მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

მოწამე რაჟდენი
#წმინდათა ცხოვრება

მოწამე რაჟდენი წარმოშობით სპარსელი დიდებული იყო. როცა ვახტანგ მეფემ (ხს. 30 ნოემბერს) სპარსეთის მეფის ჰორმიზდ III-ის ასული ბალენდუხტი ცოლად შეირთო, დედოფალს ქართლში მისი მამამძუძე (აღმზრდელი) რაჟდენიც ჩაჰმოყვა, მოიხიბლა ქართველთა ცხოვრებით, ქრისტიანობა მიიღო და სამუდამოდ აქ დარჩა. ვახტანგ მეფემ სოფლები და აგარაკები მიანიჭა და „საკუთარ და თანამზრახველ თვისსა ჰყო იგი“.

ვახტანგ მეფე იღვწოდა ეკლესიის გაძლიერებისათვის: ჩამოაყალიბა საქართველოში საეკლესიო იერარქია, ქართულ ეკლესიას მოუპოვა დამოუკიდებლობა და მყარი მშვიდობა, შემუსრა და საქართველოდან გააძევა სპარსელები, დახურა მაზდეანთა სამლოცველოები. მცხეთელ მოგვთა გასაჭირი რომ გაიგეს, სპარსელებმა არ დააყოვნეს - პეროზ მეფემ დიდძალი ჯარი დაძრა საქართველოსკენ.

ვახტანგ მეფემ წინასწარ გაამაგრა ციხე-ქალაქები, თვითონ კი მცხეთაში დადგა თავისი ჯარით. მტერი მცხეთის მახლობლად აბანაკდა. დაიწყო ხანგრძლივი ომი. ქართველ მებრძოლთა რაზმები მოულოდნელად ესხმოდნენ თავს სპარსელებს და მუსრს ავლებდნენ. ასე გრძელდებოდა ხუთი თვის განმავლობაში.

ომის დროს თავი ისახელა „ახოვანმან წყობათა შინა და გამოცდილმან, რჩეულმან მებრძოლმან“ - რაჟდენმა, რომელიც ვახტანგ გორგასლის ერთ-ერთი სარდალი იყო. ღვთის შეწევნით მან მრავალჯერ აგემა დამარცხება მტერს. განრისხებულმა პეროზ მეფემ ბრძანა, ცოცხლად შეეპყროთ გაქრისტიანებული სპარსელი. ერთ-ერთი შეტევის დროს სპარსელებმა გზა შეუკრეს რაჟდენს, მოულოდნელად შემოერტყნენ გარს, სძლიეს, შეიპყრეს და გაკოჭილი მიჰგვარეს სპარსთა მეფეს. პეროზმა დიდად გაიხარა ქართველთა რჩეული მხედრის ხელში ჩაგდებით და მხიარულად მიმართა ტყვექმნილს: „გიხაროდენ, მხნეო რაჟდენ, მშვიდობა შენდა! სად უკუე იყავ ესოდენთა ამათ ჟამთა, რაისთვის არ გიქმნიეს მამული სჯული და შედგომილ ხარ სჯულსა უცხოსა, რომელი არა გასწავეს მამათა შენთა და ბრწყინვალის მზისა წილ და ცეცხლისა და სხუათა მათ მნათობთა მსახურებ ჯუარცმულსა კაცსა, რომელი ჰურიათა მოაკვდინეს და შენ იგი ღმერთად შეგირაცხიეს, ანუ არა ესე ყოველი ესრეთ არსა?“

რაჟდენმა გაბედულად მიუგო: „ჭეშმარიტად ეგრე არს, ვითარცა სთქუ, მეფეო, რამეთუ მე ქრისტიანე ქმნილ ვარ და დამიტევებიეს მამული უღმრთოებაი და არღარა თაყუანის-ვსცემ ცეცხლსა შემწველსა, არცა მზესა, კაცთათვის სამსახურად დაბადებულსა, არამედ ღმერთსა ცხოველსა, რომელმან ქმნა ცანი და ქუეყანაი და ყოველნი, რაი არს მათ შინა ხილულნი ანუ უხილავნი, რომელსა აქუს უკუდავებაი და მკვიდრ არს იგი ნათელსა შინა თუალთშეუდგამსა, რომელი-იგი არავინ იხილა, ვერცა შემძლებელ არს“.

პეროზ მეფე გულისწყრომით აღივსო, მაგრამ თავი შეიკავა, რადგან ფიქრობდა, რომ დაყვავებითა და პატივით მოიგებდა რაჟდენის გულს და უთხრა: „ისმინე, რაჟდენ, და დაუტევენ უხმარნი ეგე სიტყუანი და ერჩდი ბრძანებათა ჩუენთა და მოგანიჭნეთ პატივნი და დიდებანი უფროის პირველისა და გყოთ თანაზიარ დიდებისა ჩუენისა და იყო საკუთარ მეგობარ და საყუარელ ჩუენთა. და უკეთუ არა ყო, სიკუდილითა მწარითა და სატანჯველითა მრავალფერითა მოგაკუდინთ შენ“.

რაჟდენმა მშვიდად მოისმინა მეფის შეგონება, შემდეგ კი ღიმილით მიუგო: „რაი არიან ნიჭნი და პატივნი შენნი, მეფეო, არა საწუთრონი არიან და მსგავსად სიზმრისა განქარვებადნი და აჩრდილებრ წარმავალნი? ხოლო სული უკვდავ არს და უკვდავადაც ჰგიეს, და უკუეთუ ვისმინო ბრძანებისა შენისა და ვერჩდე თქმულთა შენთა, არა მოვკუდუე მეცა, ვითარცა ზოგადნი ყოველნი კაცნი და მერე საუკუნოდ ვიტანჯებოდე ცეცხლსა შინა უშრეტსა და სიმდიდრე შენი აქავე დაუტევო, ხოლო უკუეთუ მოვკუდე ქრისტესათვის, უკვდავ ვიქმნე საუკუნოდ და მის თანა ვსუფევდე“.

განრისხდა უსჯულო მეფე და ბრძანა, სასტიკად ეცემათ წმიდანი. წამების ოსტატებმა ძირს დასცეს წმიდანი და საშინლად სცემეს, კბილები ჩაულეწეს, სახე სისხლით შეუღებეს, ციცაბო კლდეზე ათრიეს, შემდეგ მძიმე ბორკილები დაადეს და საპყრობილეში ჩააგდეს. დილეგში მყოფი წმიდანი გულმოდგინედ ევედრებოდა უფალს, მიენიჭებინა მისთვის ძალა მოთმინებისა, რომ არ ეღალატა ქრისტესათვის. სპარსელები საპყრობილეშიც ბევრს ეცადნენ გადაებირებინათ წმიდანი, მაგრამ ამაოდ.

რაჟდენის ტყვედ ჩავარდნის და წამების ამბავი მყისვე გაიგეს მცხეთაში. პეროზ მეფეს რამდენიმე წარჩინებული ქართველი ეახლა და მცირე ხნით რაჟდენის გათავისუფლება სთხოვა. პეროზმა რაჟდენს უკან დაბრუნების ფიცი ჩამოართვა და მცხეთაში გაუშვა.

პირველად მეფეს ეწვია რაჟდენი. გაიხარა ღვთისმოყვარე მეფემ, ამბორს უყო და სიყვარულით მოიკითხა. სიხარულით აივსო სახლეული, რადგან არ ელოდნენ მის ხილვას. როცა ცოლმა გაიგო, რომ რაჟდენი ისევ უკან უნდა დაბრუნებულიყო, შეევედრა მეუღლეს: „რად ესრეთ განგიწირავს ცხოვრებაი თვისი და მიგიცემიეს თავი შენი სიკუდილად და ჩუენცა სრულიად ოხერ და ობოლ გუყოფ? ჰყოფდი ბრძანებასა მათსა და იხსენ თავი შენი და ჩუენცა, რათა არა ბოროტად მოკუდე შენ და ჩუენ სიკუდილითა შენითა მივეცეთ განსაცდელსა მწარესა და მწუხარებასა ძნელსა?“ წმიდა რაჟდენმა დატუქსა ცოლი: „რად ესრეთ ბოროტისა განზრახვად შემქმნები, დედაკაცო, ვითარცა ევა, ანუ ვითარცა ცოლი იობისი, რაითამცა ვისმინე შენი და ვიქმნეცა ვითარცა ადამ, უკუდავებისა წილ მოკუდავ და უხრწნელებისა წილ განხრწნილ და მიწად ქცეულ...“ წმიდანი კვლავ უკან დაბრუნდა. პეროზი ისევ შეეცადა რაჟდენის გადაბირებას, თან დიდ პატივს და სიმდიდრეს დაჰპირდა, მაგრამ რაჟდენმა კადნიერად მიუგო: „ვერარამან განმაშოროს სიყუარულსა ქრისტესსა, ჭირმან ანუ იწროებამან, დევნამან ანუ პყრობილებამან, სიკუდილმან ანუ ცხორებამან, სიმდიდრეთა ანუ სიგლახაკეთა, ვერარამან შეუძლოს განყენებაი ჩემი სიყუარულისა ღმრთისასა, რამეთუ მზა ვარ ყოვლისავე დათმენად“.

განრისხებულმა მბრძანებელმა ბრძანა, წრომს დაბანაკებულ სარდალთან გაეგზავნათ მოწამე, თან შეუთვალა: უკუეთუ ისმინოს, პატივით გაისტუმრეთ, თუ არა-ისე აწამეთ, დასამარხადაც არ ვარგოდეს მისი ხორციო.

წრომში მყოფ სარდალს ადრევე ჰქონდა გაგებული რაჟდენის მამაცობის ამბავი, ამიტომ დიდად გაუხარდა, როდესაც პირადად ნახა იგი და ტკბილი სიტყვებით შეეცადა მის გადაბირებას. წმიდანმა მტკიცედ მიუგო: „რაისა მაიძულებთ, უსჯულნო, ცხოველის ღმრთისა დატევებად, რომელმან დაბადა ცა და ქუეყანაი და ყოველი, რაი არს მათ შინა... მე პატიჟნი თქუენნი და ნიჭნი გინებად შემირაცხიან, რომელი დღეს არს და ხვალ არღარა. აწი რომელიცა გენებოსთ, ყავთ იგი, რამეთუ მე მზა ვარ დათმენად ყოველთა ჭირთა ქრისტესათვის“. „ვინაითგან ძელსა ზედა მოკლულისა მიმართ აქუს სასოებაი, რაითა ესეცა ძელითა აღესრულოს“, - გამოუტანეს განაჩენი წმიდანს, შემდეგ კი „აღმართეს ძელი იგი და მას ზედა დამსჭუალეს ტარიგი ქრისტესი“. ჯვარზე გაკრულ წმიდა მოწამეს ისრები დაუშინეს. წმიდანის ბოლო სიტყვები იყო: „ხელთა შენთა, უფალო, შევვედრებ სულსა ჩემსა“. ღამით იქაურმა ქრისტიანებმა მოიყვანეს მღვდელი, გარდამოსახეს ჯვრიდან წმიდა მოწამის გვამი და ფარულად მიწას მიაბარეს.

რამდენიმე წლის შემდეგ საქართველოში მშვიდობა დამყარდა. წმიდა მეფე ვახტანგ გორგასალმა წრომიდან ნიქოზს გადაასვენა წმიდა მოწამე რაჟდენის გვამი და დაკრძალა თავის მიერ აგებულ ნიქოზის საკათედრო ტაძარში. საეკლესიო კრებამ ამ დროიდანვე დააწესა მისი მოსახსენებელი დღეც. წმიდა მეფემ მოწამის სახელობის ტაძრები ააშენა უჯარმასა და სამგორში.