| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
მღვდელმოწამე ვალენტინე ეპისკოპოსი, სამნი მოწაფენი მისნი წმიდა მოწამენი: პროკული, ეფიბი და აპოლონი და მართალი აბუნდი
#წმინდათა ცხოვრება მღვდელმოწამე ვალენტინე ეპისკოპოსი, სამნი მოწაფენი მისნი წმიდა მოწამენი: პროკული, ეფიბი და აპოლონი და მართალი აბუნდი ცხოვრობდნენ III საუკუნეში. წმიდა ვალენტინე ქალაქ ინტერმანის (იტალია) ეპისკოპოსი იყო. ღვთივსათნო მოღვაწეობისათვის მას სნეულებათა კურნების ნიჭი ჰქონდა მიმადლებული. იმ ხანებში ათონიდან რომში სასწავლებლად ჩავიდა სამი წარმართი ჭაბუკი: პროკული, ეფიბი და აპოლონი. მათ მოძღვარიც ჰპოვეს, სახელად კრატონი და მის სახლში დამკვიდრდნენ. მოხდა ისე, რომ კრატონის ძე, ქერიმონი მძიმედ დასნეულდა: წელში ისე მოიხარა, რომ თავი მუხლებს შორის მოექცა. სასოწარკვეთილმა მამამ ეპისკოპოს ვალენტინეს სთხოვა დახმარება. ღვთისმოყვარე ღვთისმსახურმა თხოვნა უპასუხოდ არ დატოვა: რომში ჩავიდა, ავადმყოფ ჭაბუკთან ერთად ოთახში ჩაიკეტა და მთელი ღამე ლოცულობდა. დილით ბედნიერმა მშობლებმა იხილეს, რომ მათ შვილს ძველი სნეულების კვალიც არ ეტყობოდა, ირწმუნეს ქრისტე და მთელ სახლეულთან ერთად მოინათლნენ. ნათელიღეს პროკულმა, ეფიბიმ და აპოლონმაც და ქერიმონთან ერთად ვალენტინეს დაემოწაფნენ. საკვირველი მოძღვრის ქადაგებით ბევრი შეუდგა ქრისტეს. მათ შორის იყო ქალაქის თავის ძე, აბუნდიც. იმ დროს, როდესაც მთელ სამყაროში წარმართული მრავალღმერთიანობა ბატონობდა, ქრისტიანობა კი იდევნებოდა, ეს საოცრად გაბედული საქციელი იყო. ხელისუფალთა რისხვა სულიერ მამას, ვალენტინეს დაატყდა თავს. იგი შეიპყრეს, კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს და მრავალგვარი წამების შემდეგ საპყრობილეში გამოამწყვდიეს. მოწაფეები არ დაერიდნენ საფრთხეს და აქაც აკითხავდნენ მოძღვარს. მალე წმიდა მღვდელმთავარს თავი მოჰკვეთეს. პროკულმა, ეფიბიმ და აპოლონმა სულიერი მამის წმიდა ცხედარი ქალაქ ინტერმანაში წაასვენეს და პატივით დაფლეს. ჭაბუკები მთელი დღეების მანძილზე დაუდუმებლად ლოცულობდნენ ძვირფას საფლავთან. როცა ყოველივე ეს ქალაქის ხელისუფალთათვის გახდა ცნობილი, ყმაწვილები შეიპყრეს და ღამით, ფარულად, თავები მოჰკვეთეს. როცა ქალაქის თავის ძემ, აბუნდიმ შეიტყო, რომ მისი მეგობრები დატუსაღებულნი იყვნენ, მათ მოსანახულებლად გაეშურა, მაგრამ უფლის რჩეულთა გაციებული ცხედრებიღა იხილა. ძლიერ დამწუხრებულმა ყმაწვილმა უკანასკნელი პატივი მიაგო წმიდა მოწამეებს: მათი პატიოსანი ნეშტი მოძღვრის, მღვდელმთავარ ვალენტინეს საფლავის გვერდით დაკრძალა. |