მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმინდა ცოტნე დადიანი
#წმინდათა ცხოვრება

წმინდა ცოტნე დადიანი - „კაცი პატიოსანი და სათნოებიანი და ბრძოლასა შინა სახელოვანი“ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XIII საუკუნეში. იგი დაიბადა 1200 წლის ახლო ხანებში.

ხობის მონასტრის ფრესკაზე გამოსახულია ათიოდე წლის ცოტნე დადიანი და მისი მშობლები: „ერისთავთ-ერისთავი შერგილს დადიანი და დედოფალთ-დედოფალსა ნათელსა“. როგორც ცნობილია შერგილ დადიანს XIII საუკუნის დასაწყისში განუახლებია ხობის მონასტერი, რომელიც მათი საგვარეულო საკუთრება იყო.

წმიდანის მშობლები ზრუნავდნენ საქართველოს გარეთ არსებულ ქართულ სავანეებზეც და უხვ შეწირულობებს უგზავნიდნენ. იერუსალიმის ჯვარის ქართველთა მონასტრის აღაპებში მოხსენიებულნი არიან ცოტნეს მშობლები: შერგილნ დადიანი და ნათელ აფაქიძე. დადიანებს ჯვარის მონასტერში საგანგებოდ ჰყავდათ მივლინებული სასულიერო პირები, აქ მოღვაწეობდა ცოტნეს დედის ძმა ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იოვანე.

იერუსალიმის ჯვარის ქართველთა სავანის მატიენეებში ცოტნე დადიანი სამჯერ მოიხსენიება დედასთან, ცოლთან და ცალკე (მისი გარდაცვალების გამო დაწესებულ აღაპში).

ცნობილია, რომ შერგილ დადიანის ოჯახში ინახებოდა წმიდა მეფე თამარის გულსაკიდი ჯვარი. შერგილ დადიანს თამარის ჯვარისათვის საგანგებოდ შეუქმნია ხატი და ამ ხატის ამოკვეთილ გულში ჩაუსვენებია თამარის გულზე საკიდი ჯვარი. ხატს აქვს შემდეგი წარწერა: „ჰოი ხატო არსებისაო უცვალებულო, მეოხ და მფარველ ექმენ აქა და საუკუნესა ერისთავთ-ერისთავსა დადიანსა შერგირს, და მეუღლე ჩემი დედოფალთ-დედოფალისა ნათელით, ძითურთ ჩემით ცოტნეთურთ“.

პავლე ინგოროყვას გამოკვლევით ცოტნე დადიანს ცოლად ჰყავდა ვეფხისტყაოსნის გენიალური ავტორის შოთა რუსთაველის ძმის, ტბელი გრიგოლის ძის შვილი ბორენა. მკვლევარი ვარაუდობს, რომ სწორედ ბორენას გამოატანეს მზითევში ჰერეთის ბაგრატიონთა კარის ეკლესიის წმიდა გიორგი მთავარმოწამის ხატი, ტბელი გრიგოლის ძის წარწერით. ხატი დადიანთა საგვარეულო ხობის მონასტერში დაცულ სიწმიდეებთან ერთად დააბრძანეს. ცნობილია, რომ მონასტერში ინახებოდა ღვთისმშობლის კვართი, დიდმოწამე მარინეს, კვირიკესა და ივლიტას წმიდა ნაწილები, თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარი და მრავალი სხვა. ცოტნეს მეუღლეს ბორენა დედოფალს მიაკუთვნებენ ლენჯერში დაცული ღმრთისმშობლის ხატის ზურგზე წარწერილ იამბიკოს: „რომელმან ეგე ევას მიუზღე ვალი/ ჰრქვი რაი გაბრიელს: ვარ უფლისა მხევალი“ - /მაშინ ისტუმრე ქვეყნად მოუვალი; /დაემხო ძალი, პირველვე სისხლ-დამთვრალი!/ქალწულო, მიხსენ ბორენა ჭირ-მრავალი“.

მკვლევარის აზრით შოთა რუსთაველისა და ცოტნე დადიანის ოჯახებს შორის ურთიერთობა უფრო დიდი იყო „ვიდრე ოჯახური და ხორციელი ნათესაობა, მათ აკავშირებდათ სიყვარული სამშობლოსი. ისინი ერთად ყოფილან ქტიტორები იერუსალიმის ჯვარის ქართული სავანისა. ჯვარის მონასტრის მხატვრობა 1245-1250 წლებში ერთად განუახლებიათ ცოტნე დადიანის მიერ წარგზავნილ გრიგოლ დრანდელს და შოთა რუსთაველის მიერ წარგზავნილ ანტონ ალავერდელს.

ცოტნე დადიანი მამის გარდაცვალების შემდეგ 1225 წლის ახლო ხანებში ოდიშის ერისთავთ-ერისთავი, 1242-1248 წლებში ცოტნე ლიხ-იმერთა დასავლეთ სადროშოს მხედართმთავრობს. 1245 წელს რუსუდან მეფის გარდაცვალების შემდეგ მონღოლებმა საქართველოს მთავრებს უმძიმესი ხარკი დაუწესეს და თან მონღოლთა მიერ სხვა ქვეყნების დამპყრობლურ ლაშქრობებში მონაწილეობაც დაავალეს. ქვეყნის მდგომარეობა იმდენად გაუსაძლისი გახდა, რომ საქართველოს მთავრებმა გადაწყვიტეს, გაერთიანებული ძალებით შებრძოლებოდნენ მტერს. კოხტასთავში გამართულ შეკრებაზე მთავრებმა „დაამტკიცეს ომი და დადვეს პაემანი ქართლს შეკრებისა“. ცოტნე დადიანი „კაცი კეთილი და სრული საღმრთოთა და საკაცობოთა“, და რაჭის ერისთავი ლაშქრის შესაკრებად წავიდნენ. როგორც კი თათრებმა ქართველთა მთავრების ფარული შეკრების შესახებ შეიტყვეს, მაშინვე კოხტასთავს გამოემართნენ, იქ შეკრებილი ყველა ქართველი დიდებული დაატყვევეს და ანისის ქვეყანაში, შარავაკანში წაასხეს. შეკრების მიზეზად ქართველები მონღოლთათვის ხარკის შეკრებას ასახელებდნენ. მონღოლებმა მთავრები გააშიშვლეს, ხელ-ფეხი შეუკრეს, ტანზე თაფლი წაუსვეს და მშიერ-მწყურვალნი, პაპანაქება სიცხეში დატოვეს, თან ყოველდღე შეკრების მიზეზს ეკითხებოდნენ.

დათქმულ დროს ცოტნე გამოცხადდა თავისი ლაშქრით და შეიტყო მომხდარი „მწუხარე იქმნა უზომოდ, და თავისად სიკუდილად და სირცხვილად შეჰრაცხა საქმე იგი და წარავლინა ლაშქარი თვისი, და ორითა კაცითა წარვიდა ანისად, დამდები სულისა თვისისა და აღმსარებელი მცნებისა უფლისასა“. ცოტნემ იხილა სასიკვდილოდ განწირული მოძმეები, ცხენიდან ჩამოხტა, სამოსელი გაიხადა, თვითონ შეიკრა ხელ-ფეხი და გვერდით მიუჯდა მათ. გაკვირვებულმა მონღოლებმა ცოტნეს მოსვლის მიზეზი ჰკითხეს. „ჩვენ ყოველნი ამად შევიკრიბენით, რათა განვაგოთ ხარაჯა თქუენი და ბრძანებაი თქუენი აღვასრულოთ-ეს იყო შეკრება ჩუენი. აწ თქუენ ძირისმოქმედთა თანა შეგვრაცხენით, და მე ამის ძლით მოვედ წინაშე თქუენსა, რათა გამოიკითხოთ, და უკეთუ ღირსი რამე სიკუდილისა უქმნიეს, მეც მათ თანა მოვკუდე, რამეთუ თვინიერ ჩემსა არარა უქმნიეს; უკეთუ ცხოვდნენ, მათ თანა ვიყო“,- უპასუხა ცოტნემ. ცოტნე დადიანის ასეთმა თავდადებამ იმდენად იმოქმედა მონღოლებზე, რომ მათ ქართველების გათავისუფლება გადაწყვიტეს. „ყოველთა ქართველთა შენ მოგანიჭებთ და შენდა მინდობილ ვართ“, - უთხრეს მათ ცოტნეს და ყველა გაათავისუფლეს.

1258 წელს ცოტნე დადიანს მანდატურხუცესობა უბოძეს. 1259 წლის მონღოლების წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებაში ცოტნე დადიანის სახელი აღარ ჩანს. ვარაუდობენ, რომ ამ დროისათვის ცოტნე დადიანი უკვე გარდაცვლილი იყო.

ცოტნე დადიანის გმირობა ყოველთვის სარწმუნოების სიყვარულისა და თავდადების მაგალითი იყო და ერი ყოველთვის წმიდანად მიაგებდა პატივს მას. წმიდა სინოდის 1999 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით ცოტნე დადიანის წმიდანად შერაცხვა იყო მართლმორწმუნე ერის ნების გამოხატულება, ამიტომაც ყველამ გაიხარა ახალი ზეციური მეოხის დადგინებით.