| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
მოწამე თეოდოტია
#წმინდათა ცხოვრება მოწამე თეოდოტია, მდიდარი ქვრივი ქალი ნიკეიდან, სამ მცირეწლოვან ყრმასთან ერთად მაკედონიაში ცხოვრობდა, საკუთარ მამულში. თავის სიმდიდრეს იგი უხვად ხარჯავდა გლახაკთა დასახმარებლად და უპატრონო მიცვალებულთა დასასაფლავებლად. წმიდანს სულიერი მეგობრობა აკავშირებდა წმიდა ანასტასიასთან (ხს. 22 დეკემბერს). როცა ქრისტიანთა დევნა დაიწყო, ორივე წმიდა დედა დაატუსაღეს. სამსჯავროზე დიდებული კარისკაცი ლევკადისი მოიხიბლა თეოდოტიას მშვენიერებით. გადაწყვიტა, შინ წაეყვანა და ცოლად შეერთო. ლევკადისის სახლში თეოდოტია შვილებან ერად სიწმიდეში ატარებდა დღეებს; წარმართმა კარისკაცმა ვერც შეგონებით, ვერც ლიქნით, ვერც მუქარით ვერ მოდრიკა მისი ნება. ბოლოს წმიდანის სიმტკიცით გამხეცებულმა, შვილებთან ერთად ბითინიაში გაგზავნა იგი, ოლქის მმართველ ნიკიტიუსთან. როცა მსაჯული წამების მუქარით შეეცადა ნეტარი დედის დაშინებას, მისმა უფროსმა შვილმა, ევოდმა განაცხადა: „ქრისტიანებს არ ეშინიათ სატანჯველების, ისინი მხოლოდ ღვთის მადლის დაკარგვას უფრთხიან!“ ბავშვი მშობლის წინ საშინლად გვემეს. იგი სისხლისგან დაიცალა და მოწამის გვირგვინით შეერთო ნეტარ მარადისობას. ამის შემდეგ ნეტარი დედა გარყვნილებს გადასცეს შესაგინებლად, მაგრამ ზეციურმა ძალამ დაიცვა იგი. ყველას თვალწინ სასწაული აღესრულა: უფლის ანგელოზი წინ აღუდგა უსჯულოებს, რომლებიც გაკადნიერდნენ, მიახლოებოდნენ ქრისტეს ტარიგს. მსაჯულმა მომხდარი წმიდანის ჯადოქრობას მიაწერა და მას შვილებთან ერთად ცეცხლში დაწვა მიუსაჯა. მოწამეთა: თეოდოტიას, ყრმა ევოდის და მისი ორი მცირეწლოვანი სხვა ძის ხსენება 22 დეკემბერს აღესრულება, წმიდა ანასტასიასთან ერთად. |