| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
ღირსი სვიმეონი, ქრისტესათვის სალოსი და მისი თანამმარხველი იოანე
#წმინდათა ცხოვრება ღირსი სვიმეონი, ქრისტესათვის სალოსი და მისი თანამმარხველი იოანე, სირიელები იყვნენ და ქალაქ ედესაში ცხოვრობდნენ VI საუკუნეში. ისინი სიყრმიდანვე მეგობრობდნენ. უფროსი - სვიმეონი უცოლო იყო და უკვე ხანში შესულ დედასთან ერთად ცხოვრობდა, ახალდაოჯახებულ იოანეს კი მამა და ახალგაზრდა ცოლი ჰყავდა შინ. როცა სვიმეონს 30, ხოლო იოანეს კი 24 წელი შეუსრულდა, მათ წმიდა ქალაქ იერუსალიმში იმოგზაურეს. წმიდა ადგილების მოლოცვამ და იქაურ მონასტერთა სიმრავლემ მათში ბერული მოღვაწეობის სურვილი გააღვიძა. მეგობრებმა შინ გაუშვეს მსახურები, თვითონ კი მდინარე იორდანეს სანაპიროზე გაშენებული მონასტრებისკენ გაემართნენ. სვიმეონმა და იოანემ ღმერთს შესთხოვეს, მიენიშნებინა მათთვის, რომ სავანე აერჩიათ და გადაწყვიტეს, იმ მონასტერში შესულიყვნენ, რომლის კარებიც ღია დახვდებოდათ. ამ დროს უფალმა ერთ-ერთი სავანის იღუმენს, ნიკონს ძილში ამცნო, გაეღო მონასტრის კარები. წმიდა მეგობრები მიადგნენ მონასტრის ღია კარებს. ღვთის ნებით მოძღვარმა სიხარულით მიიღო ისინი. საღვთო შურით ანთებული მეგობრები მონასტრულმა ცხოვრებამ ვერ დააკმაყოფილა: მათ აღეძრათ სურვილი, უდაბდოს სიღრმეში შესულიყვნენ და იქ ეღვაწათ განმარტოებით. იღუმენ ნიკონს ღმერთმა განუცხადა თანამოსაგრეთა განზრახვა: სწორედ იმ ღამეს, როცა ისინი სავანის დატოვებას აპირებდნენ, კვლავ გააღო კარიბჭე, შემდეგ მათთან ერთად ილოცა და მძიმე ღვაწლს შემდგართ ლოცვა-კურთხევა გააყოლა. სვიმეონსა და იოანეს მტკიცედ ახსოვდათ აღკვეცისას დადებული აღთქმა. ისინი გამუდმებით ლოცულობდნენ, მკაცრად მარხულობდნენ, შრომობდნენ და ერთმანეთს განამტკიცებდნენ ცდუნებებთან ბრძოლაში. გარკვეული ხნის შემდეგ მამებს ზეგარდმო ეუწყათ, რომ სვიმეონის დედა და იოანეს მეუღლე სასუფევლის ნეტარებას ეზიარნენ. მოსაგრეებმა კიდევ 29 წელი იცხოვრეს უდაბნოში. სვიმეონს, უფლის ნებით, დაებადა აზრი, რომ ისინი მოყვასის სამსახურში უნდა ჩამდგარიყვნენ, რისთვისაც აუცილებელი იყო ერში გასვლა; მაგრამ წმიდა იოანემ ჩათვალა, რომ ჯერ კიდევ არ იყო ამაღლებული უვნებლობის ამ ხარისხამდე და ამიტომ უდაბნოს ვერ დატოვებდა. სვიმეონი იერუსალიმისკენ გაეშურა და თაყვანი სცა უფლის ცხოველმყოფელ საფლავსა და სხვა სიწმიდეებს. საოცარი თავმდაბლობის გამო იგი მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს, ღირსი გაეხადა მოყვასის იმგვარი მსახურებისა, რომ მათგან განდიდება არ დაემსახურებინა. წმიდა მამამ ქრისტესათვის სალოსობა ირჩია. ქალაქ ემესაში ჩასული ნეტარი შეშლილივით იქცეოდა, უცნაური საქციელის გამო მრავალთაგან ითმენდა დაცინვას, ლანძღვა-გინებას, გვემას... მაგრამ თავისი შეურაცხმყოფელებისათვის უამრავ სიკეთეს აკეთებდა. გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე სვიმეონი ქალაქიდან გაუჩინარდა. ემესელმა მდაბიოებმა, რომლებიც მეგობრობდნენ წმიდანთან, ქოხში მიაკითხეს მას და იქვე ნახეს აღსრულებული. სწორედ მათ მიაგეს უკანასკნელი პატივი უფლის სათნომყოფელს: საეკლესიო გალობის გარეშე წაასვენეს იგი მწირთა და უსახლკაროთა სასაფლაოზე და მიაბარეს მიწას. როცა ნეტარის ცხედარს მიასვენებდნენ, ქალაქის ზოგ მკვიდრს საკვირველი, არაამქვეყნიური ტკბილი გალობა ესმოდა, მაგრამ ვერ ხვდებოდა, საიდან მოდიოდა იგი. მალე უდაბნოში მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს ღირსმა იოანემაც. |