მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

მოწამე ქრისტინე
#წმინდათა ცხოვრება

მოწამე ქრისტინე ქალაქ ტვირის მმართველის - ურბანოსის ერთადერთი ასული იყო. 11 წლის ასაკს მიღწეული ქალწული საოცარი მშვენიერებით გამოირჩეოდა და მრავალ ყმაწვილს სურდა მასზე დაქორწინება, მაგრამ მამა ნეტარს ქურუმად ზრდიდა. მან ქრისტინე საგანგებოდ აშენებულ საკერპო შენობაში გამოკეტა და უბრძანა, ეკმია კერპებისათვის. ასულს ორი მხევალი ემსახურებოდა.

მარტოობაში მყოფმა  ქალწულმა დაიწყო ფიქრი იმაზე, თუ ვინ შექმნა ეს მშვენიერი სამყარო. თავისი ოთახის სარკმლიდან იგი შესცქეროდა ვარსკვლავებით მოჭედილ ზეცას და თანდათანობით მიდიოდა დასკვნამდე, რომ ყველაფერ არსებულს ერთი შემოქმედი ჰყავს. იგი მიხვდა, რომ კერპს არ შეეძლო რაიმეს შექმნა, რადგან თავად იყვნენ შექმნილნი ადამიანის ხელით, და იგი ცრემლიანი ლოცვებით შესთხოვდა ერთ ჭეშმარიტ ღმერთს, გაეცხადებინა მისთვის საკუთარი თავი. ნეტარის სული თანდათან შეუცნობელი უფლის მხურვალე სიყვარულით აღივსო და უმატა გულწრფელ ლოცვავედრებასა და მარხვას.

ქრისტინეს უფლის ანგელოზი გამოეცხადა და ჭეშმარიტ სარწმუნოებაში დამოძღვრა. მან ასულს ქრისტეს სასძლო უწოდა და ისიც უწინასწარმეტყველა, რომ უფლის სახელისათვის წამების დათმენაც მოუწევდა. ამის შემდეგ წმიდანმა ირგვლივ აღმართული წარმართულ ღვთაებათა ყველა ქანდაკება შემუსრა და ფანჯრიდან გადაყარა. როცა მამამ, ურბანოსმა შვილი მოინახულა, გაოცებულმა იკითხა, კერპები სად გაქრნენო. ქრისტინე დუმდა. მმართველმა მხევლებს მოუწოდა, მათგან შეიტყო სიმართლე და გაგონილით გონდაკარგულმა, ბრძანა, დაეხოცათ შვილის მხევლები, თავად ქრისტინე კი საშინელი წამების შემდეგ დილეგში ჩააგდო. როცა დედამ შეიტყო მომხდარი, მოთქმითა და ტირილით მიეახლა შვილს და სთხოვა, მამააპურ სარწმუნოებას დაბრუნებოდა. მაგრამ ქრისტინე შეურყეველი დარჩა. მეორე დღეს ურბანოსმა მოუხმო ასულს, კიდევ ერთხელ შეეცადა კერპების თაყვანისცემაზე დაეყოლიებინა, თან დანაშაულის პატიებასაც ითხოვდა, მაგრამ ყველაფერი ამაო იყო: ქრისტეს ტარიგი ურყევად სასოებდა მაცხოვარს.

მტარვალებმა რკინის ბორბალზე დააკრეს ნეტარი და ქვეშ ცეცხლი შეუნთეს. ყოვლადდასაწვავი მსხვერპლივით ყოველმხრივ ედებოდა ალი კოცონზე მბრუნავ წმიდანის სხეულს. ბოლოს ნაწამები კვლავ საკანში გამოკეტეს.

ღამით ქრისტინეს ანგელოზმა დაუამა წყლულები და საზრდელით განამტკიცა. გამთენიისას ურბანოსმა სასწაულებრივად განკურნებული ასული რომ იხილა, განკარგულება გასცა, ზღვაში დაეხრჩოთ იგი, მაგრამ ფსკერისკენ მხოლოდ წმიდანის კისერზე გამობმული ლოდი დაექანა, თავად უფლის მხევალი, კი ღვათაებრივი ძალით ამსუბუქებული, სასწაულებრივ გავიდა ნაპირზე და მამის წინაშე წარდგა. შეშინებულმა მტარვალმა ყველაფერი ჯადოქრობას მიაწერა და გადაწყვიტა, დილით სიკვდილით დაესაჯა ქრისტინე, მაგრამ საკვირველი და მიუწვდომელია ღვთის განგებულება: იმ ღამით თავად მიიცვალა. მის ნაცვლად დანიშნულმა ახალმა მმართველმა, დიონმა იხმო მოწამე და  შეეცადა, ქრისტეს უარყოფაზე დაეყოლიებინა, მაგრამ როცა ვერაფერს გახდა, ახალი სატანჯველი დაატეხა თავს. წმიდა ქრისტინე დიდხანს ჰყავდა გამომწყვდეული დილეგში. მნახველები აღწევდნენ მასთან და მისი მადლმოსილი სიტყვებით გონებაგანათებულნი, ადიდებდნენ ჭეშმარიტ ღმერთს; ნეტარმა სამი ათასამდე ადამიანი მოაქცია ქრისტიანობაზე. დიონის შემდეგ ტვირის მმართველად იულიანე დაადგინეს. მან განაახლა წმიდა ქრისტინეს წამება. ბოლოს კი, მრავალგვარი სატანჯველით ვნებული ასულის გახურებულ ღუმელში შეგდება და გამოკეტვა ბრძანა. ხუთი დღის შემდეგ ღუმელის კარები გააღეს და უფლის რჩეული ცოცხალი და უვნებელი იხილეს. აღსრულებული სასწაულების მრავალი მოწმე ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექცა, უღმრთო მტარვალებმა კი ქრისტეს სასძლოს თავი მოჰკვეთეს.