| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
ღირსი ილარიონ თუალელი
#წმინდათა ცხოვრება ღირსი ილარიონ თუალელი იყო თუალის მონასტრის (ანტიოქიის მახლობლად) მოღვაწე ბერი. იგი XI საუკუნის დასაწყისში ხახულის მონასტერში მოღვაწეობდა. გიორგი მცირე „გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებაში“ წერს, რომ იგი იყო „უმაღლესი სათნოებით და სულიერთა მოძღურებათა შინა განთქმული“. ღირსი ილარიონი „ვითარცა მთიები ბრწყინავდა კრებულსა შორის მამათასა, რომლისა სათნოებათა და მოღუაწებათა წარმოთქუმაი შეუძლებელ არს“. ღირსმა ილარიონმა აღზარდა ხახულის მონასტერში მოყვანილი ყრმა გიორგი მთაწმინდელი (ხს. 27 ივნისს). „ვითარცა ღმრთისა მიერ მოცემული კეთილი შვილი, ეგრეთ შეიწყნარა და წესიერებისა მიმართ და სათნოებისა წურთად უწყის და ესრეთ წარემატებოდა ნებითა ღმრთისაითა, ვითარცა ნერგი კეთილი, დანერგილი თანაწარსადინელსა ღმრთივსულიერითა სწავლათასა, დღითი-დღე აღორძინდებოდა“. მისგანვე მიიღო გიორგიმ მონაზვნეობის კურთხევა. „ქართლის ცხოვრების“ გადმოცემით ილარიონ თუალელი იმ დროისათვის სახელგანთქმული მთარგმნელი იყო. მიხეილ საბინინის ცნობით, ღირსი ილარიონი გარდაიცვალა 1041 წელს. |