მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი პამვა
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი პამვა, ეგვიპტეში, ნიტრიის უდაბნოში მოსაგრეობდა IV საუკუნეში. როგორც ჩანს, იგი დაბალი ფენის წარმომადგენელი იყო - სიყმაწვილეში განათლება არ მიუღია: როცა ამსოფლის ამაო ცხოვრებიდან განდგომა განიზრახა, მან ერთ ბერს სთხობა, ფსალმუნთა შესწავლაში დახმარებოდა, რადგან თავად წერა-კითხვა არ იცოდა. 38-ე ფსალმუნის სიტყვებმა: - „ვთქუ: ვიმარხნე გზანი ჩემნი, რაითა არა ვცოდო ენითა ჩემითა“, - ისე შეძრა ნეტარი, რომ იმ დროიდან მოყოლებული მდუმარების სიყვარული წმიდა მამის ერთ-ერთი უმთავრესი სათნოება გახდა.

წმიდა პამვამ მალე გაითქვა სახელი თავისი წმიდა ცხოვრებით. მთელი დღეების განმავლობაში იგი ხელსაქმით იყო დაკავებული - ჭილობებსა და კალათებს წნავდა. მუშაობის დროს მისი გონება გამუდმებით ლოცვითა და ღვთის განგებულებაზე ფიქრით იყო დაკავებული და სულ უფრო და უფრო ნათდებოდა ღვთაებრივი სიბრძნით. ღირსი მამა თბილად ხვდებოდა მასთან რჩევა-დარიგების მიღების მსურველებს და ცდილობდა, გულმოწყალება და მოყვასის სიყვარული ჩაენერგა მათთვის. თავმდაბალი მოსაგრე არ ენდობოდა თავის გონებას. ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც იგი მოსულებს ეუბნებოდა: „მე ჯერაც არ ვუწყი პასუხი თქვენს შეკითხვაზე“, ლოცვისათვის განმარტოვდებოდა და ზოგჯერ რამდენიმე დღის შემდეგ აკმაყოფილებდა მომსვლელთა სურვილებს. ერთხელ პამვას მახლობელ ქალაქში მოუხდა ყოფნა. აქ ნეტარს ერთი მდიდრულად ჩაცმული ცოდვილი ქალი გადაეყარა. წმიდანი მის დანახვაზე ატირდა. „რა გატირებთ მამაო?!“ - ჰკითხეს ბერებმა. მოსაგრემ მიუგო: „ორი რამ, ერთი - ამ ქალის წარწყმედა და მეორე - საკუთარი თავი. მე ისე არ ვზრუნავ საკუთარი სულის შემკობაზე, როგორც ეს ქალი თავის სხეულის მორთვა-მოკაზმვაზე. მე ნაკლებს ვაკეთებ უფლისთვის სათნოსაყოფად, ვიდრე იგი - ადამიანისათვის თავის მოსაწონებლად“.

ღირს პამვას ესტუმრა ერთი მდიდარი და ღვთისმოყვარე რომაელი ქალი - მელანია, რომელმაც უხვი შესაწირი - 300 ლიტრა ოქრო მიართვა. ფულისთვის არც შეუხედავს და მხოლოდ სტუმრის მხურვალე ვედრების შემდეგ უბრძანა იქვე მდგომ მოწაფეს, ლიბიაში და კუნძულებზე მოღვაწე მონაზვნებისათვის დაენაწილებინა ეს სიმდიდრე, რადგან მათი მიწები, ეგვიპტელთაგან განსხვავებით, უნაყოფო იყო. - „მამაო, - თქვა მელანიამ, - იცოდეთ, რომ აქ სამასი ლიტრა ოქროა!“ - „შვილო ჩემო, - მიუგო მოსაგრემ, - უფლისთვის ხომ არაფერია დაფარული... ეს ოქროები ჩემთვის რომ შეგეწირა, ჭეშმარიტად, მათი რაოდენობაც უნდა გეუწყებინა, მაგრამ შენ ხომ მას ღმერთს აძლევ, რომელმაც ქვრივის ორი ლეპტაც არ შეურაცხყო და ყველაზე ძვირი ძღვენივით შეიწირა“.

ღირსმა მამამ 70 წელი დაჰყო ამქვეყნად. პიმენი დიდის (ხს. 27 აგვისტოს) სიტყვებით, მის ცხოვრებაში სამი რამ იყო საცნაური: გამუდმებით მარხვა, მდუმარება და ხელსაქმე. მიუხედავად დაუცხრომელი მოშურნეობისა და სულიერების მწვერვალზე ამაღლებისა, მიცვალების წინ ნეტარმა მოწაფეებს ასე მიმართა: „ისე მივდივარ უფალთან, თითქოს ჯერ მის მსახურებას არ შევდგომოდე“.