| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
კეთილმორწმუნენი მთავარნი ბორისი და გლები
#წმინდათა ცხოვრება კეთილმორწმუნენი მთავარნი ბორისი და გლები (ნათლისღებით რომანოზი და დავითი) მოციქულთასწორი ვლადიმირის (ხს. 15 ივლისს) შვილები იყვნენ. ვლადიმირმა თავისივე სიცოცხლეში დაუნაწილა მიწები ვაჟიშვილებს - ბორისს რიაზანის სამთავრო ერგო, გლებს კი - მურომისა. 1015 წელს, წმიდა ვლადიმირის აღსასრულის შემდეგ, დიდი სამთავრო ხელში ჩაიგდო მისმა შვილობილმა, რუსეთის ისტორიაში „წყეულის“ სახელით შესულმა სვიატოპოლკმა. მან წმიდა ძმების მოკვლა გადაწყვიტა. ამ დროს მომხდურ პაჭანიკებთან ბრძოლიდან მობრუნებული წმიდა ბორისი თავისი რაზმი მდინარე ალტასთან იყო დაბანაკებული. სვიატოპოლკმა წმიდა ბორისს გზიდან მის ჩამოსაშორებლად მკვლელები დაიქირავა და 24 ივლისს ღამით ვერაგულად მოაკვლევინა. წმიდა მთავარის ცხედარი ფარულად გადაასვენეს ვიშგოროდში, კიევიდან 15 ვერსის მოშორებით და წმიდა ბასილის სახელობის ტაძარში დაკრძალეს. ბორისის მკვლელობის შემდეგ სვიატოპოლკმა მალემსრბოლები გააგზავნა იმჟამად სმოლენსკის მახლობლად მყოფ გლებთან და თითქოს მძიმედ დასნეულებულ მამასთან მოუხმო. გლებიც დაუყოვნებლივ გაეშურა მშობლისგან უკანასკნელი კურთხევის მისაღებად. გზაში მკვლელები წამოეწივნენ ნეტარს, მახვილით მოუსწრაფეს სიცოცხლე, მისი ცხედარი კი იქვე, მდინარე სმიადინის ნაპირას მიაგდეს და ზედ ფიჩხები მიაყარეს. უფლის რჩეულის წმიდა ნეშტის ადგილსამყოფელი ზეციური სასწაულით გაცხადდა: ზოგჯერ მას ნათლის სვეტი ადგებოდა თავს, ზოგჯერ კი გამვლელებსა და მწყემსებს ანგელოზთა ტკბილი ხმა ესმოდათ. სმოლენსკელებმა ამას ყურადღება მიაქციეს, გლების ცხედარს მიაკვლიეს და პატივით გადაასვენეს იგი თავიანთ ქალაქში. იაროსლავმა გლების წმიდა ნეშტი ვიშგოროდში გადაასვენა და ბორისის გვერდით დაკრძალა, წმიდა ბასილის სახელობის ტაძარში. მოგვიანებით იაროსლავის ძემ, იზიასლავმა წმიდა მთავართა სახელობის ახალი ტაძარი ააგო და 1072 წლის 2 მაისს მათი უხრწნელი ნაწილები იქ გადააბრძანა (იხ. 2 მაისის საკითხავი). |