| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
დიდმოწამე და მკურნალი პანტელეიმონი
#წმინდათა ცხოვრება დიდმოწამე და მკურნალი პანტელეიმონი დაიბადა ქალაქ ნიკომიდიაში დიდებული და გავლენიანი წარმართის, „მეფის თანამეინახის“ ევსტორგიოსისა და კეთილმსახური ქრისტიანი ქალის, ევბულას ოჯახში. ახალშობილს პანტელეონი -„ყოვლად ლომი“ დაარქვეს. დედა, რომელიც ჭეშმარიტი ღვთის სასოებით ზრდიდა შვილს, ადრე გარდაიცვალა, ხოლო მამამ წარმართული სარწმუნოების ერთგულება ჩაუნერგა ყრმას, „ასწავა იგი სიბრძნისა და მწიგნობრობისა“, შემდეგ კი სამკურნალო ხელოვნებაში დაოსტატებულად მიაბარა ეფროსინეს - მკურნალთა მთავარს, რომელიც „ჰკურნებდა მეფესა და ყოველსა ერსა პალატისა მისისასა“. გულისხმიერებით გამორჩეული ჭაბუკი მასწავლებელს ყოველთვის თან დაჰყავდა ხოლმე სასახლეში. აქ იმპერატორმა მაქსიმიანემ (284-305 და 307-310 წწ.) შენიშნა იგი, მოიხიბლა და ეფროსინეს უბრძანა, სწრაფად განესწავლა ნეტარი, რადგან მისი პირად მკურნალად დადგენა ჰქონდა გადაწყვეტილი. მოძღვართან მიმავალ პანტელეონს ერთი პატარა ქოხის წინ უნდა ჩაევლო, რომელშიც წმიდა ხუცესნი: ერმოლაოზი, ერმიპე და ერმოკრატე (ხს. 26 ივლისს) ცხოვრობდნენ. ერმოლაოზმა სულით იგრძნო, რომ ეს ჭაბუკი ღვთის რჩეული ჭურჭელი გახდებოდა. ერთ დღეს შინ შეიპატიჟა და გაესაუბრა. როცა გაიგო, რომ იგი წარმართულ მოძღვრებებს ეუფლებოდა გულმოდგინებით, პატიოსანმა მამამ უთხრა: „შვილო ჩემო, ასკლიბიოს და ბაგრატ და გალიანოს არარანი იყვნენ, რამეთუ მსახურებდეს ამაოებასა; და ღმერთნიც, რომელთა ჰმონებდეს მეფე თქუენი, არარანი არიან“, შემდეგ კი ჭეშმარიტი სარწმუნება უქადაგა. კეთილი თესლი კეთილ ნიადაგზე მოხვდა: პანტელეონმა ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი. ამიერიდან იგი ყოველდღე დადიოდა ხუცეს ერმოლაოზთან და სახარების სწავლებას ეწაფებოდა. ერთ დღეს შინ მიმავალი პანტელეონი წააწყდა მკვდარ ბავშვს, რომელიც ასპიტს დაეგესლა და თვითონაც იქვე გაწოლილიყო. თავდაპირველად ჭაბუკი შეძრწუნდა, „განცუიბრდა და მცირედ განდგა კიდე“, შემდეგ კი გადაწყვიტა, დარწმუნებულიყო ერმოლაოზის სიტყვების ჭეშმარიტებაში, თვალები ზეცად აღაპყრო და წარმოთქვა: „ჰოი, უფალო იესუ ქრისტე, უკუეთუ სათნო-გიჩს, რაითა ვიყო მსახურ შენდა და ღირს წოდებასა შენისა, აღდეგინ აწ უკუე ყრმაი ესე სახელითა შენითა!“ ამ სიტყვებზე ყრმა, თითქოს ძილისგან გამოფხიზლდაო, ფეხზე წამოდგა, გველი კი განსკდა და მოკვდა. „მაშინ პანტელეონ შეიწყნარა მადლი სარწმუნიებისა“, მადლობა შესწირა ღმერთს და სთხოვა, მოენათლა. წმიდა ხუცესმაც ნათელი სცა ნეტარს. ამის შემდეგ პანტელეიმონმა მადლმოსილი სიტყვითა და მახვილგონივრული შეკითხვებით წარმართული ღვთაებების რწმენა შეურყია მშობელს. მას შემდეგ კი, რაც მან მაცხოვრის სახელის მოხმობით თვალი აუხილა ბრმას, რომელსაც ქალაქის ყველაზე დახელოვნებულმა ექიმებმაც კი ვერაფერი უშველეს, ევსტორგიოსმა საკუთარი ხელით შემუსრა ცრუღმერთთა ქანდაკებები, აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი და მოინათლა. მამის სიკვდილის შემდეგ წმიდანმა მონები გაათავისუფლა, მემკვიდრეობით მიღებული ქონება კი გლახაკებს დაუნაწილა. იგი დადიოდა საპყრობილეებში და ნუგეშს სცემდა პატიმრებს, სნეულებს ჰმსახურებდა „ხელითა თვისითა“, ქრისტეს სახელით კურნავდა, თან ნივთიერადაც შეეწეოდა. ქალაქის მკვიდრნი სხვა ექიმებს ტოვებდნენ და პანტელეიმონისაკენ ისწრაფვოდნენ. ისიც, ღვთის მადლით, მრავალ სასწაულს აღასრულებდა. „შეიშურეს მკურნალთა სხუათა საქმეი იგი მისი“ და მიზეზს ეძებდნენ ნეტარის დასაღუპავად. ბოლოს, დაბოღმილებმა, მაქსიმიანეს აუწყეს, შენი რჩეული „ჰკურნებს... მათ რომელნი ღმერთთა აგინებენ და მისცემს საზრდელს და განდგომილ არს იგი მსახურებისაგან ღმერთთაისა“. და თუ დროზე არ წარწყმედ მას, კიდევ ბევრს გარდააქცევს მამა-პაპათა სჯულიდანო. მეფემ მოაყვანინა პანტელეონი და ბრალდების განქარწყლება მოსთხოვა, წმიდანმა კი ახოვნად აღიარა თავის სარწმუნოება და თვითმპყრობელის თვალწინ ქრისტეს სახელის მოხმობით განრღვეული განკურნა. განრისხებულმა მაქსიმიანემ ნეტარს კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვა უბრძანა, მაგრამ ვერც მუქარამ, ვერც ლიქნამ ვერ მოდრიკა ნეტარი. მაშინ იგი საშინლად აწამეს: ხეზე დაკიდეს, რკინის სამთითებით „ხუეტეს და დაბძარეს“ ხორცი მისი, ანთებული ლამპრებით დაუდაღეს სხეული, ადუღებულ ტყვიაში ჩააგდეს, ყელზე ლოდგამობმული ზღვაში მოისროლეს, მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, დიდი ურმის თვალზე დააბეს და მაღლიდან დააქანეს, რომ ნაკუწ-ნაკუწ დაჭრილიყო, მაგრამ უფლის გამოცხადებით გამხნევებული მოწამე უფლისავე ძალით სრულიად უვნებელი გამოვიდა სატანჯველებიდან. ამის შემდეგ სამსჯავროს წინაშე წარადგინეს წმიდანის მოძღვარი - ერმოლაოზი, მასთან ერთად ხუცესნი: ერმოპე და ერმოკრატე და ჭეშმარიტების აღსარებისათვის სიკვდილით დასაჯეს (იხ. 26 ივლისის საკითხავი), პანტელეონს კი უთხრეს: „აჰა, ეგერა, მოძღუართა შენთა აღიარეს ღმერთთა უფლებაი“, უზორეს მათ და ახლა სასახლეში პატივით იმყოფებიანო. ქრისტეს მარტვილმა მიუგო „კარგად ვუწყი, რომ წმიდანი იგი ზეცას არიან მკუიდრ ქალაქსა ქრისტესა“. გონდაკარგულმა მაქსიმიანემ კვლავ „ტანჯა იგი სატანჯველითა მრავლითა“, შემდეგ კი მსახურებს მისი მოკვდინება და ცეცხლში ჩაგდება უბრძანა. ჯალათებმა ქალაქიდან გაიყვანეს ნეტარი, მიიყვანეს „ადგილსა მას, სადა-იგი სათნო-უჩნდა უფალსა აღსრულებაი წმიდისაი მის“ და ზეთისხილის ხეებქვეშ დააყენეს. ერთმა მხედარმა მახვილი ჩასცა უფლის სათნომყოფელს, მაგრამ ბასრი იარაღი ცვილივით გაიღუნა, წმიდანს კი „არარაი ევნო“. სასწაულით შეძრულმა მეომრებმა ირწმუნეს ქრისტე და მარტვილს სთხოვეს, უფლისგან ცოდვების მიტევება გამოეთხოვა მათთვის. ლოცვის პასუხად ზეციურმა ხმამ სასუფევლისკენ მოუწოდა მარტვილს და ამცნო: „ამიერიდან არღარა გეწოდოს შენ სახელი პანტელეონ, არამედ პანტელეიმონ იყოს სახელი შენი, რომელ არს: ყოველთა მოწყალეთაი, რამეთუ იყავ ყოველთა კაცთა მოწყალე, და შენ იყავ ნავთსაყუდელ მყუდრო, რომელნი მოილტვოდიან შენდა, და ჭირვეულთა შემწე და განწირულთა ხელის ამყრობელ და ბოროტთა სულთა განმდევნელ“, ჯალათებმა უარი განაცხადეს სასჯელის აღსრულებაზე, ქრისტეს მარტვილმა კი მიუგო: „უკუეთუ თქუენ არა ჰყოთ ესე, არა გაქუს ჩემ თანა ნაწილი“. მაშინ მხედრებმა კრძალვით ამბორს უყვეს ნეტარს, „და ესრეთ მოჰკუეთეს თავი მისი“. წმიდანის ცხედარი თოვლივით გასპეტაკდა, ჭრილობებიდან სისხლის ნაცვლად რძე გადმოდინდა, ზეთისხილის ხეები კი ნაყოფებით დახუნძლა. ამ სასწაულის მრავალმა მხილველმა ადიდა ჭეშმარიტი ღმერთი. ქრისტიანებმა იგი პატივით მიაბარეს მიწას (305). უფლის რჩეულის სიკვდილით დასჯას ესწრებოდნენ მისი მსახურები: ლავრენტი, ვასოი და პროვიანე. სწორედ მათ შემოგვინახეს ცნობები პანტელეიმონის ცხოვრებისა და მოწამეობრივი ღვაწლის შესახებ. დიდმოწამის უხრწნელი ნაწილები მთელ ქრისტიანულ სამყაროშია მიმოფანტული. მისი პატიოსანი თავი ათონზე, წმიდა პანტელეიმონის სახელობის რუსულ მონასტერში ინახება. |