| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
მოწამენი: ლეონტი, ალექსანდრე, კინდევსი, კვირიაკე, მინეონი, კატუნი, მინსითევსი და ევკლე
#წმინდათა ცხოვრება მოწამენი: ლეონტი, ალექსანდრე, კინდევსი, კვირიაკე, მინეონი, კატუნი, მინსითევსი და ევკლე პამფილიის პერგეში ცხოვრობდნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს მმართველობის (284-305 წწ.) დროს. წმიდა მინეონი ხურო იყო, სხვები კი მიწათმოქმედებით მოიპოვებდნენ არსობის პურს. როცა ქრისტიანთა დევნა დაიწყო, მარტვილები მოწამეობის სურვილით აღენთნენ და წარმართული ქალღმერთის - არტემიდეს სამსხვერპლო შემუსრეს. ამისათვის მათ საშინელი სატანჯველი დაატეხეს თავს, შემდეგ კი ცირკში მხეცებს მიუყარეს დასაგლეჯად. მოწამეთა ლოცვით მოთვინიერებული მხეცები არ გაეკარნენ უფლის რჩეულებს. გაოცებულმა ხალხმა იგრიალა: „დიდია ღმერთი ქრისტიანეთა!“ უეცრად საშინელი ჭექა-ქუხილი ატყდა. მეხი და ცეცხლი ერთად ეხეთქებოდა მიწას, ზეციდან გაისმა ხმა, რომელიც ნეტარებს სასუფევლისკენ მოუწოდებდა. სულით განმხიარულებულმა ქრისტეს ტარიგებმა მადლობა შესწირეს უფალს, ნებსით მოუდრიკეს ქედი მახვილს და მოწამეობრივი გვირგვინით შემკულნი შეუერთდნენ ზეციურ ეკლესიას. |