| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა მაკრინე
#წმინდათა ცხოვრება წმიდა მაკრინე მღვდელმთავრების, ბასილი დიდისა (ხს. 1 იანვარს) და გრიგოლ ნოსელის (ხს.10 იანვარს) და კაბადოკიაში დაიბადა IV საუკუნის დასაწყისში. მათმა დედამ, წმიდა ემილიამ (ხს. 1 იანვარს) ძილში იხილა უფლის ანგელოზი, რომელმაც ჯერ კიდევ საშოში მყოფ ჩვილს პირველმოწამე თეკლას სახელი უწოდა. ემილიამ აღასრულა უფლის ნება-პირმშო ასულს, მართლაც თეკლა დაარქვა, მაგრამ ნათესავები და ახლობლები მას მაკრინეს ეძახდნენ, იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის მმართველობის (305-311 წწ.) დროს ქრისტეს აღსარებისათვის დევნილი ბებიის პატივსაცემად. ღვთისმოშიშ მშობელს მოწამე, იმდროინდელი ტრადიციის თანახმად, ძველ ბერძნულ მეცნიერებაში და მითოლოგიაში კი არ განუსწავლია, არამედ სოლომონის სიბრძნიდან, დავითის ფსალმუნებიდან და საღვთო წერილის სხვა წიგნებიდან ამოკრებილ ადგილებს ასწავლიდა, რომლებშიც მოცემული იყო ლოცვა-ვედრება, ქება უფლისა და ზნეობრივი სწავლებანი. ყოველ წამს მაკრინე შესაბამის ლოცვებს აღავლენდა გალობით, ლოცვის გარეშე არანაირ საქმეს არ იწყებდა და არ ამთავრებდა, დილა-საღამოს საეკლესიო მსახურებას ესწრებოდა, კითხულობდა საღვთო წიგნებს; მეოჯახეობა და სხვადასხვა ხელსაქმეც ჰქონდა შეთავსებული. ასე რომ, ბავშვური გართობისათვის დრო არც რჩებოდა. 12 წლის იყო წმიდანი, როცა ღირსეულ ყმაწვილზე დაწინდეს, მაგრამ, ღვთის ნებით, ჯვრისწერამდე ცოტა ხნით ადრე საქმრო გარდაეცვალა. ამის შემდეგ ნეტარმა გადაწყვიტა, სამუდამოდ დაემარხა ქალწულება, თუმცა მრავალი დიდებული ჭაბუკი სთხოვდა ხელს. მამის სიკვდილის შემდეგ მაკრინე ერთგულად ამოუდგა დედას მხარში: ნუგეშს სცემდა დაქვრივებულს, უძღვებოდა საოჯახო მეურნეობას, უკანასკნელი მხევალივით აღასრულებდა ყოველგვარ საქმეს, ზრუნავდა და-ძმების აღზრდა-განათლებასა და ზნეობრივ სრულყოფაზე. ათენში სასწავლებლად გაგზავნილი წმიდა ბასილი შინ რამდენადმე გაამაყებული დაბრუნდა, რამაც შეაშფოთა წმიდა მაკრინე და გულმოდგინედ დამოძღვრა იგი; შეაგონებდა, ყოველგვარი ნიჭი და უნარი მხოლოდ უფლის სადიდებლად გეძლევაო. დის რჩევა-შეგონებამ ძლიერ იმოქმედა წმიდა ბასილზე, არანაკლები გავლენა იქონია წმიდანმა წმიდა გრიგოლზე, რომელიც შემდეგ ნოსის ეპისკოპოსი გახდა, ასევე - ნავკრატიუსზე, რომელმაც მოსაგრის ცხოვრება იტვირთა, უდაბნოში განმარტოვდა და ადრე მიიცვალა; და ნაბოლარა წმიდა პეტრეზე (შემდგომ სებასტიელ მღვდელმთავარზე). როცა მაკრინეს დები გათხოვდნენ, ძმები კი სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდნენ, წმიდა ქალწულმა დედა ამსოფლიდან განდგომაზე დაითანხმა. ემილიამ მონა-მხევლები გაათავისუფლა, მცირეოდენი ქონება დაიტოვა და ასულთან ერთად პონტოში, მდინარე ირისას ნაპირზე, ბასილი დიდის სამოღვაწეო ადგილის სიახლოვეს მდებარე საოჯახო მამულს მიაშურა. დედა-შვილს თან გაჰყვა ზოგიერთი მხევალთაგანი, რომელთაც მათი დატოვება არ ისურვეს, და რამდენიმე კეთილმსახური ქალი. აქ ისინი მონაზვნებად აღიკვეცნენ, კრძალულად ცხოვრობდნენ, ერთად ლოცულობდნენ, ერთად შრომობდნენ, სწავლობდნენ წმიდა წერილს, ყველაფერი საერთო ჰქონდათ, ერთმანეთისგან არაფრით განირჩეოდნენ და გულმოდგინედ ემორჩილებოდნენ თავიანთ წინამძღვარს. მაკრინე მკაცრი და მომთხოვნი იყო საკუთარი თავის მიმართ, სხეულს განსვენების ნებას არ აძლევდა. ერთხელ წმიდანს მკერდზე დიდი ხორცმეტი გაუჩნდა, იგი თანდათან იზრდებოდა, შესაძლო იყო გულსაც შეხებოდა, საჭირო იყო ქირურგიული ჩარევა; მაგრამ წმიდანმა მკურნალის წინაშე სხეულის სიშიშვლის გამოჩენას ტანჯვა არჩია. წმიდა ქალწული მხოლოდ უფლისგან ითხოვდა შეწევნას: ღმერთმაც შეისმინა მისი ვედრება და სასწაულებრივად განიკურნა. წმიდა მაკრინეს ლოცვებით სხვა მრავალი სასწაულიც აღესრულებოდა: შიმშილობის დროს ხორბალი მრავლდებოდა, ადამიანები სულიერ და ხორციელ სნეულებათაგან მსწრაფლ ინკურნებოდნენ. წმიდანს ჰქონდა დაფარულის განჭვრეტისა და წინასწარხედვის ნიჭიც. წმიდა ემილია ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალა. ცხრა წლის შემდეგ კი სასიკვდილო სარეცელს მიეჯაჭვა წმიდა მაკრინეც. სიკვდილის წინ იგი ძმამ- გრიგოლ ნოსელმა მოინახულა. დაუძლურებული ღირსი დედა იატაკზე იწვა და ძველი კონკები ეფარა. მისი გონება ზეცად იყო ამაღლებული, საოცარი მადლო მოჰყვებოდა მის ყოველ სიტყვას... გრიგოლ ნოსელი ნატრობდა, დიდხანს გაგრძელებულიყო დღე, რომ არ დასრულებულიყო ის ნეტარება, რომელსაც დასთან საუბრის დროს განიცდიდა. ჩუმი და მშვიდი იყო მაკრინეს მიცვალება. საოცარი თავმდაბლობით აღსავსემ, უფალს შესთხოვა: „მომიხსენე მე უფალო, სასუფეველსა შენსა, ვითარცა შენი მსასოებელი ავაზაკი მოიხსენე, შემინდე შეცოდებანი ჩემნი, საქმითნი, სიტყვითნი და გონებითნი“, პირჯვარი გადაისახა და სული უფალს შეჰვედრა. (380 წ.). უსაზღვრო იყო დების მწუხარება - ყველას დედასავით უყვარდა ნეტარი. როცა წმიდა გრიგოლმა იკითხა, ჰქონდა თუ არა მიცვალებულს ახალი ტანსაცმელი, მოწესეებმა უპასუხეს, სიკვდილის დღისთვის მას არაფერი შემოუნახავსო: „ყველაფერს გლახაკებს აძლევდა. აი, ძველი ჯვალო; აი, საკერებლებიანი ანაფორა და გაცრეცილი მანტია - სხვა არაფერი ჰქონია, მაგრამ ფრიადი განძი დაიუნჯა ცათა შინა“. |