მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

მოწამე იოანე მხედარი
#წმინდათა ცხოვრება

მოწამე იოანე მხედარი მსახურობდა იულიანე განდგომილის (361-363 წწ.) ლაშქარში. ის ფარული ქრისტიანი და ლოცვით, მარხვითა და კეთილმსახური ცხოვრებით სათნოეყოფოდა ღმერთს. როგორც ჩანს, ყოველივე ამას ვერ ამჩნევდნენ, რადგან უსჯულო იმპერატორის ბრძანებით სხვებთან ერთად ისიც გაგზავნეს ქვეყნის ერთ-ერთ ოლქში ქრისტიანთა შესაპყრობად. დევნის ნაცვლად იოანე ყოველმხრივ მფარველობდა ქრისტიანებს, ნუგეშს სცემდა და ამხნევებდა მათ. როცა ამის შესახებ შეიტყო, განრისხებულმა იულიანემ ბრძანა, შეეპყროთ და დაუყოვნებლივ კონსტანტინოპოლში ჩაეყვანა სიკვდილით დასასჯელად. გზაში წმიდანს მრავალი სატანჯველის დათმენა მოუხდა: წარმართი მხედრები გვემდნენ მეფის რჩეულ მხედარს, უჭერდნენ რკინის საკვრელებს, ფეხშიშველი ამყოფებდნენ, სიცივითა და შიმშილით ტანჯავდნენ. როცა მათ სამეფო ქალაქამდე ჩააღწიეს, იმპერატორი სპარსელებთან საბრძოლველად იყო გასული. მის დაბრუნებამდე უფლის რჩეული საპყრობილეში გამოკეტეს.

363 წელს, იულიანე განდგომილი სპარსელებთან ბრძოლაში დაიღუპა. ტახტზე ავიდა კეთილმორწმუნე ქრისტიანი იოვიანე, რომელმაც წინამორბედის მიერ მართლმადიდებელთა წინააღმდეგ გაცემული ყველა განკარგულება გააუქმა: ქრისტეს აღსარებისათვის ტყვექმნილები გაათავისუფლა და გადასახლებულ ეპისკოპოსებს კათედრები დაუბრუნა. თავისუფლება ჰპოვა იოანემაც. ამის შემდეგ სატანჯველებით გამობრძმედილმა წმიდანმა ღვთისა და მოყვასის მსახურებას მიუძღვნა თავი. ნეტარი იოანე მშვიდობით მიიცვალა ღრმა მოხუცებულობაში. სიკვდილის წინ მან ითხოვა დაეკრძალათ მდაბიოთა და გლახაკთა სასაფლაოზე. წმიდანს თხოვნა შეუსრულეს. მისი სამარხი დაიკარგა, მაგრამ იოანემ ერთ კეთილმსახურ ქალს გამოცხადებით ამცნო თავისი ადგილსამყოფელი. აღმოყვანების შემდეგ უხრწნელი ნაწილები კონსტანტინოპოლში, იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარში დაასვენეს. მათთან მრავალი სასწაულებრივი კურნება აღესრულებოდა.