მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა დიდმოწამე, კახეთის დედოფალი ქეთევანი
13 (26) სექტემბერი

წმიდა ქეთევანი იყო აშოთან მუხრანბატონის ასული. კეთილგონიერი და მორწმუნე ქეთევანი კახეთის მეფის, ალექსანდრეს უფროს ვაჟზე, დავითზე დააქორწინეს. მეფე ალექსანდრეს კიდევ ორი ვაჟიშვილი ჰყავდა :– გიორგი და კონსტანტინე. კონსტანტინე შაჰ-აბასის კარზე იზრდებოდა ბავშვობიდანვე და რჯულიც გამოცვლილი ჰქონდა.
ალექსანდრე მეფე ბერად აღიკვეცა ალავერდის ტაძარში. ტახტზე დავითი ავიდა, მაგრამ ოთხიოდ თვეში, 1602 წელს, კახეთის ახალგაზრდა მბრძანებელი მოულოდნელად გარდაიცვალა. დაქვრივებულ ქეთევანს დარჩა ქალ-ვაჟი:– თეიმურაზი და ელენე. ალექსანდრე კვლავ სამეფოს დაუბრუნდა. ქვეყნის არეულობისა და სხვადასხვა საშიშროების გამო ქეთევანმა თეიმურაზი შაჰ-აბასთან გაგზავნა.
შაჰ-აბასმა, როგორც კი დავითის სიკვდილისა და თეიმურაზის დაბრუნების ამბავი შეიტყო, თავის კარზე აღზრდილ გამაჰმადიანებულ კონსტანტინე-მირზას უბრძანა, წასულიყო კახეთში, მოეკლა მოხუცებული მამა, მოეკლა ღვიძლი ძმა გიორგი და თვითონ ასულიყო კახეთის სამეფო ტახტზე.
გამხეცებულმა კონსტანტინე-მირზამ შეასრულა ბრძანება, შემდეგ მამისა და ძმის მოკვეთილი თავები, ვითარცა ძვირფასი ძღვენი, "მამობილს" გაუგზავნა, მათი გვამები კი აქლემებს აჰკიდა და ალავერდს გაგზავნა დასამარხად. ქეთევანმა პატივით დაკრძალა მამამთილისა და მაზლის ცხედრები.
სისხლში გასვრილმა კონსტანტინემ ქეთევანს ცოლობა სთხოვა:"შეგირთავ ცოლად და შენც მორჩილ მექმენ, რამეთუ ესრეთ არს წესი და ჩვეულება სჯულად მაჰმადიანისაო." კონსტანტინე კარგად ხედავდა დედოფლის ავტორიტეტს მთელს სამეფოში და მამისა და ძმის სისხლის საფასურად მითვისებულ ტახტზე განმტკიცებას უფრო ესწრაფვოდა, ვიდრე ქეთევანის სილამაზეს. ქეთევანმა კახეთის დიდებულები იხმო, ყოველივე აუწყა და უთხრა, თუ სარწმუნოებას და ქვეყნის ღირსებას ვერ დაიცავთ, ქართლს დავბრუნდებიო, მუხრანში.
დიდებულებმა ერთგულება შეჰფიცეს დედოფალს, შეიკრიბნენ, მიუვარდნენ სჯულისა და ტრადიციების შემაგინებელს და სიცოცხლეს გამოასალმეს. ქეთევანმა ურწმუნო კონსტანტინეს გვამი გვარისათვის შესაფერისი პატივით დაკრძალა, შაჰს დიდძალი ძღვენი გაუგზავნა და სთხოვა, მეფედ თეიმურაზი დაემტკიცებინა.მანამდე, კი დროებით, თვითონ იტვირთა სამეფოზე ზრუნვა.
შაჰ-აბასი შეშინდა: კახეთი განმიდგება, ქართლს შეუერთდება და საბოლოოდ დავკარგავო, ამიტომ სასწრაფოდ დიდი პატივით დააბრუნა საქართველოში თეიმურაზი.
გაიხარა დედოფალმა შვილის ხილვით, გაიხარა მთელმა საქართველომ ქრისტიანი უფლისწულის დაბრუნებით. მეფე იკურთხა და ქვეყანაში დროებით სიმშვიდემ დაისადგურა. ახალგაზრდა მეფემ გურიელის ასული ანა შეირთო ცოლად. მეფე -– დედოფალს ორი ვაჟი და ერთი ასული – ლევანი, ალექსანდრე და თინათინი შეეძინათ. მალე ანა დედოფალი გარდაიცვალა. შაჰის იძულებით თეიმურაზმა ლუარსაბ მე-2 -–ის და, ხორეშანი შეირთო, შაჰმა კი ხორეშანის და -– ელენე მოიყვანა ცოლად. ასე ცბიერებით დაუმოყვრდა იგი ქართლ- კახეთის სამეფოს, ნამდვილად დამოყვრებულ ქართლსა და კახეთს შორის მუდამ თესავდა განხეთქილების ღვარძლს.
შაჰ-აბასმა 1614 წელს ელჩი გაუგზავნა თეიმურაზს და ერთგულების ნიშნად შვილი სთხოვა მძევლად. იცოდა თეიმურაზმა შაჰის ვერაგობა, მაგრამ დიდებულების იძულებით უმცროსი ვაჟი, ალექსანდრე მაინც გაგზავნა სპარსეთში, თან დედაც- წმიდა ქეთევანიც გააყოლა:"ჰგონებდა პატივისცემასა დედისასა შაჰ-აბასისაგან." შაჰმა ჯერ უფროსი შვილი –ლევანი ითხოვა, შემდეგ კი თეიმურაზსაც შეუთვალა:"რადგან ასეთი ერთგული კაცი ხარ, ჩამოდი და შენც მნახეო"
ყველასათვის ნათელი გახდა შაჰის სურვილი: მას სურდა კახეთის სამეფო კარისათვის ერთად მოეყარა თავი და ერთიანად შეემუსრა. დრო აღარ ითმენდა. თეიმურაზი და ლუარსაბი შეითქვნენ და სძლიეს გაერთიანებული ძალებით ჟალეთში დაბანაკებულ მტერს.
შემდგომ დაიწყო ქართლის ცხოვრების უსაშინლესი პერიოდი. კახეთის დასალაშქრად გამზადებულმა შაჰ-აბასმა ძვირფასი მძევლები-წმიდა ქეთევანი და მისი შვილიშვილები –შირაზს გაგზავნა, თვითონ კი კახეთს შეესია. მტერმა ააოხრა სამეფო კარი, შერყვნა ეკლესია-მონასტრები, გადაასახლა და დააცარიელა სოფლები. ქვეყანა შიმშილმა და ძალადობამ მოიცვა.უსჯულოებმა ცეცხლს მისცეს კახეთი. სამასი ათასზე მეტი ქართველი სპარსეთში გადაასახლეს, გაუდაბურებულ ქვეყანაში კი ულუსები ჩამოასახლეს.
დამარცხებული მეფეები იმერეთის მეფეს, გიორგის შეეხიზნენ.
შირაზს გადასახლებიდან ხუთი წლის შემდეგ შაჰმა ქეთევანს ჩამოაშორა თეიმურაზის ძენი, ისპაანს წაიყვანა და დაასაჭურისა. ალექსანდრემ ტანჯვას ვერ გაუძლო და გარდაიცვალა, ხოლო ლევანი შეიშალა. სამშობლოს ხვედრით შეძრწუნებული დედოფალი, რომელმაც შვილიშვილების უბედურება არ იცოდა, შირაზის მმართველის, გათათრებული ქართველის, იმამ-ყული-ხან უნდილაძის სასახლეში ცხოვრობდა. ნაქართველარი თათარი დიდი პატივით ეპყრობოდა ქეთევანს და ამბობდა, დიდად საპატიო სტუმარი არისო ჩვენთან, ის კი არ არის ტყვე, ჩვენ თვითონ ვართო მისი ტყვეები. მისი ბრძანებით წმიდა დედოფალს არ უმხელდნენ, თუ რა საშინელი ბედი ეწიათ ბატონიშვილებს-ლევანსა და ალექსანდრეს.
ათი წელი იტანჯებოდა დედოფალი"საპატიო" ტყვეობაში. მარხვით, ლოცვით, ქვაზე წოლით გაილია დედოფლის სხეული. მაინც მხნედ იყო, უვლიდა, ზრუნავდა და თავს დაჰფოფინებდა თავის სამწყოსს-მის გამგებლობაში მყოფ ოციოდე ქართველს.
ხედავდა გულმრისხანე შაჰი, რომ "უდრეკ იყო დედოფალი", ისევ წმიდა სამებას სასოებდა კახეთის მანათობელი ვარსკვლავი, ჯვარცმულ მაცხოვარს ავედრებდა თავის ჯვარცმულ ქვეყანას და ემზადებოდა დიდი მისიისათვის.
უსჯულო აბასმა გადაწყვიტა, სჯული გამოეცვლებინა ქეთევანისათვის. მისი უზნეობა და თავხედობა იქამდეც მივიდა, რომ ცოლობა სთხოვა ზნესრულ დედოფალს და ეს მოხდა სწორედ იმ დღეს, როცა წმიდანმა თავისი შვილიშვილების ბედი შეიტყო.
შაჰმა იმამ-ყული-ხანს შეუთვალა:"ქეთევან დედოფალი თუ გათათრდეს, ნურას აწყენ და თუ არ გათათრდეს, აწამე და სასჯელით მოჰკალიო." შეძრწუნდა უნდილაძე, მოციქულის პირით შეუთვალა:"ბერი დედაკაცი არის და ახლა ეს არ გათათრდება, რას აქნევ ამის გათათრებას, თქვენთვის სირცხვილი არისო მისი სიკვდილი." შაჰ-აბასი გაბრაზდა, ბრძანების სასწრაფოდ აღსრულება უბრძანა შირაზის ხანს.ნაქართველარი შეევედრა დედოფალს, სხვის დასანახად მაინც აღიარე მაჰმადი, გულში კი ქრისტიანად დარჩიო. წმიდა ქეთევანმა შორს დაიჭირა უნდილაძის ნათქვამი და წამებისათვის განემზადა. ილოცა, შვილი და მამული შეავედრა უფალს, შეჰღაღადა:"მეუფეო ქრისტე, სიტყუაო ღვთისაო, არა შუენოდა მხევლისა შენისად უარის ყოფაი შენი, ნუ მიმცემ ეშმაკსა მხევალსა შენსა." ეზიარა მაცხოვრის ყოვლადპატიოსან და უხრწნელ ხორცსა და სისხლს და უშიშრად დადგა ჯალათის წინაშე.
ხალხით გაჭედილ მოედანზე გაიყვანეს ქართველთა სათაყვანებელი დედოფალი, რომელსაც მგლოვიარე ქართველები მიაცილებდნენ. ჯალათებმა მოიტანეს სპილენძის ქვაბები, დაანთეს ცეცხლი, შეაწყვეს შიგ შანთები გასახურებლად და სადღესასწაულოდ შემოსილი დედოფალი კოცონის წინ დააყენეს. მხოლოდ ერთი რამ ითხოვა წმიდა მოწამემ:"დედის ნაშობნი ხართ თქვენც, ნუ შეურაცხმყოფთო სიშიშვლით."
უსჯულოებმა ენით აუწერელი სისასტიკით აწამეს ქართველთა წმიდა დედოფალი; გახურებული რვალის ქვაბი დაამხეს თავზე, გაზით დააგლიჯეს ძუძუები,გავარვარებული შამფურები გაუყარეს მკერდიდან ზურგში, ფრჩხილები დააძრეს, ხორცი დააგლიჯეს, ლურსმნიან ფიცარზე დააგდეს და ზედაც ლურსმნიანი ფიცარი დააჭედეს, ბოლოს გახურებული ბარით შუბლი გაუპეს.
წმიდა სულმა დატოვა ნაგვემი სხეული. გამძვინვარებულმა ჯალათებმა ნადირთა სათრევად დააგდეს წმიდა დედოფლის გვამი, მაგრამ ღმერთმა მოავლინა სასწაული –- წმიდანის ნეშტს ნათელი დაადგა.
წამების მხილველმა ფრანგებმა წმიდა დედოფლის ნაწილები დიდი პატივით წაასვენეს, საკმეველით და მურით გაჟღენთილ ქსოვილში გაახვიეს და კათოლიკურ მონასტერში დაასვენეს, რამდენიმე ხნის შემდეგ კი კახეთის მეფეს, თეიმურაზს გამოუგზავნეს თავისი წმიდა დედის თავი მკლავთან და სხვა ნაწილებთან ერთად.
თეიმურაზმა კიდევ ერთხელ დაიტირა თავისი დედა და ძენი,შემდეგ კი პატივით და დიდებით დაკრძალა ალავერდის წმიდა გიორგის ტაძარში.