მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

მღვდელმოწამე პოლიქრონიოსი ბაბილონელი ეპისკოპოსი, პარმენი, ელიმე და ქრისოტელი ხუცესნი, ლუკა და მუკო დიაკონნი, აბდონ და სენისი
#წმინდათა ცხოვრება

მღვდელმოწამე პოლიქრონიოსი ბაბილონელი ეპისკოპოსი, პარმენი, ელიმე და ქრისოტელი ხუცესნი, ლუკა და მუკო დიაკონნი, აბდონ და სენისი - სპარსეთის მთავარნი და მოწამენი: ოლიმპიოსი და მაქსიმე ეწამნენ III საუკუნეში იმპერატორ დეკიუსის (249-251 წწ.) ზეობისას. დეკიუსმა დაამარცხა სპარსელები, დაიპყრო მათი ქვეყანა, ადგილობრივ მკვიდრთა შორის ბევრი ქრისტიანი ჰპოვა და მათი დევნა დაიწყო. მტარვალებმა შეიპყრეს და უღმრთო ხელისუფალთან წარადგინეს ბაბილონელი ეპისკოპოსი პოლიქრონიოსი, ხუცესნი: პარმენი, ელიმი და ქრისოტელი, და ორი დიაკონი-ლუკა და მუკო. იმპერატორმა მათ კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვა უბრძანა. წმიდა პოლიქრონიოსმა მიუგო: „ჩვენ ჩვენს უფალს, იესო ქრისტეს საკუთარ თავს ვსწირავთ მსხვერპლად, თქვენს უბადრუკ, ხელით ქმნილ კერპებს კი არასოდეს ვეთაყვანები“. კადნიერი პასუხით განრისხებლმა დეკიუსმა ბრძანა, საპყრობილეში ჩაეყარათ წმიდა აღმსარებლები. მომდევნო დაკითხვაზე პოლიქრონიოსი მდუმარედ იდგა. დეკიუსი ხუცესებს მიუბრუნდა: „თქვენი მეთაური დამუნჯდა“. წმიდა პარმენი მას შეეპასუხა: „წმიდა ეპისკოპოსი არ დამუნჯებულა, მაგრამ არ სურს შეიბილწოს თავისი წმიდა ბაგეები და „დაუფინოს მარგალიტი თვისი წინაშე ღორთა“ (მ.7,6). გამხეცებული იმპერატორის განკარგულებით პარმენს ენა მოჰკვეთეს. მიუხედავად ამისა, მან ეპისკოპოს პოლიქრონიოსს სრულიად გარკვეულად უთხრა: „მეუფეო, ილოცე ჩემთვის, მე სულიწმიდას ვხედავ შენზე“. დეკიუსის ბრძანებით ჯალათებმა წმიდა ეპისკოპოსს ქვებით ბაგეები დაუჩეჩქვეს. ნეტარმა მარტვილმა ზეცისკენ აღაპყრო თვალები და სული უფალს შეჰვედრა. უღმრთოებმა წმიდანის ნეშტი ტაძრის წინ დატოვეს. ღამით სპარსელმა მთავრებმა, ფარულმა ქრისტიანებმა, აბდონმა და სენისმა იგი წაასვენეს და ქალაქის გალავნის გასწვრივ დაჰფლეს.

მალე დეკიუსი ქალაქ კორდულაში გაემგზავრა და ბრძანა, სამი ხუცესი და ორი დიაკონი მის კვალდაკვალ ეტარებინათ. კორდულაში ის კვლავ აიძულებდა მოწამეებს, კერპებისთვის მსხვერპლი შეეწირა, მაგრამ ენამოკვეთილი პარმენი ყველას ნაცვლად ხმამაღლა და გაბედულად პასუხობდა უარით.

იმპერატორმა ჩათვალა, რომ ხუცესი ჯადოს ძალით საუბრობდა უენოდ და გასცა განკარგულება, ჯერ გაეძლიერებინათ აღმსარებელთა ტანჯვა, შემდეგ კი ცეცხლში ჩაეყარათ ისინი. ამ დროს ზეციდან გაისმა: „მოვედით ჩემდა, მდაბალნო გულითა“. დეკიუსმა ეს ხმაც ჯადოსნობას მიაწერა და მარტვილებს თავები მოჰკვეთა. სპარსელმა მთავრებმა აბდონმა და სენისმა ღამით წაასვენეს წმიდა ცხედრები და კორდულის მახლობლად, თავიანთ სოფელში დაფლეს. ეს საქციელი დაფარული არ დარჩენილა. მთავრები შეიპყრეს და იმპერატორს წარუდგინეს. უღმრთო თვითმყრობელმა ბრძანა, საყრობილეში გამოემწყვდიათ ისინი. იმავე დღეს კიდევ ორი სპარსელი ქრისტიანი, ოლიმპიოსი და მაქსიმე მიჰგვარეს დეკიუსს. ქრისტეს სარწმუნოების მტკიცე აღსარებისათვის  წმიდა მოწამეები სასტიკი წამების შემდეგ მახვილით განგმირეს. ხუთი დღე მათი ცხედრები დაუმარხავი ეყარა, მეექვსე დღეს კი ქრისტიანებმა პატივით მიაბარეს მიწას.

რომში გამობრუნებლმა იმპერატორმა ბორკილებდასხმული აბდონი და სენისიც თან იახლა. სამეფო ქალაქში ჩასულმა, ქურუმს მოუხმო და აღმსარებლებს კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვა. როცა პასუხად მტკიცე უარი მიიღო, განრისხებლმა დეკიუსმა გადაწყვიტა, წმიდანები მხეცებისათვის მიეგდო დასაგლეჯად, მაგრამ ლომები და დათვები თვინიერად დაუწვნენ მათ ფეხთით. მაშინ მტარვალებმა ნეტარი მარტვილები მახვილებით აჩეხეს. მოწამეთა წმიდა ცხედრები სამი დღე ეყარა კერპის წინ მარლთმორწმუნეთა დასაშინებლად, შემდეგ კი ღამით, ფარულმა ქრისტიანმა კვირინმა მალულად წაასვენა მათი ნეშტი და საკუთარ მამულში დაკრძალა. წმიდა მოწამენი, აბედონი და სენისი 251 წელს აღესრულნენ. მათი უხრწნელი ნაწილები რომში, წმიდა მარკოზის სახელობის ტაძარში განისვენებს.