი ჯარი წავიდა, უკან ქვეითი მიჰყვა. იგრიალა 12000-მა სპარსულმა თოფმა და ზარბაზანმა, მაგრამ მამულისათვის და ქრისტესათვის მებრძოლ რაინდთა შეჩერება ვერავინ შეძლო - ქართველები მტრის ბანაკში შეიჭრნენ, ლაშქარს დაერივნენ და შეიქმნა შუბთა ძგერება: „ხმალთა და ლახტთა მუზარადებზე ხეთქინება“.

მცირერიცხოვან ქართველთა სიმამაცემ ყიზილბაშები უკუაქცია, მაგრამ გამოცდილმა სარდალმა ისა-ხან ყორჩიბაშმა არ დათმო ბრძოლა. ამასობაში აზერბაიჯანის ბეგლარბეგი შაჰბენდე-ხანიც მოვიდა მაშველი რაზმით... ქართველები შედრკნენ. ამას ზედ დაემატა ერთი საბედისწერო შემთხვევაც: მტრის ხელით მკერდშელეწილი დაეცა თეიმურაზ მუხრანბატონი: „განვიდა ხმა და ჰგონეს ყოველთა კახთ-ბატონის სიკვდილი და ივლტოდნენ კახნი და ქართველნი“. მეფის სიკვდილი ხომ ომის დასასრულს ნიშნავდა. შეთხელდა ივერიელთა რიგები. გულგანგმირულნი დაეცნენ: დავით ჯანდიერი, აღათანგ ხერხეულიძე, ბაადურ ციციშვილი, ეპისკოპოსნი - რუსთველი და ხარჭაშნელი.

ცხრა ძმა ხერხეულიძის ხელში გადაინაცვლა ქართულმა დროშამ, ცხრა ძმა გმირულად დაეცა მარაბდის ველზე, შემდეგ ნაბოლარამ, ერთადერთმა დამ, იპყრა ხელთ დიდგორსა და ბასიანში გამოვლილი დროშა და როდესაც მანაც ჩაიმუხლა, დედამ აღმართა ქართველთა უკვდავების სიმბოლო. მზის ჩასვლამდე იბრძოდა თეიმურაზ მეფე, რომელმაც იმ დღეს „დაამტვრია ყოველი საბრძოლო იარაღი და არღარა შემორჩენოდა რა. ბეჭდებიცა დაემტვრია მუშტის ძგერებით“. იბრძოდა სისხლში მოსვრილი გიორგი სააკაძე, „დიდად მხნედ და ძლიერად ომობდნენ“ მანუჩარ ათაბაგი და „ყმანი მისნი“, დაღლილი, სიცხისგან არაქათგამოცლილი ქართველობა გმირულად იბრძოდა სისხლის უკანასკნელ წვეთამდე, მაგრამ უშედეგოდ, გარიჟრაჟზე დაწყებული ბრძოლა გვიან ღამით, ქართველთა დამარცხებით დამთავრდა. ბრძოლის ველზე მკერდგანგმირული იწვა ქრისტეს და მამულისათვის თავდადებული ცხრა ათასი ქართველი, მათ შორის: დავით ჯანდიერი, აღათანგ ხერხეულიძე, თეიმურაზ მუხრანბატონი, ბაადურ ციციშვილი, ეპისკოპოსები - რუსთველი და ხარჭაშნელი, ცხრა ძმა ხერხეულიძე, დედა მათი და ერთი და, ცხრა მაჩაბელი, შვიდი ჩოლოყაშვილი... საქართველოს ეკლესიამ წმიდანებად შერაცხა რჯულისა და მამულისათვის თავდადებული მამულიშვილები.