მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

სამოცდაათთაგანნი მოციქულნი: შილა, სილუანე, კრისკენტი, ეპენეტი და ანდრონიკე
#წმინდათა ცხოვრება

სამოცდაათთაგანნი მოციქულნი: შილა, სილუანე, კრისკენტი, ეპენეტი და ანდრონიკე მაცხოვრის მოწაფეები იყვნენ.

წმიდა შილა იყო კაცი პატივდებული და „შერაცხილი ძმათა შორის“ (საქმე, 15;22). 51 წელს იერუსალიმში გამართული მოციქულთა კრების შემდეგ უფლის მოწაფეებმა ანტიოქიელ ქრისტიანებს პავლესა და ბარნაბას ხელით წიგნი გაუგზავნეს და ამცნეს, რომ წარმართთაგან მოქცეულ ქრისტიანებს წინადაცვეთა და მოსეს სჯულის აღსრულება არ ევალებოდათ, შილა და იუდაც გააყოლეს, „რამეთუ  წინასწარმეტყუელნი იყვნეს, მრავლითა სიტყვითა ნუგეშინისცეს ძმათა მათ და დაამტკიცნეს“. ანტიოქიაში მათ დიდხანს დაჰყვეს, შემდგომ ძმათაგან იუდა წარიგზავნა იერუსალიმში, შილამ კი „ჯერ-იჩინა დადგრომვაი მუნვე“. პავლესთან ერთად მან იმოგზაურა სირიაში, კილიკიაში, მაკედონიაში. ქალაქ ფილიპეში მოციქულები შეიპყრეს, „მრავალი წყლულებაი დასდვეს მათ ზედა“ და საპყრობილეში გამოამწყვდიეს. „შუა ღამეს ოდენ“, როცა პავლე და შილა ლოცულობდნენ და გალობით ადიდებდნენ ღმერთს, მეყსეულად „ძვრაი იყო დიდი, ვიდრემდე საპყრობილე იგი საფუძვლითურთ შეიძრა და მეყსეულად ყოველნი კარნი განეყუნეს და ყოველთა კრულებანი განიხსნეს“. როცა საპყრობილის მცველს გამოეღვიძა და განხმული კარები იხილა, იფიქრა, ტუსაღები გაქცეულანო, მახვილი იხადა და თავის მოკვლა დააპირა, მაგრამ პავლე მოციქულმა „ხმითა დიდითა“ გასძახა: „ნუ რას შეიმთხუევ ბოროტსა თავსა შენსა, რამეთუ ჩუენ ყოველნი აქა ვართ“. ნუგეშინისცემულმა მცველმა სანთელი მოითხოვა და როდესაც ყველა პყრობილი ადგილზე დახვდა,“ ძრწოლა შეედვა და შეუვრდა პავლეს და შილას“. მან იკითხა: „უფალო რა მიღირს მე ყოფად, რაითა ვცხონდე?“ პასუხად მიიღო: „გრწმენინ უფალი იესუ ქრისტე, და სცხონდე შენ და ყოველი სახლი შენი“. მან რწმენით მიიღო მადლმოსილი სიტყვები, იმ ღამეს თავისთან ისტუმრა მოციქულები, „განბანნა იგინი ნაგუემთა მათგან“ და მთელი სახლეულითურთ ნათელი იღო (საქმე; 15,20-16,34). პავლე და შილა ფილიპედან ამფიპოლში გაემგზავრნენ, მოვლეს აპოლონია და თესალონიკე, მრავალი წარმართი მოაქციეს და ეკლესიები განამტკიცეს. კორინთოში შილას ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. იგი კეთილად განაგებდა სამწყსოს, მრავალი სასწაულიც აღასრულა, შემდეგ კი მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

მოციქული სილუანე თავთა მოციქულებთან, პეტრესა და პავლესთან ერთად ქადაგებდა ღვთის სიტყვას. პირველ კათოლიკე ეპისტოლეში პეტრე მოციქული იხსენიებს მას: „სილუანეს მიერ, ძმისა თქუენისა, სარწმუნოისა, ვითარ ვჰგონებ, მცირედ მივწერე“ (1პეტრ.5.12). წმიდა სილუანე თესალონიკის ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული, მრავალი ჭირი და განსაცდელი დაითმინა, ბოლოს კი მოწამეობრივად აღესრულა.

მოციქულ კრისკენტს პავლე მოციქული იხსენიებს ტიმოთეს მიმართ მეორე ეპისტოლეში, სადაც აღნიშნავს, რომ იგი გალატიაში წავიდა საქადაგებლად (2 ტიმ. 4,10). აქ წმიდანი ეპისკოპოსად იქნა ნაკურთხი, შემდეგ გალიაშიც ავრცელებდა ქრისტეს სახარების სწავლებას. ქალაქ ვიენაში მან თავისი მოწაფე, ზაქარია დაადგინა მღვდელმთავრად, გალატიაში დაბრუნებული კი მოწამეობრივად აღესრულა იმპერატორ ტრაიანეს (98-117 წწ.) ზეობისას.

მოციქული ეპენეტი კართაგენის ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული. რომაელთა მიმართ ეპისტოლეში პავლე მოციქული წერს: „კითხვაი არქუთ ეპენეტოსს, საყუარელსა ჩემსა, რომელი იგი არს პირველი ნაყოფი აქაიასაი ქრისტეს მიმართ“ (16,5). იმავე ეპისტოლეში თავი მოციქული იხსენიებს წმიდა ანდრონიკესაც: „კითხვაი არქუთ ანდრონიკეს და იუნიანს, ნათესავთა ჩემთა და თანა-ტყუეთა ჩემთა, რომელნი არიან შესწავებულ მოციქულთა შორის, რომელნი ჩემსა წინაითცა იყვნეს ქრისტეს მიერ“ (16,7). წმიდა მოციქული ანდრონიკე პანონიის ეპისკოპოსი იყო (წმიდა ანდრონიკეს და იუნიას ხსენება აღინიშნება 17 მაისს).