| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
მოციქულთა სწორნი: კლიმენტი ოჰრიდელი, ნაუმი, საბა, გორაზდი და ანგელარი
#წმინდათა ცხოვრება მოციქულთა სწორნი: კლიმენტი ოჰრიდელი, ნაუმი, საბა, გორაზდი და ანგელარი სლავები იყვნენ, კირილესა და მეთოდეს (ხს. 11 მაისს) მოწაფეები. წმიდა მეთოდეს შემდეგ საეპისკოპოსო კათედრაზე დადგენილ იქნა გორაზდი. წმიდა კლიმენტი, ნაუმი, ანგელარი და საბა ხუცესებად მსახურებდნენ. სლავ განმანათლებლებს წინ აღუდგა მისიონერთა ძლიერი ლათინო-გერმანული ჯგუფი, რომელსაც პაპის მხარდაჭერა და მორავიელი მთავრის, სვიატოპოლკის მფარველობა უმაგრებდა ზურგს. პაპმა სტეფანე VI-მ სლავურ ენაზე ღვთისმსახურება აკრძალა. მთავრის ხელისუფლების მეშვეობით წმიდა მეთოდეს მოწაფეები და მათ შორის ნეტარი კლიმენტიც დაატყვევეს. 886 წელს შედარებით ახალგაზრდა ტყვეები მონებით მოვაჭრეებს მიჰყიდეს და ისინი ვენეციის ბაზარზე აღმოჩნდნენ. წმიდა გორაზდი, საბა, ნაუმი და ანგელარი სხვა ხანდაზმულ ტყვეებთან ერთად განდევნეს. ნაუმი და ანგელარი ბულგარეთში ჩავიდნენ. წმიდა მამები დაუყოვნებლივ შეუდგნენ ბულგარელ დიდებულთა მიერ შეკრებილი სლავური წიგნების შესწავლას. მალე წმიდა ანგელარი გარდაიცვალა, წმიდა კლიმენტი კი მაკედონიის სამხრეთ-დასავლეთ ოლქში - კუტმიჩევიცაში მოძღვრად დანიშნეს. აღმოსავლეთის ეკლესიაში ამ მოვალეობის შესასრულებლად ღირსეულ, კეთილმსახური ცხოვრებით ცნობილ და მჭერმეტყველების ნიჭის მქონე ადამიანებს ირჩევდნენ ხოლმე. წმიდა მამამ 893 წელს დაიწყო მოღვაწეობა ახალ ხარისხში. ამავე დროს იგი კლიმენტი დრემვიცის ანუ ველიცის ეპისკოპოსად აკურთხეს, მისი ადგილი კი ნაუმმა დაიჭირა. მღვდელმთავარი კლიმენტი პირველი იყო ბულგარელ მღვდელმთავართაგან, რომელიც სლავურ ენაზე მსახურებდა, ქადაგებდა და წერდა. ამასთან, იგი დაუცხრომლად ეძიებდა რჩეულებს სლავურენოვანი მრევლიდან და ღვთისმსახურებად ამზადებდა. წმიდა მწყემსმთავარი როცა დაუძლურდა, ოჰრიდში, მის მიერვე დაარსებულ მონასტერში გაემგზავრა. აქ მან თარგმნა ზატიკის მნიშვნელოვანი ნაწილი. მალე ეპისკოპოსი მძიმედ დასნეულდა და 916 წელს სული უფალს შეჰვედრა. წმიდა კლიმენტი ითვლება პირველ სლავ მწერლად: მან არა მარტო განაგრძო კირილესა და მეთოდეს მიერ დაწყებული მთარგმნელობითი მოღვაწეობა, არამედ დაგვიტოვა ორიგინალური ნაწერებიც - სლავური სასულიერო მწერლობის პირველი ნიმუშები. ნეტარი გორაზდისა და ანგელარის წმიდა ნაწილები ბერათის მახლობლად, ალბანეთშია დაკრძალული, წმიდა ნაუმის ნეშტი კი მისივე სახელობის მონასტერში, ოჰრიდის ტბის მახლობლად. |