მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი პავლე ქსეროპოტამელი
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი პავლე ქსეროპოტამელი (ერობაში - პროკოპი) იყო ბიზანტიის იმპერატორის, მიხეილ კურაპალატის ძე. ღრმად და საფუძვლიანად განსწავლული მეფისწული თანამედროვეთა შორის ერთ-ერთი უგანათლებულესი ადამიანი იყო. ნეტარი განერიდა ყოველივე წარმავალს და მთაწმინდას, ქსეროპოტამად წოდებულ ადგილს მიაშურა. აქ დედოფალ პულქერიას მიერ წმიდა ორმოცი მოწამის სახელზე აგებული მონასტერი უკვე ჩამოექცეულიყო. უკაცრიელ ნანგრევებში წმიდანმა მცირე სენაკი მოაწყო, შიგ დამკვიდრდა, ბერად აღიკვეცა და პავლეს სახელით შეუდგა მოსაგრეობას. ღირსი მამა თავმდაბლობის გამო არავისთან ავლენდა თავის განათლებას, მაგრამ მკაცრმა, ასკეტურმა ცხოვრებამ მას მალე გაუთქვა სახელი. ღირს მამას პავლე ქსეროპოტამელი შეარქვეს, იმ სავანეს კი, სადაც ის მოსაგრეობდა, დღესაც ქსეროპოტამს (დამშრალ ნაღვარევს) უწოდებენ.

როცა ბიზანტიის სამეფო ტახტზე წმიდა პავლეს ნათესავი, იმპერატორი რომანოზი ავიდა, მამა კონსტანტინოპოლში ჩასვლაზე დაითანხმა. სასახლის ბრწყინვალებასა და ფუფუნებაში წმიდანი ჯვრით ხელში, თავისი ძველი, დაფლეთილი სამოსლით გამოცხადდა და მძიმედ დასნეულებული იმპერატორი თავზე ხელის შეხებით განკურნა. მადლიერმა რომანოზმა მას სამეფო კარზე დარჩენა შესთავაზა, მაგრამ ღირსმა მამამ არ ისურვა დაბრუნებოდა მისი სულისთვის უცხო, ამაო ყოფას; მან მხოლოდ ერთი რამ ითხოვა: თვითმყრობელს ქსეროპოტამის დანგრეული მონასტრის აღორძინებაზე ეზრუნა. წმიდანის სურვილი შესრულებულ იქნა: სავანე აღდგა. როცა ტაძარი აკურთხეს, ტრაპეზზე იმპერატორის მიერ პავლესათვის ნაბოძები უფლის ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილი დააბრძანეს. მონასტერი თანდათან გაივსო ბერებით, მდუმარებისმოყვარე წინამძღვარმა კი საძმოზე  ზრუნვა ერთ-ერთ მოწაფეს გადააბარა და თავად შორეულ უდაბნოს მიაშურა. მალე სულიერმა შვილებმა, რომელთაც არ სურდათ მოძღვართან განშორება, ნეტარი იქაც მოძებნეს. მაშინ მან იმპერატორ რომანოზისგან კვლავ გამოითხოვა საჭირო სახსრები, წმიდა გიორგის სახელობის სავანე ააგო და ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილები აქ გადაასვენა.

ღირს პავლეს უფლისგან წინასწარ ეუწყა აღსასრულის მოახლოება. მოიხმო ქსეროპოტამისა და წმიდა გიორგის სახელობის მონასტრის ძმები და უკანასკნელად დამოძღვრა. მიცვალების დღეს წმიდა მამამ მოსასხამი შეიმოსა, ჩვეული სიმდაბლით წარმოთქვა იოანიკე დიდის ლოცვა, რომელსაც დაუდუმებლად იმეორებდა: „სასოება ჩემდა მამა, შესავედრებელ ჩემდა ძე, მფარველ ჩემთა სულიწმიდა, სამებაო წმიდაო, დიდება შენდა“, და ქრისტეს წმიდა სისხლსა და ხორცს ეზიარა. ნეტარმა დაიბარა, მისი ცხედარი მთაწმინდის მოპირდაპირე პონღოსის ნახევარკუნძულზე დაეკრძალათ, მაგრამ, ღვთაებრივი განგებულებით, ხომალდი კონსტანტინოპოლის ნაპირს მიადგა. იმპერატორმა და პატრიარქმა ძვირფასი ნეშტი საზეიმოდ გადააბრძანეს წმიდა სოფიას ტაძარში. ჯვაროსნების მიერ კონსტანტინოპოლის დარბევის შემდეგ წმიდა პავლეს უხრწნელი ნაწილები ვენეციაში გადაასვენეს.