მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა ილია მართალი
#წმინდათა ცხოვრება

საქართველოს უგვირგვინო მეფე და ერის მამა ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე 1837 წლის 27 ოქტომბერს (ძველი სტილით) დაიბადა კახეთში, სოფელ ყვარელში. პირველდაწყებითი განათლება მან ოჯახში მიიღო: დედამ შეასწავლა წერა-კითხვა, ლოცვები, საღვთო ისტორია. რვა წლის ილია ყვარლის მთავარდიაკონ ნიკოლოზ სეფაშვილისათვის მიუბარებიათ. მასთან გატარებულმა სამმა წელმა წარუშლელი კვალი დატოვა წმიდანის ცხოვრებაში. ილიამ სწავლა ჯერ თბილისის კერძო პანსიონში, შემდეგ კი კეთილშობილთა გიმნაზიაში გააგრძელა, მშობლები მას ადრე გარდაეცვალა და დაობლებული ოჯახის მეურვეობა მამიდა მაკრინემ იტვირთა.

ოჯახის ხელმოკლეობა და სამშობლოსთან მოსალოდნელი განშორებით გამოწვეული სევდა ხელს უშლიდა ილიას, მაგრამ რწმენამ იმისა, რომ სამშობლოს ერთგული, თავდადებული და განათლებული შვილები სჭირდებოდა, ყველა დაბრკოლება გადაალახვინა და 1857 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ილია ძალიან ბევრს კითხულობდა, განსაკუთრებით ძველი ქართული წიგნებით იყო დაინტერესებული. აკადემიური მოსწრებაც ძალიან მაღალი ჰქონდა, მაგრამ ილიას იურიდიული განათლების ოფიციალური მოწმობა არ აინტერესებდა. მან მეოთხე კურსიდან მიატოვა სწავლა და 1861 წელს ღრმად და მრავალმხრივ განსწავლული დაბრუნდა საქართველოში.

„რას ვეტყვი მე ჩემს ქვეყანას ახალს და რას მეტყვის იგი მე?... შევძლებ კი, რომ მას ღვიძლი სიტყვა ვუთხრა და ამ სიტყვით გულისტკივილი მოვურჩინო, დავრდომილი აღვადგინო, უნუგეშოს ნუგეში მოვფინო, მტირალს ცრემლი მოვწმინდო, მუშაკს შრომა გავუადვილო?“ - ეკითხებოდა 24 წლის ყმაწვილი თავის თავს. ამის შემდეგ არ ყოფილა არც ერთი დღე, არც ერთი წუთი, რომ მას საქართველოსთვის არ ეფიქრა. საჭირო იყო ერის გამოღვიძება, მართალი სიტყვის თქმა... ილიაც არ ერიდებოდა მწარე მხილებას.

ილიას მიაჩნდა, რომ „როგორც კაცად არ იხსენიება ის მაწანწალა“, რომელსაც „აღარ ახსოვს ვინ არის, საიდან მოდის და სად მიდის, ისე არად სახსენებელი არ არის იგი, რომელსაც... თავისი ისტორია არ ახსოვს“, ამიტომაც ახსენებდა თანამემამულეებს წარსულ დიდებას, ქართველთა თავდადებას რწმენისა და მამულის დასაცავად: „რა არ გადაგვხედია თავს, რა მტრები არ მოგვსევიან, რა ვაივაგლახი, რა სისხლის ღვრა, რა ღრჭენა კბილთა არ გამოგვივლია, რა წისქვილის ქვა არ დატრიალებულა ჩვენს თავზედ და ყველას გავუძელით, ყველას გავუმაგრდით. შევინახეთ ჩვენი თავი, შევირჩინეთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მიწა-წყალი. ლანგ-თემურებმა ჩვენს საკუთარ სისხლში გვაბანავეს და მაინც დავრჩით და გამოვცოცხლდით. შაჰ-აბაზებმა ჩვენის კბილით გვაგლეჯინეს ჩვენი წვრილ-შვილნი და მაინც გამოვბრუნდით, მოვსულიერდით, აღა-მაჰმად-ხანებმა პირქვე დაგვამხეს, ქვა ქვაზედ არ დაგვიყენეს, მოგვსრეს, მოგვჟლიტეს და მაინც ფეხზედ წამოვდექით, მოვშენდით, წელში გავსწორდით. გავუძელით საბერძნეთს, რომსა, მონღოლებს, არაბებს, ოსმალ-თურქებს, სპარსელებს, რჯულიანს და ურჯულოს და დროშა ქართველობისა, სუბის წვერით, ისრით და ტყვიით დაფლეთილი, ჩვენს სისხლში ამოვლებული, ხელში შევირჩინეთ, არავის წავაღებინეთ, არავის დავანებეთ, არავის შევაგინებინეთ. ცოდვა არ არის ეს დროშა ახლა ჩრჩილმა შეჭამოს, თაგვმა დაგვიჭრას?... დრო-ჟამი ამას გვიქადის“(„რა გითხრათ? რით გაგახაროთ?“)...

ეროვნული ინტერესები ამოძრავებდა ილიას, ისტორიკოსის ფუნქციები ეკისრა: მატიანეებს უღრმავდებოდა, ეძიებდა, იკვლევდა და საქართველოს მტრებს, მისი ღირსების შემლახველებს, ისტორიის ფალსიფიკატორებს ღირსეულ პატივს სცემდა. ამ მხრივ აღსანიშნავია მისი წერილების ციკლი „აი ისტორია“ და „ქვათა ღაღადი“. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მიმდინარე ცხოვრების ამსახველ „შინაურ მიმოხილვებსაც“ - „ივერიის“ საპროგრამო წერილებს, რომელთაც ილია მიზნად უსახავდა „ჩვენის დაცემულის ვინაობის აღდგენას, ფეხზედ დაყენებას და დაცვას ყოველის მოსალოდნელის ფათერაკისაგან“.

დიდი ქართველი მოღვაწე ხშირად იმეორებდა: „რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს“. იგი ზრუნავდა ენის სიწმინდისათვის, იბრძოდა მისი უფლებების დასაცავად სკოლებში. 1881 წელს, როცა კავკასიის სასწავლო ოლქის უმაღლესმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა ქართული ენის გაძევება სკოლებიდან, მან სტატიაში „ბ-ნ იანოვსკის წერილისა გამო“ დაასაბუთა, რომ „უდედა-ენოდ გონების გახსნა ბავშვისა შეუძლებელია, მაშინ სკოლა გონების გახსნის სახსარი კი არ არის... გონების დახშვისაა... დათრგუნვისაა...“ ამ გამოსვლამ შედეგიც გამოიღო, ის მინიმალური უფლებები, რომლებიც ქართულ ენას შეუნარჩუნდა სკოლებში, სხვა ქართველ მოღვაწეებთან ერთად ილიას ბრძოლის შედეგიც იყო.

ილიამ ჩაუდგა სული ბევრ სხვა ეროვნულ საქმესაც: მან დააარსა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ძველ ქართულ ხელნაწერთა და სიძველეთა საცავი, საფუძველი დაუდო ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშთა შეგროვებას. ის იყო ერთ-ერთი ინიციატორი ქართული საადგილმამულო ბანკის დაარსებისა, რომელმაც ქვეყანა დაიცვა უცხო კაპიტალის მიერ დაპყრობისაგან.

ჯერ კიდევ თავისი მოღვაწეობის დასაწყისში განაცხადა ილია მართალმა: „სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათაც არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსცემთ შთამომავლობას?“ მას საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისათვის მებრძოლთა რიგებშიც ვხედავთ: 1905 წლის ოქტომბერში დასწრებია წმიდა ნიკოლოზის ეკლესიის სასწავლებლის შენობაში გამართულ სამღვდელოების კრებას, რომელიც საქართველოს ეკლესიის ავტონომიის საკითხს მიეძღვნა, მეთაურობდა საზოგადო მოღვაწეთა ჯგუფს, რომელმაც კავკასიის მეფისნაცვალს მიმართა თხოვნით, მხარი დაეჭირა ქართველთა ბრძოლისათვის ავტოკეფალიის დასაბრუნებლად.

ილიას მოღვაწეობა იმდენად აღიზიანებდა და აშინებდა ეკლესიისა და ყოველგვარი ეროვნულის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილი სატანური მოძღვრების გზააბნეულ მიმდევრებს, რომ ილიას ფიზიკურად მოსპობა განიზრახეს... 1907 წლის 30 აგვისტოს თბილისიდან საგურამოს მიმავალი ეტლი, რომელშიც ილია და მისი მეუღლე ოლღა გურამიშვილი იმყოფებოდნენ, წიწამურის ტყესთან შედგა. თოფის გრიალმა შეძრა დადუმებული გარემო. ილია ზეზე წამოიჭრა: „შესდექით, უბედურნო, ილია ვარ!“ - დაიძახა, მაგრამ ბერდანის ტყვიამ გაუჩერა ქრისტესა და სამშობლოს სიყვარულით აღვსილი გული.

მთელი საქართველო დასტიროდა წმიდა ილიას ცხედარს.

კავკასიის სამხედრო სასამართლომ ილიას მკვლელებს ჩამოხრჩობა  მიუსაჯა. თბილისის გენერალ-გუბერნატორს მკვლელების შეწყნარების თხოვნით მიმართა თვით ილიას ქვრივმა ოლღა გურამიშვილმა: „მე ღრმად მწამს, ის, რომ  ჩემი ქმარი ცოცხალი იყოს, შეუნდობდა მათ, რომელთაც სასიკვდილოდ გაიმეტეს იგი და თავის უბედურ, გზააბნეულ ძმებად მიიჩნევდა... მე თითქოს იმისთვის დავრჩი ამასოფლად, რათა დავაბოლოო ის ღვაწლი კაცთა მიმართ მხურვალე სიყვარულსა, რომელსაც ჩემმა ქმარმა მთელი თავისი სიცოცხლე შესწირა - შეუნდო იმ უბედურს, გზააბნეულ მოყვასთ, რომელთაც თვით ის შეუნდობდა. ჩემი დღეები დათვლილია, ამჟამად თქვენგანაა დამოკიდებული მოიქცეთ ისე, რომ სიციცხლის აღსასრულის ჟამს ვიგრძნო უმაღლესი ნეტარება, რომელსაც ადამიანის სულს ძალუძს მიაღწიოს ამ წუთისოფელში - შეერთება ღმერთთან, რომელიც განიცადა ქრისტემ, როცა ჯვარზე განრთხმული, სიკვდილის ჟამს, ღვთიური სიყვარულის შუქით განათლებული, ევედრებოდა შემოქმედს შემდობას იმ მტრებისას, „რამეთუ არა იციან, რასა იქმან“.

19867 წელს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა განიხილა ილია ჭავჭავაძის ღვაწლი ერისა და ეკლესიის წინაშე და განაჩინა: „ილია ჭავჭავაძე შერაცხილ იქნას წმიდანად და ეწოდოს მას ილია მართალი“.