| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
მოწამე ევსტათი მცხეთელი
#წმინდათა ცხოვრება მოწამე ევსტათი მცხეთელი (ნათლობამდე გვირობანდაკი) წარმოშობით სპარსი იყო. იგი ქართლში ჩავიდა და მცხეთაში დასახლდა. გვირობანდაკი ხელობით მეხამლე იყო და მალე მცხეთელ ხელოსანთა ამქარის წევრიც გახდა. მას ისე მოეწონა ქართველთა ზნე-ჩვეულება, რომ გაქრისტიანება გადაწყვიტა, ეს კი იმ დროისათვის ძალიან საშიში იყო. გვირობანდაკმა კათოლიკოს სამოელის (ხს. 30 ნოემბერი) ხელით მიიღო ნათლობა და ქრისტიანული სახელი - ევსტათი ეწოდა. მალე მან ქართველი ქალი შეირთო და მთლიანად დაუმოყვრდა ქრისტესთან დამოყვრებულ ერს. ერთხელ მცხეთელმა სპარსელებმა დღესასწაულზე მიიწვიეს ევსტათი, მაგრამ წმიდანმა შორს დაიჭირა: „მე ქრისტეს ბეჭდითა აღბეჭდილი ვარ და ბნელსა მაგას განშორებულ ვარო“, - შეუთვალა მან ძველ თანამემამულეებს. დღესასწაულის დამთავრების შემდეგ ცეცხლთაყვანისმცემლებმა მცხეთის ციხისთავთან, უსტამთან დაასმინეს ევსტათი. მან თავისთან დაიბარა წმიდანი. ევსტათი ჯერ შეყოყმანდა, შემდეგ კი გაიფიქრა: „ესენი ჩემი მოყვარენი არიან და თუ ამათი შემეშინდება, სხვასთან როგორღა მოვიქცევი. წავალ და ცხადად ვაღიარებ ქრისტეს, რამეთუ წერილ არს: რომელმან აღმიაროს მე წინაშე კაცთა, აღვიარო მეცა იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაისა და რომელმან უარმყოს მე წინაშე კაცთა, უვარ ვყო იგი მეცა წინაშე მამისა ჩემისა, რომელ არს ცათა შინა“. უსტამმა სადაურობა გამოკითხა ევსტათის. წმიდანმა მიუგო: სპარსელი ვარ, არშაკეთის ხევიდან, ქალაქ განძაკიდან. მამაჩემი მოგვი იყო, მეც მოგვობას მასწავლიდა, მაგრამ ჩვენს ქალაქში ბევრი ქრისტიანი ცხოვრობდა, შევისწავლე მათი რჯული, ვარჩიე მოგვობას და ახლა ქრისტიანი ვარ. ციხისთავი დაემუქრა წმიდანს: „არავინ გიტეოს ქრისტეს მსახურ ყოფად და თუ მშვიდობით არა განუტეო სიცოფე ეგე შენი, ტანჯვაი დიდი მოიწიოს შენ ზედა“. წმიდა ევსტათიმ მშვიდად მიუგო: „არა ხოლო ტანჯვად განმზადებული ვარ ქრისტეს სიყვარულისთვის, არამედ სიკუდიდცა თავი ჩემი არა შემწყალის“. უსტამს არ ჰქონდა დასჯის უფლება, ამიტომ ქართლის მარზაპანთან, არვანდ გუშნასპასთან გაგზავნა აღმსარებელი. შემასმენელნი კვლავ ეახლნენ მცხეთის ციხისთავს და აუწყეს, რომ კიდევ 7 სპარსელი შესდგომოდა ქრისტეს სჯულს. რვავე ქრისტიანს ბორკილები დაადეს და თბილისში გაგზავნეს. მარზაპანმა მკაცრად დაკითხა ქრისტეს მსასოებელი სპარსელები. მათ უპასუხეს: „მამულსა-ღა ზედა რჩეულსა ვიყვენით, სპარსთა რჩული ვიცოდით, ხოლო რაჟამს ქართლად შემოვედით და ქრისტიანეთა რჩეული ვიხილეთ, ქრისტიანე ვიქმნენით და აწ ქრისტეანეთა ვართ, რამეთუ ქრისტიეანეთა რჩული წმიდა და სურნელ არს და ფრიად კეთილ და შუენიერ არს, ხოლო სხუა რჩული ვერ ესწორების რჩულსა ქრისტეანეთასა“. განრისხებულმა მარზაპანმა ბრძანა, სასტიკად დაესაჯათ ისინი: გაეპარსათ თმა და წვერი, გაეხვრიტათ ცხვირები, დაედოთ ბორკილები და საპყრობილეში ჩაეყარათ, ხოლო თუკი რომელიმე უარყოფდა ქრისტეს - შეეწყალებინათ. ორმა ქრისტიანმა, ბახდიადმა და პანაგუშნასპმა, ვერ გაუძლო წამებას: მიუხდა ეშმაკი მათ გულს და უარყვეს ქრისტე. მარზაპანმა ისინი გაათავისუფლა, ხოლო ევსტათი, გუშნაკი, ბორზო, პეროზაკი, ზარმილი და სტეფანე საპყრობილეში დაამწყვდევინა. ექვსი თვის შემდეგ მარზაპანი სპარსეთის მეფემ თავისთან მიიხმო. ამით ისარგებლეს ქართლის კათოლიკოსმა სამოელმა, მცხეთის მამასახლისმა გრიგოლმა, პიტიახშმა არშუშამ და სპარსეთს მიმავალ არვანდ გუშნასპს სთხოვეს, გაეთავისუფლებინა დილეგში ჩაგდებული სპარსელი ქრისტიანები. არვანდ გუშნასპმა თხოვნა შეუსრულა ქართველ დიდებულებს, თუმცა დაამატა - ისინი მოსაკლავად მყავდა გამზადებულიო. გათავისუფლებული ქრისტიანები ნეტარებით ცხოვრობდნენ მაშინ, როცა მაცხოვრის უარმყოფელი ბახდიადი ეშმაკეულ იქმნა და მოკვდა, პანაგუშნასპი კი საშინელ გაჭირვებაში იმყოფებოდა. სამი წლის შემდეგ ქართლს მარზაპანად ვეჟან ბუზმირი მოევლინა. მოგვებმა კვლავ დაასმინეს ევსტათი და სტეფანე და მანაც მყისვე იხმო ისინი. ევსტათი მიხვდა, რომ ეს მისი უკანასკნელი გზა იყო თბილისში, სამუდამოდ გამოეთხოვა ოჯახს და უთხრა: „ჯმნულმცა ვარ მე თქვენგან, რამეთუ მე აქა არღარა მოქცევად ვარ და ქრისტე მე არა უვარ ვყო და მათ მე არღარა განმიტეონ ცოცხლებით, ხოლო სიკუდილი ჩემი ტფილისს ყოფად არს საპყრობილესა და თავი მოკუეთად არს ჩემდა, ხოლო გუამი ჩემი მოიწიოს აქვე ნებითა ღმრთისაითა“. მცხეთის ჯვრის დანახვაზე მხედრებით გარშემორტყმული ევსტატი გაჩერდა და ღმერთს შეჰღაღადა: „უფალო ღმერთო, იესუ ქრისტე, უკუეთუ ღირს მყო მე სიკუდილსა სახელისა შენისათვის ქრისტიანობით, ხორცთა ჩემთაი ნუ ჯერ გიჩნს განგდებაი გარე და შეჭმაი ძაღლთა და ფრინველთა ცისათაი, არამედ ხორცთა ჩემთა ბრძანე აქვე მოქცევაი და დამარხვაი მცხეთას, სადაც ნათელ მიღებიეს“. შეპყრობილი ქრისტიანები ახალ მარზაპანს წარუდგინეს. ვეჟან ბუზმირმა მრისხანედ გამოჰკითხა ტყვეებს ვინაობა. ევსტათისგან მოსმენილი ქრისტიანული აღმსარებლობით გაკვირვებულმა და მისი მშვენიერებით მოხიბლულმა ბუზმირმა ტკბილად მიმართა წმიდანს: „შვილო ჩემო ევსტათი, ისმინე ჩემი და ნუ დაიმცირებ დღეთა ცხოვრებისა შენისათა ქრისტეანებისათვის და ნუ ქურივ-ჰყოფ ცოლსა შენსა და ობოლ შვილთა შენთა და ნუ მისწყდები მოყუასთა შენთა ამას ცხოვრებასა“. წმიდა ევსტათიმ განუცხადა, რომ ქრისტეს არ უარყოფდა. გაბრაზებულმა მარზაპანმა ბრძანა, წმიდანი საპყრობილეში წაეყვანათ, ღამით კი თავი მოეკვეთათ და ქალაქგარეთ დაეგდოთ ფრინველთა საჯიჯგნად, რომ ქრისტიანებს არ შეძლებოდათ მისი პატივით დაკრძალვა. მსახურებმა საპყრობილისკენ წაიყვანეს წმიდა ევსტათი. ვიდრე საპყრობილეს მიაღწევდნენ, მან ითხოვა ლოცვისათვის დრო მიეცათ, მუხლი მოიდრიკა, თვალები ზეცად აღაპყრო და უფალს შეევედრა: „უფალო, ღმერთო ყოვლის მპყრობელო, რომელსა ყოველთა კაცთაი გნებავს ცხოვრებაი, რომელნი ეშვენ სარწმუნოებით სახლსა წმიდასა შენსა; რომელმან ისმინე ლოცვაი პირველთა მათ მოწამეთაი... ამას ვილოცავ და გევედრები და ვითხოვ შენ სახიერისაგან, რათა არა დაეტეოს გვამი ჩემი აქა ტფილისსა შინა, არამედ რაითა დაემარხოს იგი მცხეთას წმიდასა, სადა იგი შენ გამომიჩნდი და რათა აქუნდეს მადლი და კურნებაი ძუალთა ჩემთა, ვითარცა იგი პირველთა მათ“. უცებ გაისმა ხმა: „არა უნაკლულეს იყო შენ პირველთა მათ მადლითა კურნებისაითა, რომელთა ჰრწმენე მე, ხოლო გუამისა შენისათვის ნუ ჰზრუნავ, ეგრე იყოს, ვითარცა შენ სთქუ ყოფად“. მარზაპანის მსახურებმა თავი წარკვეთეს წმიდა ევსტათის, გვამი კი ღამით გაიტანეს და ქალაქგარეთ დააგდეს. ქრისტიანებმა ევსტათის ცხედარი, მალულად წაასვენეს მცხეთას. წმიდა ნეშტს სამოელ კათოლიკოსი შემოეგება და პატივითა და დიდებით დაკრძალა სვეტიცხოველში, წმიდა ტრაპეზის ქვეშ. |