მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

არსენ ნინოწმინდელი
#წმინდათა ცხოვრება

არსენ ნინოწმინდელი XI საუკუნის სასულიერო მოღვაწე, მთარგმნელი, მწიგნობარი და ერთ-ერთი საუკეთესო კალიგრაფი იყო. ის მონაზვნად იერუსალიმში აღიკვეცა, შემდეგ კი „კაცი მაღალი სათნოებითა და მუშაკი ქრისტეს მცნებათაი“ საქართველოში მოიწვიეს და ნინოწმიდის ეპისკოპოსად დაასვეს ხელი. წმიდა არსენმა „ღვთისათვის დაუტევა ეპისკოპოსობაი და დავით კურაპალატის წინაშე მოვიდა“. ტაოს მფლობელმა დავითმა არსენი „ღირსად სიწმიდისა მისისა მოიკითხა და ოთხთა ეკლესიასა წარმოგზავნა“. იმ ხანებში ოთხთა ეკლესიაში ცხოვრობდა ბერი იოანე გრძელისძე. არსენი და იოანე დიდად დამეგობრებულან „მათ უკუე ნეტართა მამათა ჩუენთა, იოანეს და არსენის ფრიადი სიყუარული აქუნდა ერთმანეთისაი და მრავალჟამ იღუწიდეს მუნ კეთილსა  მას ღუაწლსა მონაზონებისასა“, მაგრამ ოთხთა ეკლესიაში ისინი ამქვეყნიური ცხოვრებისაგან საკმაოდ განრიდებულად ვერ გრძნობდნენ თავს, „მყუდროებით ცხოვრებაი ვერ იყოფებოდეს“, ამიტომ „უცხოსა ქუეყანასა“ წასვლა განიზრახეს. „წარვიდეს კერძოთა პონტოისათა“ და იქ ერთ-ერთ მონასტერში დამკვიდრდნენ. მათი იქ ყოფნა შეუტყვიათ იოანე და ექვთიმე მთაწმინდელთ, რომელნიც ამ დროს ახლად დაარსებულ  ათონის ქართველთა მონასტერში მოღვაწეობდნენ და თავისთან მიიწვიეს მამები. მეორე წელს იოანე და არსენი ჩავიდნენ ათონზე და მხარში ამოუდგნენ ექვთიმეს, რომელსაც მამის გარდაცვალების შემდეგ წინამძღვრობის მთელი სიმძიმე დააწვა. ისინი „დიდად თანაშემწნე ექმნეს წმიდასა მამასა... ექვთიმეს თარგმანებასა შინა წმიდათა წერილთასა და მოშურნე მობაძავ წმიდათა სათნოებათა მისთა იქმნეს და მრავალნი წიგნნი ეკლესიისანი ჟამსა სიბერისასა თვისითა ხელითა აღწერნესო“. - მოგვითხრობს გიორგი მთაწმინდელის ბიოგრაფი.

წმიდა არსენი გარდაიცვალა ათონის მთაზე. დაუკრძალავთ „გარეგან მონასტრისა ერთსა შინა ეკლესიასა წმიდისა სვიმეონ მესვეტისასა“. როცა ივერიის მონასტრის წინამძღვრად აირჩიეს წმიდა გიორგი მთაწმინდელი, მან წმიდა არსენის ნეშტი ექვთიმე მთაწმინდელის გვერდით, დიდი ეკლესიის საგანგებო სამარტვილეში გადაასვენა.