მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

მღვდელმოწამე აპოლინარი
#წმინდათა ცხოვრება

მღვდელმოწამე აპოლინარი, რავენელი ეპისკოპოსი წარმოშობით ანტიოქიელი იყო. რავენის ეპისკოპოსად იგი პავლე მოციქულმა აკურთხა რომში, იმპერატორ კლავდიუსის მმართველობის დროს (41-54 წწ.). თავის ეპარქიაში ნეტარი უბრალო მწირის სახით ჩავიდა და ადგილობრივ მკვიდრს, მხედარ ირინეოსს თავშესაფარი სთხოვა. მასპინძელთან საუბარში წმიდანმა განაცხადა მისი უმაღლესი სასულიერო წოდება და შემდგომ უფლისადმი აღვლენილი ლოცვით თვალისჩინი დაუბრუნა ირენიოსის ვაჟს. გახარებულმა ირენიოსმა და მისმა სახლეულებმა, პირველებმა რავენელებს შორის, ირწმუნეს ჭეშმარიტი ღვთის ყოვლადძლიერება. მღვდელმთავარი მათ სახლში დარჩა საცხოვრებლად. წმიდანის ქადაგებას მრავალი სასწაული ახლდა თან. როცა მისი ლოცვით ტრიბუნის დავრდომილი მეუღლე, თეკლა განიკურნა, ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექცა ტრიბუნის მთელი ოჯახი. მათ სასახლეში აპოლინარმა მოაწყო მცირე ეკლესია. ახალმოქცეულ რავენელთათვის წმიდა ეპისკოპოსმა ორი ხუცესი - ადერეტი და კალორიკე - და ორი დიაკონი დაადგინა. ქალაქში აპოლინარის მოღვაწეობის 12 წლის მანძილზე მართლმორწმუნეთა რიცხვი სულ უფრო და უფრო მატულობდა. შეშინებულმა წარმართმა ქურუმებმა მმართველ სატურნინესთან დაასმინეს და სამსჯავროს წინაშე წარადგინეს მწყემსმთავარი და სასტიკად აწამეს. როცა ჩათვალეს, რომ წმიდანს სული აღმოხდა, მტარვალებმა ქალაქგარეთ გაიტანეს მისი ცხედარი და ზღვის ნაპირას დააგდეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ნეტარი ცოცხალი იყო. იგი ერთმა კეთილმსახურმა ქვრივმა შეიფარა, მოასულიერა და უწამლა. მის სახლში წმიდა მღვდელმთავარი ექვსი თვის მანძილზე იმყოფებოდა და ქადაგებდა ქრისტეს სარწმუნოებას. აპოლინარის ადგილსამყოფელი მაშინ გაცხადდა, როცა მან ქალაქის დიდგვაროვანს ბონიფანტეს მეტყველების უნარი დაუბრუნა. ამ სასწაულმა მრავალი წარმართი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნებაზე, წმიდანი კი კვლავ სამსჯავროზე წარადგინეს და წამება დაუწყეს - აიძულებდნენ, ფეხშიშველა მდგარიყო გავარვარებულ ნაღვერდალში. მღვდელმთავარს ქადაგება არ შეუწყვეტია მანამ, სანამ უღმრთოებმა ქალაქიდან არ განდევნეს. გარკვეული ხნის განმავლობაში წმიდანი იტალიაში იმყოფებოდა და კვლავინდებურად განაგრძობდა სახარების სწავლებას. ამ დროს რავენის ეკლესიას ხუცესი კალორიკე განაგებდა. სამწყსოსთან დაბრუნებული აპოლინარე კვლავ დაატუსაღეს, ქალაქიდან გაძევება მიუსაჯეს და მძიმე ბორკილებით შებოჭილი აიყვანეს გემზე, რომელიც დუნაის გავლით ილარიისკენ მიემართებოდა.

გადასახლებამდე მისი ჩაყვანა ორ მეომარს მიანდეს. დევნილ ეპისკოპოსს სამი ღვთისმსახური ნებით გაჰყვა ქალაქიდან. გზაში ხომალდი დაიღუპა და ყველა მგზავრი დაიხრჩო, გადარჩა მხოლოდ აპოლინარი, მისი თანმხლები სამი ღვთისმსახური და ორი მცველი. წმიდა მღვდელმთავრის ქადაგების გავლენით მეომრებმა ირწმუნეს ქრისტე და მოინათლნენ. მგზავრები მიზიაში ჩავიდნენ. აქ აპოლინარმა კეთრისგან განკურნა ერთი დიდებული მოქალაქე, მადლიერებით აღვსილმა, შეიფარა თავისი მხსნელიც და მისი თანმხლებნიც. წმიდა მამა დაუცხრომლად ქადაგებდა მაცხოვრის სწავლებას და მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტიანობაზე, რისთვისაც უსჯულოებმა დევნა დაუწყეს. მათ უმოწყალოდ გვემეს ნეტარი, შემდეგ კი იტალიისკენ მიმავალ ხომალდზე აიყვანეს და უკანვე გაგზავნეს. სამი წლის იძულებითი განშორების შემდეგ მართლმადიდებლობის ერთგული მსახური ისევ დაუბრუნდა თავის სამწყსოს, რომელმაც სიხარულით მიიღო იგი, მაგრამ წარმართები კვლავ შფოთავდნენ: ისინი თავს დაესხნენ ტაძარს, მლოცველები დაფანტეს, თავად აპოლინარი კი ქურუმებთან, აპოლონის საკერპოში წაიყვანეს. როგორც კი ნეტარმა ბომონში ფეხი შესდგა, კერპი ჩამოვარდა და დაიმსხვრა. გაავებულმა წარმართებმა აპოლინარი ოლქის ახალ მმართველ ტაბრუსთან მიიყვანეს. აქ მან კიდევ ერთი სასწაული აღასრულა - მმართველის ბრმადშობილი ვაჟი განკურნა. ტაბრუსი შეეცადა, გამხეცებული ბრბოსაგან დაეფარა უფლის რჩეული და იგი ქალაქგარეთ გაგზავნა, თავის მამულში. აქ მმართველის ცოლ-შვილი მოინათლა. თავად ტაბრუსმა იმპერატორის შიშით ვერ გაბედა ნათლისღება, მაგრამ კეთილისმყოფელს კი სიყვარულითა და მადლიერებით ეპყრობოდა. 4 წელი ცხოვრობდა აპოლინარი მმართველის მამულში. წარმართმა ქურუმებმა იმპერატორ ვესპასიანეს მიმართეს თხოვნით, სიკვდილით დაესაჯა ქრისტიანთა „ქურუმი“. მაგრამ ვესპასიანემ არ მიიღო საჩივარი და მომჩივანებს შეუთვალა რომ: „ღმერთებს საკმაო ძალა გააჩნიათ იმისთვის, რომ შური იძიონ, თუ თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ“.

კერპთმსახურების მრისხანება მაინც დაატყდა თავს წმიდა მამას: ისინი თავს დაესხნენ ქალაქიდან მახლობელი დაბისკენ მიმავალს, და სასტიკად გვემეს. ქრისტიანებმა ნეტარი მამა უკვე სულთმობრძავი იპოვეს და ჩაიყვანეს დაბაში, სადაც 7 დღე იწვა სასიკვდილო სარეცელზე. ბოლოს მოწამემ მღვდელმთავრული კურთხევით დალოცა ირგვლივ მყოფნი და სული უფალს შეჰვედრა. წმიდა აპოლინარი 28 წლის მანძილზე განაგებდა რავენის ეკლესიას და მიიცვალა ქრისტეს შობიდან 75 წელს.