| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
მოციქულთასწორი, მენელსაცხებლე მარიამ მაგდალინელი
#წმინდათა ცხოვრება მოციქულთასწორი, მენელსაცხებლე მარიამ მაგდალინელი გენესარეთის ტბის პირას, კაპერნაუმსა და ტიბერიადას შორის მდებარე პატარა ქალაქ მაგდალაში დაიბადა და აღიზარდა. საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, იგი მშვენიერი და მომხიბლავი იყო, თუმცა ყმაწვილქალობაში თავშეუკავებული ქცევით გამოირჩეოდა. სახარება გვამცნობს, რომ მომავალ წმიდანში შვიდი ეშმაკი ბუდობდა (ლკ. 8.2; მკ.16,9). მას შემდეგ რაც იესო ქრისტემ სნეული მარიამი განკურნა, იგი ღვთაებრივი სიყვარულით აენთო და მაცხოვრის ერთგული მოწაფე და მიმდევარი გახდა. მარიამ მაგდალინელი თან ახლდა მაცხოვარს, როცა იგი მოციქულებთან ერთად იუდეისა და გალილეის ქალაქებსა და დაბებში მოგზაურობდა სახარების ქადაგებით. როგორც ჩანს, ლუკა მახარობელი მასაც გულისხმობს იმ დედებში, რომლებიც თან გაჰყვნენ მაცხოვარს გოლგოთაზე, „ეტყებდეს და სტიროდეს მას“ (ლკ.23,27). მარიამ მაგდალინელი ღვთისმშობელთან და მოციქულ იოანესთან ერთად მოძღვრის გვერდით იდგა მაშინაც, როცა მას-ჯვარცმულსა და დამცირებულს - ყველა მოწაფე შემოეფანტა. მახარებლები ჯვართან მდგომელთა შორის ასახელებენ აგრეთვე მარიამს-მოციქულ იაკობ მცირის დედას, სალომეას და სხვა ქალებს., რომლებიც გალილეში დაემოწაფნენ ქრისტეს, მაგრამ ყველანი პირველად მარიამ მაგდალინელს იხსენიებენ (მთ. 55-56; მკ.15-40-41; ლკ. 23;49; ინ.19;25). ეს ნათლად მეტყველებს იმაზე, თუ როგორ გამოირჩეოდა იგი მაცხოვრის თანმხლებ დედათა შორის. სიყვარულითა და მადლიერებით აღვსილი მარიამი სხვა დედებთან ერთად, ნელსაცხებლებით ხელში გაეშურა მოძღვრის წმიდა ცხედრისათვის უკანასკნელი პატივის მისაგებად. მარიამმა აქაც გაუსწრო ყველას. ჯერ კიდევ „ვიდრე ბნელღა იყო“, მიეახლა აკლდამას და ჰპოვა „ლოდი იყო გარდაგორვებული საფლავსა მისგან“; გაოცებულმა და შეშინებულმა, სირბილით მიმართა იესოს ორ უახლოეს მოწაფეს- სიმონ-პეტრესა და იოანეს და მაცხოვრის ცხედრის გაუჩინარება ამცნო. მოციქულებმა ისწრაფეს საფლავისაკენ, იხილეს „ტილონი იგი მდებარები და სუდარი იგი... თვისაგან შეკეცილი ერთსა ადგილსა“, შეძრწუნდნენ და განერიდნენ იქაურობას, მარიამი კი „დგა გარეშე საფლავსა მას თანა და ტიროდა“. აცრემლებულმა კიდევ ერთხელ შეიხედა გამოქვაბულში - სურდა დარწმუნებულიყო, რომ ის ნამდვილად ცარიელი იყო, და აი, მაშინ უფალმა სულიერი თვალები აუხილა ნეტარს - მან „იხილა ორნი ანგელოზნი, სპეტაკითა მოსილნი, მსხდომარენი ერთი თავით და ერთი ფერხით, სადა-იგი იდგა გუამი უფლისა იესუისი“. მათ კითხვაზე: „დედაკაცო რას სტირ?“ მარიამმა იმავე სიტყვებით უპასუხა, რომლითაც სულ ცოტა ხნის წინ პეტრეს და იოანეს მიმართა: „აღიღეს უფალი ჩემი საფლავით და არა უწყი, სადა დადვეს იგი“. შემდეგ შებრუნდა და „იხილა იესუ მდგომარე“, მაგრამ ვერ იცნო-მებაღე ეგონა და თხოვნით მიმართა: „უფალო, უკუეთუ შენ აღიღე იგი, მითხარ მე, სადა დასდევ, და მე წარმოვიღო იგი“. მაცხოვარმა დამწუხრებულ ქალს დაუძახა: „მარიამ!“ იცნო მარიამმა მაცხოვრის უტკბილესი ხმა, აღტაცებით შესძახა: „რაბბუნი!“ (მოძღვარო) „და მირბიოდა შემთხუევად მისა“. მაგრამ ქრისტემ უთხრა: „ნუ შემომეხები მე, რამეთუ არღა აღსრულ ვარ მამისა ჩემისა; წარვედ ძმათა ჩემთა და არქუ მათ: აღვალ მამისა ჩემისა და მამისა თქუენისა, ღმრთისა ჩემისა და ღმრთისა თქუენისა“. სიხარულით გაოგნებული და აღფრთოვანებული მარიამი გონს მოეგო, კვლავ გაიქცა მოციქულებსაკენ, „რომელნი იგლოვდეს და ტიროდეს“ და ახარა „რამეთუ ცხოველ არს და ეჩუენა“ უფალი. ეს იყო აღდგომის პირველი ქადაგება ამქვეყნად: მოციქულებს მთელი სამყაროსათვის უნდა ეხარებინათ, მან კი თავად მოციქულებს ახარა... წმიდა გადმოცემა მოგვითხრობს, რომ სულიწმიდის მადლით აღვსილმა მოციქულებმა დატოვეს იერუსალიმი და ქვეყნის სხვადასხვა კუთხეს მიაშურეს საქადაგებლად, მარიამ მაგდალინელი რომში ჩავიდა. მან მთელი იტალია მოიარა სახარების ქადაგებით, ტიბერიუს კეისრის (14-37 წწ.) კარზეც შეაღწია და ძღვნად წითელი კვერცხი მიართვა. სწორედ მარიამ მაგდალინელისაგან მომდინარეობს აღდგომის დღესასწაულზე წითლად შეღებილი კვერცხების მირთმევის ტრადიცია. მენელსაცხებლე დედა განაგრძობდა თავის მოციქულისებრ ღვაწლს იტალიასა და რომში. უნდა ვივარაუდოთ, რომ სწორედ მას გულისხმობს პავლე მოციქული რომაელთა მიმართ ეპისტოლეში, როცა წერს: „კითხვაი არქუთ მარიამს, რომელ იგი ფრიად დაშურა ჩუენდა მიმართ“ (16:6). წმიდა მარიამმა ეფესოში შეჰვედრა სული უფალს და იქვე მიაბარეს მიწას. მისი უხრწნელი ნაწილები IX საუკუნეში გადაასვენეს ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქ კონსტანტინოპოლში და წმიდა ლაზარეს სახელობის ტაძარში დააბრძანეს. ჯვაროსნული ლაშქრობების დროს ეს სიწმიდე იტალიაში გადაიტანეს და რომში, იოანე ლატერანის ტაძრის საკურთხევლის ქვეშ დაკრძალეს. ნაწილი ნეტარი დედის წმიდა ნაწილებისა საფრანგეთში, მარსელის მახლობლად, მისი სახელობის ტაძარშია დასვენებული. |