მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

სამოცდაათთაგანნი მოციქულნი: პროხორე, ნიკანორი, ტიმონი და პარმენი
#წმინდათა ცხოვრება

სამოცდაათთაგანნი მოციქულნი: პროხორე, ნიკანორი, ტიმონი და პარმენი ქრისტეს ეკლესიის პირველი დიაკვნები იყვნენ. „საქმე მოციქულთაში“ (6; 1-6) მოთხრობილია, რომ ქრისტიანთა გამრავლებასთან ერთად ბერძენთა შორის წარმოიშვა დრტვინვა ებრაელთა მიმრათ, რამეთუ „უგულვებელ-იქმნებოდა მსახურებაი იგი დღითი-დღედ ქურივთა მათთაი“. მაშინ ათორმეტთა მოციქულთა მოუწოდეს მოწაფეთა სიმრავლეს და მიმართეს: „არ გამოირჩიენით, ძმანო, კაცნი თქუენთაგანნი, რომელნი წამებულ იყვნენ შვიდნი, სავსენი სულითა წმიდითა და სიბრძნითა, რომელნი დავადგინნეთ საკმარსა ამას ზედა, ხოლო ჩუენ ლოცვასა და მსახურებასა ამის სიტყვისასა განვეკრძალნეთ“. შვიდ რჩეულს შორის აღმოჩნდნენ პროხორე, ნიკანორი, ტიმონი და პარმენიც. „და დაადგინნეს  წინაშე მოციქულთა და ილოცეს, და დაასხნეს მათ ზედა ხელნი მათნი“. დიაკვნები სხვადასხვა დღეს და სხვადასხვა დროს აღესრულნენ, მაგრამ ეკლესია 28 ივლისს ერთად აღნიშნავს მათ ხსენებას.
 

წმიდა პროხორე თავდაპირველად წმიდა პეტრეს თანმხლები და თანაშემწე იყო და მის მიერვე იკურთხა ქალაქ ნიკომიდიის ეპისკოპოსად. ღვთისმშობლის მიძინების შემდეგ ნეტარი მამა წმიდა იოანე ღვთისმეტყველს ახლდა სამოციქულო მოგზაურობაში, მასთან ერთად იყო გადასახლებული კუნძულ პატმოსზეც. აქ პროხორემ ჩაწერა გამოცხადება სამყაროს აღსასრულის შესახებ (აპოკალიფსი), რომლის ხილვის ღირსად თავისი უსაყვარლესი მოწაფე იაონე გახადა ღმერთმა. ნიკომიდიაში დაბრუნების შემდეგ წმიდა მამა დაუცხრომლად იღწვოდა გონებადაბინდულ წარმართთა ქრისტეს ნათლით განსანათლებლად და იქვე ჰპოვა მოწამეობრივი აღსასრული.

წმიდა ნიკანორი იყო ერთი იმ 2000 ქრისტიანთაგანნი, რომელნიც პირველმოწამე სტეფანესთან ერთად ამოხოცეს ებრაელებმა.

წმიდა ტიმონი არაბეთის ქალაქ ბოსტრის (ბასტრის) ეპისკოპოსი იყო. სახარების ქადაგებისათვის იუდეველებმა და წარმართებმა მას საშინელი სატანჯველი დაატეხეს თავს, გახურებულ ქურაშიც შეაგდეს, მაგრამ უვნებელი გადარჩა. რომის ეკლესიის გადმოცემის თანახმად, ტიმონ დიაკონი ჯვარზე აღესრულა.

წმიდა პარმენი გულმოდგინედ იღწვოდა სახარების სწავლების გასავრცელებლად მაკედონიაში. ერთი ცნობით, იგი სნეულებამ იმსხვერპლა, სხვა წყაროთა მოწმობით კი, ტრაიანეს (98-117 წწ.) მეფობის უკანასკნელ წელს წამებით ამოხადეს სული.