| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
მართალი ევდოკიმე
#წმინდათა ცხოვრება მართალი ევდოკიმე, დიდგვაროვანი და კეთილმსახური მშობლების, ბასილისა და ევდოკიას ძე, იმპერატორ თეოფილეს (826-842 წწ.) ზეობისას ცხოვრობდა კაბადოკიაში. მაცხოვრის მცნებების ერთგულებით აღზრდილი ჭაბუკი ღვთის მოშიშებით ატარებდა დღეებს და მოყვასის მსახურების მაგალითს იძლეოდა. მას უქორწინებლობისა და უმანკოების აღთქმა ჰქონდა დადებული. კეთილკრძალული ცხოვრებისათვის იმპერატორმა ნეტარი ხარსიანის ოლქის მმართველად დანიშნა. ღმერთს მინდობილი ევდოკიმე თვინიერად და ერთგულად ეზიდებოდა თავის ჯვარს: კეთილად განაგებდა ხალხს, ზრუნავდა გლახაკებზე, ობლებსა და ქვრივებზე, იგი იყო ჩაგრულთა ქომაგი და დამცველი; მისი პირადი ქრისტიანული ღვაწლი კი მხოლოდ უფლისათვის იყო ცნობილი. უბიწო ცხოვრებით მართალი ევდოკიმე სათნო ეყო ღმერთს და 33 წლის ასაკში გაიყვანა იგი ამ სოფლიდან. სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარე წმიდანმა ითხოვა, იმავე სამოსლით დაეკრძალათ, რომელშიც აღესრულებოდა. გარდაცვალების დღიდანვე მის ცხედართან სასწაულები და კურნებები აღესრულებოდა. 18 თვის შემდეგ მართალი ევდოკიმეს დედამ გადაწყვიტა შვილი კონსტანტინოპოლში გადაესვენებინა. საფლავის გახსნისას ნახეს, რომ ნეტარი ევდოკიმეს ცხედარს ხრწნილება არც მიჰკარებოდა; საოცარი კეთილსურნელება იფრქვეოდა ირგვლივ. ხარსიანის მცხოვრებლებმა ვერ დათმეს მათთვის ძვირფასი სიწმიდე; მცირე ხნის შემდეგ მღვდელმონაზონმა იოსებმა, რომელიც ნეტარის საფლავთან მსახურობდა, მაინც გადაასვენა წმიდა ცხედარი კონსტანტინოპოლში და ვერცხლის ლუსკუმაში ჩააბრძანა ევდოკიმეს მშობლების მიერ აგებულ ღვთისმშობლის ტაძარში. |