| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
შვიდნი მოწამენი მაკაბელნი: აბიმი, ანტონინე, გური, ელეაზარი, ევსევონი, ალიმი და მარკელე, დედა მათი სოლომონია და მოძღვარი ელეაზარი
#წმინდათა ცხოვრება შვიდნი მოწამენი მაკაბელნი: აბიმი, ანტონინე, გური, ელეაზარი, ევსევონი, ალიმი და მარკელე, დედა მათი სოლომონია და მოძღვარი ელეაზარი ეწამნენ ქრისტეს შობამდე 166 წელს, როცა იუდეა სირიის მეფეს, ანტიოქოს ეპიფანეს ჰქონდა დაპყრობილი. უსჯულო თვითმპყრობელმა გადაწყვიტა, წარმართობა დაენერგა იუდეველთა შორის, უკრძალავდა მათ ღვთისმსახურებას, წვავდა წმიდა წიგნებს; იერუსალიმის ტაძარი გაძარცვა, შიგ იუპიტერის კერპი დაადგმევინა, უფლის რჩეულ ერს ელინური ღვთაებებისთვის მსხვერპლის შეწირვასა და ნაკერპალის ჭამას აიძულებდა... ამ ავბედით ჟამს ბევრმა უარყო ჭეშმარიტი ღმერთი, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც სწუხდნენ თანამემამულეების დაცემისა და გადაგვარების გამო და კვლავ მაცხოვრის მომავალი განკაცების სასოებით ცხოვრობდნენ. მოსეს სჯულს მტკიცედ უერთგულა მაკაბელთა მთელმა სახლეულობამ - მათ ნაკერპავ საჭმელზე უარი განაცხადეს, რისთვისაც წმიდა სოლომონიას თვალწინ მის შვიდივე ძეს რიგრიგობით წამებით ამოხადეს სული. ძმები სიხარულით ეგებებოდნენ სიკვდილს; მხოლოდ იმას შიშობდნენ, რომ მტარვალებს წამება არ შეეწყვიტათ და რომელიმე მათგანი მარტვილის გვირგვინის გარეშე არ დარჩენილიყო. მხნე, ახოვანი და ღვთისმოყვარე სოლომონიაც გაუსაძლის ტკივილებს ითმენდა: მას შვილების წამებაზე მეტად ის აზრი აწუხებდა, რომ ისინი წამებას ვერ გაუძლებდნენ; ამ ქვეყნიდან გასულებზე იმდენად არ დარდობდა, რამდენადაც დარჩენილების მათთან შეერთებას ნატრობდა; ის ამხნევებდა შვილებს და სიმტკიცისკენ მოუწოდებდა. წმიდა სოლომონია ერთი ძის აჩეხილ სხეულს რომ აგროვებდა, მეორეს ჯალათს აბარებდა, მესამეს კი წამებისთვის ამზადებდა... როცა ბოლო, ნაბოლარა ვაჟიღა დარჩა ცოცხალი, ანტიოქოსმა წმიდა სოლომონიას შესთავაზა, ღვთის უარყოფაზე დაეყოლიებინა ჭაბუკი, რომ ის მაინც შერჩენოდა ცოცხალი; უფლის მხევალმა განამტკიცა ყმაწვილი: შენი ძმების ღირსი შეიქმენიო. მეშვიდე შვილის სიკვდილის შემდეგ თავად სოლომონიამაც შეჰვედრა სული უფალს. მაკაბელების მოძღვარი - 90 წლის სჯულისმეცნიერი ელეაზარი მათზე ადრე აღესრულა იერუსალიმში. უსჯულოები ნეტარს ნაკერპალი ხორცის ჭამას აიძულებდნენ, ის კი უკან აფურთხებდა აკრძალულ საჭმელს. ახლობლები და მეგობრები სთავაზობდნენ, საკუთარი ხელით დამზადებული ხორცი ეჭამა და თავი ისე მოეჩვენებინა, თითქოს ნაკერპავს იღებდა; მაგრამ ელეაზარმა უარი განაცხადა-ჩემს ხანდაზმულობას ვერ მოვატყუებ და ახალგაზრდებს ვერ ვაცდუნებო. მაკაბელი ძმების ღვაწლმა გმირობისთვის აღაფრთოვანა ახოვანი მხედარი იუდა მაკაბელი. იგი სათავეში ჩაუდგა სახალხო აჯანყებას ანტიოქოს ეპიფანეს წინააღმდეგ; ღვთის შეწევნით გამარჯვება მოიპოვა, იერუსალიმი კერპებისგან გაწმინდა და წარმართთა ზეობას ბოლო მოუღო. უსჯულო ანტიოქოსს საშინელი სასჯელი დაატყდა თავს: იუდეველებზე შურისსაძიებლად გამზადებულს, მთელი სხეული მყრალი ჭრილობებით დაეფარა; აუტანელი ტკივილებით და ბილწი სუნით გაწამებულმა, ცნო ჭეშმარიტი ღმერთის ყოვლადძლიერება, მხურვალედ შესთხოვდა მას შემწეობას, იერუსალიმის ტაძრის შემკობას, იუდეული სჯულის მიღებას და მთელ თავის სამფლობელოში სჯულის გავრცელებას აღუთქვამდა, მაგრამ ზეცათა მეუფემ არ შეიწირა სინანულის გარეშე, ცრურწმენაზე დაფუძნებული ვედრება და სირიის მრისხანე მბრძანებელს უცხოობასა და საშინელ ტანჯვაში აღმოხდა სული. |